ბახვი ჰესის გარემოსდაცვით და სოციალური საკითხებზე მომუშავე მრჩეველთა საბჭო წლის შემაჯამებელ შეხვედრაზე ქ. ქუთაისში შეიკრიბა. გასვლით სხდომაზე, ბახვი ჰესის დირექტორმა გიორგი აბრამიშვილმა შეაფასა პროექტის მიმდინარეობა და ისაუბრა გამოწვევებზე რომლებიც დაძლეულია და 5 წლიანი განვითარების გზაზე მიღწევებად გარდაისახა.
„მნიშვნელოვანი იყო ბახვი ჰესის განვითარების თითოეული ეტაპი ჩვენთვის. პირველი, რითაც დღეს შემიძლია ვიამაყო, შესრულებული დაპირებაა, დაპირება რომელიც გავეცით 2021 და 2022 წლებში. ის, რომ ჩვენ ადამიანების ნდობა გავამართლეთ, ყველაზე დიდი მიღწევაა ჩვენთვის. უკან რომ ვიხედებით, ვფიქრობთ, რომ ბახვი ჰესი გარდა თანამედროვე ჰიდროელექტროსადგუროსა, ერთი საინტერესო ამბავია ადამიანურ ურთიერთობებეზე“, განაცხადა გიორგი აბრამიშვილმა, ბახვი ჰესის დირექტორმა.
ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა მოისმინეს ბახვი ჰესის ტექნიკური დირექტორის, არჩილ ძნელაძის პრეზენტაციას, რომელიც მშენებლობის ბოლო ფაზას აღწერდა. ასევე, გაეცნენ ბახვი ჰესის გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტების აღსრულების მიმდინარეობას. აღსანიშნავია, რომ 2024-2025 წლებში 44 კვლევა ჩატარდა, ხოლო 2021–2025 წლებში კი, შესრულდა 15 სოციალური პროექტი, საიდანაც 4 ინფრასტრუქტურული, 7 საგანმანათლებლო, 2 მცირე მეწარმეების გაძლიერების და 2 პროექტი შშმ პირების და მათი მშობლების მხარდამჭერია.
„თითოეული პროექტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის, რადგან პირდაპირი სარგებლის მომტანი იყო აქ მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩვენი სოციალური პროგრამის სიკეთეები გავრცელდა დაახლოებით 1000 ადამიანზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო ამ სიკეთის თანაბრად და სამართლიანად გადანაწილება, რაც მგონი შევძელით და კარგადაც გამოგვივიდა. როცა სოციალურ პროექტებს ახორციელებ, სარგებელი საზოგადოებამ უნდა მიიღოს და არა მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფმა. სწორედ ამ პრინციპის გათვალისწინებით, ავირჩიეთ საგანმანათლებლო, ინფრასტრუქტურული პროექტები, ბიზნესის დახმარება, სწორედ ამიტომ მოხვდნენ ჩვენს პროექტებში ამ სოფლებში მცხოვრები შშმ პირები და მათი ოჯახები“ – აცხადებს დავით კობერიძე, ბახვი ჰესის გარემოს დაცვისა და სოციალური საკითხების მენეჯერი.
ბახვი ჰესის მრჩეველთა საბჭოს წევრებმა თავის მხრივ დადებითად შეაფასეს ბახვი ჰესის გუნდის მუშაობა. აღნიშნეს, რომ პროექტი შედგა და რაც მთავარია, მოსახლეობა კმაყოფილია.
2025 წლის ბოლო შეხვედრაზე ბახვი ჰესის გუნდი და მრჩეველთა საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ საბჭო 2026 წელსაც გააგრძელებს მუშაობას.








