გურიის მოამბე

„საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქაღალდზე არსებობს“ – გაფართოების ანგარიში

ევროკომისიამ გამოაქვეყნა 2025 წლის გაფართოების ანგარიში, რომელიც მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი 10 კანდიდატი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ყოველწლიურ შეფასებას.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა.

ევროკომისიის შეფასებით, ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სისტემატური და მიზანმიმართული რეპრესიული ქმედებები, მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო სივრცესა და ფუნდამენტურ უფლებებს, დამოუკიდებელი მედიის ფუნქციონირებას და მიზანში იღებს LGBTIQ პირებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადამეტება სრული დაუსჯელობით და ევროკავშირის მიმართ მტრული რიტორიკა, კომისიის შეფასებით, მკვეთრად ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებებსა და იმ ქცევის სტანდარტებს, რომლებიც მოსალოდნელია ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისგან.

გარდა ამისა, ევროკომისიის თანახმად, შეინიშნება მნიშვნელოვანი უკუსვლა იმ ცხრა პუნქტთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრული კანდიდატის სტატუსისთვის კომისიის რეკომენდაციაში.

ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად შექმნილი ინსტიტუტები გამოყენებულია პარტიული მიზნებისთვის და, რომ ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოქმედების კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.

„ოპოზიციის წამყვანი ფიგურების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების აკრძალვის განზრახვის შესახებ განცხადებასთან ერთად, დემოკრატიული პლურალიზმის წინააღმდეგ პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს“, — ნათქვამია ევროკომისიის შეფასებაში.

ევროკომისიის თანახმად, საქართველოს თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შემცირდა და დაბალი რჩება.

„საერთო მაღალი პრიორიტეტის და ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის რეექსპორტი კვლავ შეშფოთების საგანია. საქართველოდან რუსეთში სხვადასხვა მიმართულებით ფრენები მნიშვნელოვნად გაიზარდა. საქართველომ უნდა გააძლიეროს თანამშრომლობის ძალისხმევა, რათა თავიდან აიცილოს მისი ტერიტორიის და/ან საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირების გამოყენება ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლით“, — ნათქვამია ანგარიშში.

გაფართოების ანგარიში საუბრობს ფუნდამენტური უფლებების მკვეთრად დარღვევებზე. ასევე, მიუთითებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა სერიოზულად შეარყია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და სანდოობა, რამაც გაამწვავა სასამართლო ხელისუფლების მიტაცების რისკები.

ანგარიშში საუბარია 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო და 2025 წლის ოქტომბრის ადგილობრივი არჩევნებზეც და ნათქვამია, რომ ისინი ხასიათდებოდა მაღალი დონის პოლარიზაციითა და დემოკრატიის უკუსვლით; დაფიქსირდა ამომრჩეველთა დაშინების, იძულებისა და ზეწოლის შემთხვევები, რამაც გააჩინა სერიოზული შეშფოთება მოსახლეობის შესაძლებლობაზე, თავისუფლად გამოხატონ თავისი ნება და ხმა მისცენ შიშისა და საფრთხის გარეშე.

გაფართოების ანგარიში საქართველოს პროგრესზე მიუთითებს მხოლოდ ეკონომიკური ზრდის ნაწილში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ დაბალმა ინფლაციამ და მზარდმა ხელფასებმა გაზარდა მოსახლეობის რეალური განკარგვადი შემოსავლები, ხოლო შინამეურნეობების ძლიერი მოხმარება, ზოგადად, ეკონომიკური ზრდის მთავარ მამოძრავებელ ძალად იქცა დასავლეთ ბალკანეთში, მოლდოვასა და საქართველოში.

სხვა ქვეყნებთან ურთიერთობების ნაწილში, ევროკომისიის შეფასებით, საქართველო, როგორც წესი, კარგ ორმხრივ ურთიერთობებს ინარჩუნებს მეზობლებთან და სხვა „გაფართოების“ ქვეყნებთან.

„საქართველოსა და თურქეთს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ მაღალი დონის კონტაქტებით, მათ შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, უკრაინამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოს მიერ ევროკავშირის რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან შეუსაბამობისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის არარსებობის გამო. საქართველოსა და მოლდოვას ტრადიციულად კარგი ორმხრივი ურთიერთობები აკავშირებთ“, — ნათქვამია ანგარიშში.

ევროკომისიის დასკვნები და რეკომენდაციები საქართველოს შესახებ

კომისია კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე სოლიდარობას ქართველი ხალხის მიმართ და მზადყოფნას, განაგრძოს ქართველების მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს კანდიდატი ქვეყნის მიმართ. ადგილი ჰქონდა სერიოზულ უკუსვლას ფუნდამენტურ საკითხებში, რაც გამოიხატა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების შემლახავი რეპრესიული კანონმდებლობის მიღებაში, სასამართლოს პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზაციაში, ოპოზიციის ლიდერების დევნაში, მომიტინგეებისა და ჟურნალისტების თვითნებურ დაპატიმრებებსა და სამოქალაქო სივრცის შევიწროებაში. შეკავებისა და გაწონასწორების პრინციპისა და დემოკრატიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესის რღვევამ, ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობის არარსებობასთან ერთად, გამოიწვია აღმასრულებელი ხელისუფლების გაძლიერება, მათ შორის სახელმწიფოს მიტაცება. 2024 წლის ნოემბერში საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, არ გაეგრძელებინა გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, ცალსახად დაადასტურა მათი გადახვევა წინა მთავრობების პოლიტიკიდან, ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპული მისწრაფებებიდან და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ვალდებულებიდან, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას უზრუნველყოფს“, — აცხადებს ევროკომისია.

პარალელურად, ევროკომისიის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება სისტემატურად მიმართავდა ანტიევროპულ რიტორიკასა და დეზინფორმაციას და არ გამოუვლენია პოლიტიკური ნება, გაეტარებინა შესაბამისი რეფორმები ცხრა ნაბიჯის მიმართულებით, რომლებიც განსაზღვრულია კომისიის 2023 წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციებში და აუცილებელია ქვეყნის ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.

„საქართველოს ხელისუფლების მოქმედებებმა ძირი გამოუთხარა ევროკავშირ-საქართველოს ურთიერთობებს და ქვეყანა დააშორა ევროკავშირის გაფართოების პროცესს. შედეგად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად ჩიხშია შესული“, — ნათქვამია დოკუმენტში.

სანამ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის თავის კურსს, კომისია აცხადებს, რომ საბჭოსთან ერთად, შეამცირებს მაღალი დონის პოლიტიკურ კონტაქტებს, შეაჩერებს საქართველოს ხელისუფლებისთვის პირდაპირი სარგებლის მომტან ორმხრივ დახმარებას და გააძლიერებს ძალისხმევას სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად.

„საქართველომ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს დემოკრატიული უკუსვლის კურსი და გადადგას ყოვლისმომცველი და ხელშესახები ნაბიჯები არსებული პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების მოსაგვარებლად, პარტიათაშორისი მხარდაჭერითა და ეფექტიანი სამოქალაქო ჩართულობით, კანდიდატის სტატუსისთვის განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შესაბამისად, ევროკავშირის ფასეულობებისა და პრინციპების სრული პატივისცემით, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი. ევროპული საბჭოს 2024 წლის დეკემბრის დასკვნების შემდეგ, რომ საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო გამოიწვია გაწევრიანების წინა პროცესის შეჩერება და იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო მას შემდეგ ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით უკუსვლას განაგრძობს, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველო მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოხატოს მტკიცე ვალდებულება, შეცვალოს კურსი და დაუბრუნდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზას“, — ნათქვამია ანგარიშში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights