საქართველოში დამატებით, 9 საეკლესიო დღესასწაული შესაძლოა, უქმე დღედ გამოცხადდეს. საკანონმდებლო ორგანოს აღნიშნული საკანონმდებლო წინადადებით, თბილისის ანჩისხატის ტაძრის მგალობელ-მომღერალთა გუნდის რეგენტმა ზაალ წერეთელმა მიმართა.
„სამოქალაქო დასვენების დღეებში ყველა მორწმუნეს (დასაქმებულს თუ დაუსაქმებელს) შესაძლებლობა ეძლევა დაუბრკოლებლად მივიდეს ეკლესიაში, დაესწროს საზეიმო წირვას და მონაწილეობა მიიღოს ეკლესიის მიერ დადგენილ დღესასწაულში.
შესაძლოა დამატებით 9 დღე უქმედ გამოცხადდეს
თუმცა, ყურადღების მიღმაა დარჩენილი არაერთი უმნიშვნელოვანესი საეკლესიო დღესასწაული. შვიდი მათგანი განეკუთვნება თორმეტი საუფლო დღესასწაულის კატეგორიას, ხოლო ორი – მოციქულთა სწორის და დიდი წმინდანის ხსენების დღეა.
შესაბამისად, თუ ეს საზეიმო თარიღები, სამუშაო დღეს ემთხვევა, მოქალაქეები სამსახურის გამო ვერ ახერხებენ ეკლესიებში მისვლას და ღვთისმსახურებები თითქმის ცარიელ ტაძრებში აღესრულება,“ – აღნიშნულია პარლამენტისთვის წერეთლის მიერ გაგზავნილ წერილში.
უფრო კონკრეტულად, მოქალაქე ითხოვს რომ უქმე დღეებად გამოცხადდეს შემდეგი თარიღები:
ღვთისმშობლის შობა – 21 სექტემბერი;
ჯვართამაღლება – 27 სექტემბერი;
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანა – 4 დეკემბერი;
მირქმა – 15 თებერვალი;
ხარება – 7 აპრილი;
ამაღლება – აღდგომიდან მეორმოცე დღეს;
ფერისცვალება – 19 აგვისტო;
ნინოობა – 27 იანვარი;
ნიკოლოზობა – 19 დეკემბერი.