ხმაური და დაპირისპირება იყო “სადგურის მოედანზე” – დაზარალებული მოვაჭრეები გადამწვარი ბაზრობის ტერიტორიაზე შეშვებას ითხოვენ. ე.წ. ბორჯომის ბაზარში დასაქმებულებს აქვთ ეჭვი, რომ ის რაღაც საწყობში დაწვას გადაურჩა, უცნობმა პირებმა მოიპარეს.
რამდენიმე მოვაჭრემ ადგილზე პოლიციის კორდონის გარღვევა შეძლო და დამწვარი ბაზრის ტერიტორიაზე შევიდა, თუმცა ისინი პოლიციის წარმომადგენლებმა ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
“ჯერ გაქურდეს, დაბომბეს ადგილები და დაწვეს, ვნახე, ადგილზე არ არის საქონელი, საწყობები ცარიელია, ქაღალდის ყუთი არ დაიწვა?! “- აცხადებენ მოვაჭრეები.
დილიდან ეგრეთწოდებული ბორჯომის ბაზრობის ტერიტორიას გომელაურის პოლიციის ცოცხალი კედლით და რკინის ჯებირებით იცავენ. სადგურის მოედანზე გაჩენილი ხანძრიდან უკვე მეორე დღეა გასული, თუმცა დაზარალებულ მოვაჭრეებს ამ დრომდე თვალით არ უნახავთ მერიის წარმომადგენლები.
ადგილზე შპს “ბაქანის” დირექტორი და 35%-იანი წილის მფლობელია თორნიკე წერეთელი მოვიდა, თუმცა ის ამბობს, რომ გამოძიების დასრულებას ელოდება. ახლა კი “პასუხი არაფერზე არ აქვს”.
ე.წ. ბორჯომის ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 15 ათასამდე კვადრატული მეტრია დამწვარი. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
tvpirveli.ge