“სისტემა შეშინებულია და გადასულია ლაჩრულ საქციელზე” – ჩიქოვანი

“სისტემა შეშინებულია და გადასულია ლაჩრულ საქციელზე” – ამის თაობაზე ჟურნალისტმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა  მზია ამაღლობელის საქმეზე საუბრის დროს განაცხადა.

ჟურნალისტის შეფასებით, გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებელმა ამ პერიოდის განმავლობაში კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი ძლიერი პიროვნებაა, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ავტოკრატიის წინააღმდეგ იყენებს.

”სოლიდარობა და თავისუფლება მზია ამაღლობელს. 100 დღეზე მეტია ადამიანის ტყვეობა გრძელდება სრულიად დაუმსახურებლად. ეს საქციელი ჩვენ რომ ავწონ-დავწონოთ, ადამიანურად ჩემი შეფასება არის, რომ მზია ძლიერი პიროვნება, ძლიერი ჟურნალისტია. სიტყვის თავისუფლება ის იარაღია ძლიერი ადამიანის ხელში, რომელსაც შეუძლია ეფექტიანად ებრძოლოს ავტოკრატიას.

ჩვენ გვახსოვს მზია სასამართლოზე მარია რესას წიგნით, როგორ დავამარცხოთ დიქტატორი. სწორედ ეს არის, რისიც ეშინია სისტემას. ეს სისტემა არის შეშინებული და გადასული ლაჩრულ საქციელზე. ის, რაც მზია ამაღლობელის თავს ხდება, არ არის ვაჟკაცური, გაბედული საქციელი. სისტემა, რომელიც არის შეშინებული, დგამს ამ ლაჩრულ ნაბიჯს და იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას, რომ არ დაკარგოს მხარდამჭერები”. – განაცხადა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა. 

შეგახსენებთ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მზია ამაღლობელი კვლავ პატიმრობაში დატოვა – არგუმენტად მან გამოცემა “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დირექტორის მიერ “ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე” დაასახელა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share