უკრაინა მზადაა, დათანხმდეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და გააგრძელოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში | ზელენსკი

უკრაინა მზადაა, დათანხმდეს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და გააგრძელოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად ნებისმიერ ფორმატში – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა მხარს უჭერს აშშ-ის წინადადებას სრული, უპირობო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.

„ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე დარტყმები არ იქნება და, შესაბამისად, არ იქნება სარკისებური პასუხები.

…თუ ჩვენ მზად ვართ უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის – ეს ნიშნავს სიჩუმეს ზღვაზე, ცაში, ფრონტზე, ანუ ხმელეთზე – უკრაინა მზადაა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა მხოლოდ პუტინის სურვილზეა დამოკიდებული. ზელენსკის თქმით, აღდგომას ყველა მიხვდა, თუ ვინ იყო ომის ერთადერთი მიზეზი: როდესაც რუსეთს დარტყმების რაოდენობის შემცირება სურდა, მან ეს გააკეთა. თუმცა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთის არმიამ არ გამოიყენა შორი მოქმედების იარაღი, ბრძოლები ფრონტის ბევრ რაიონში გაგრძელდა, მიმდინარეობდა თავდასხმის ოპერაციები და გამოყენებული იყო FPV დრონები.

სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი უნდა იყოს. ამის შემდეგ, უკრაინა მზადაა, ნებისმიერ ფორმატში დაიწყოს მოლაპარაკებები რუსეთთან.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share