აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, იხსენებს რა ბოლო პერიოდში ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს, ის წინასაარჩევნოდ მედიის უსაფრთოხების მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ”.
„ყოველთვის მნიშვნელოვანია, რომ ჟურნალისტების უსაფრთხოება იყოს გარანტირებული. საზოგადოების ინფორმირებით ჟურნალისტები ყველა დემოკრატიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ.
გასული რამდენიმე კვირის განმავლობაში, ხშირად მივიღეთ ინფორმაცია ქართველ ჟურნალისტებზე მუქარისა თუ თავდასხმის შესახებ. პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა დემოკრატიის საფუძველია და საარჩევნო პროცესისთვის ის აუცილებელია. მედია ინფორმაციას აწვდის ქართველ ხალხს კანდიდატების, პარტიებისა და მნიშვნელოვან საკითხებზე მათი შეხედულებების შესახებ”, – ამბობს ელჩი.
შეგახსენებთ, რომ 29 სექტემბერს მარნეულში “მთავარი არხის” ჟურნალისტს, ჯეიჰუნ მუჰამედალის დაესხნენ თავს და ფიზიკურად გაუსწორდნენ.