რუსეთის კურსკის ოლქში მიმდინარე უკრაინის იერიშის ფონზე, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა განაცხადა, რომ დანიის პოლიტიკა უკრაინის დახმარების მიმართ უცვლელი რჩება.
რასმუსენის თქმით, თავდაცვა შესაძლოა, მოიცავდეს აგრესორის ტერიტორიაზე შესვლასაც, შესაბამისად, “თუკი ამის ფარგლებში თავდამსხმელი მხარის ინფრასტრუქტურასა და სამხედრო პუნქტებს დაესხმები თავს, მაშინ ეს ომის კანონების ფარგლებშია”. ამასთანავე, მისი თქმით, “ასევე ომის კანონების ფარგლებშია, რომ [უკრაინამ] დანიური შეიარაღება რუსულ მიწაზე გამოიყენოს”.
“ვერ შეძლებ შეზღუდვის დაწესებას, რომ შეიარაღება მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე იყოს გამოყენებული”. – დაამატა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ამას გარდა, დანიის მთავრობამ დღეს, 19 აგვისტოს, საგარეო პოლიტიკის საბჭოს შეხვედრის შემდეგ, უკრაინისთვის ახალი დახმარების პაკეტი წარადგინა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $116 მილიონს შეადგენს.