გურიის მოამბე

,,დაცინვაა მშიერ ბავშვს შესთავაზო სკოლის ფორმა, საკვების ნაცვლად“- მშობელი

ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მშიერი არიან, „ქართული ოცნება“ საკვების ნაცვლად უნიფორმას სთავაზობს. რატომ არ ღირს სანახაობაზე, ანუ ფორმაზე დისკუსია მაშინ, როცა მშობლებსაც და მოსწავლეებსაც სულ სხვა, ბევრად მნიშვნელოვანი მოთხოვნები აქვთ, ამ დროს კი, სახელმწიფო მათ არ უსმენს.

„შესთავაზო მშიერ ბავშვს ფორმა საკვების ნაცვლად, გულწრფელად გითხრათ, პირდაპირ დაცინვაა“, – ამბობს მშობელი მედეა ტურაშვილი „ბათუმელებთან“.

ჩვენ მას „ქართული ოცნების“ კონცეფციის შესახებ ვესაუბრეთ, რომელიც „ოცნების“ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ 2 დეკემბერს წარმოადგინა.

„გულწრფელად რომ გითხრათ, დაცინვაა შესთავაზო მშიერ ბავშვს ფორმა. სხვა სახელი ამას არ ჰქვია. განსაკუთრებით ის ნაწილია კომიკური, მშობლებს ჩავრთავთ ფორმის დიზაინის შერჩევაშიო, რომ უთქვამთ.

ჩვენ, მშობლები, წლებია შეწუხებული ვართ სამი სისტემური პრობლემით: პირველი – ეს არის დაბალი განათლების ხარისხი;

მეორე – სკოლების კატასტროფული ინფრასტრუქტურა, სადაც ჰიგიენა მოუწესრიგებელია და არ არის უსაფრთხო გარემო;

მესამე – რა თქმა უნდა, ეს არის ბავშვების შიმშილი და არასახარბიელო მდგომარეობა სკოლებში. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მშიერი ბავშვი კარგ განათლებას იღებს.

მინდა გავიგო, რა კავშირია ფორმასა და განათლების ხარისხს შორის. ჩვენ, მშობლებს ის კი არ გვაწუხებს, რას ჩაიცვამს ჩვენი შვილი, არამედ გვაწუხებს, როგორ მიიღოს მან ისეთი განათლება, რომელიც მომავალში ამ ბავშვებს ჩამოაყალიბებს კარგ მოქალაქედ და მისცემს საშუალებას, რომ გააგრძელოს წარმატებული ცხოვრება.

სკოლაში ბავშვები სისტემატურად არიან მასწავლებლის მხრიდან არასათანადო მოპყრობის ობიექტები. ყვირილი, კივილი კლასის მართვის მექანიზმია? ამ პრობლემას ფორმა მოგვიგვარებს?

მასწავლებელიც დასტრესილია მუდმივად, რადგან სკოლაში უხმო და უჩინარია, მას არავინ არაფერს ეკითხება. დაბალი ხელფასი აქვს და, შესაბამისად, ეს ყველაფერი პირდაპირ გადმოდის ბავშვებზე კლასში.

ვინმემ ამიხსნას, ჩემს შვილს ფორმა ეცმევა თუ ფორმის გარეშე მივა სკოლაში, ამით გამოსწორდება განათლების ხარისხი? ამიტომ ეს არის საკითხის შემოჩეჩება და ჩვენი ინტერესის გადატანა უფრო უმნიშვნელო თემაზე.

მე, როგორც მშობელს ის უფრო მაინტერესებს, რის საფუძველზე დაადგინა მინისტრმა, რომ დღეს ფორმაა ჩვენი მთავარი პრობლემა. ვის ჰკითხა, ვისთან გაიარა კონსულტაცია? ბოლოს როდის შეხვდა რომელიმე მშობელს? ბოლოს როდის მივიდა სკოლაში.

გაარკვია, როგორია ჰიგიენური მდგომარეობა და რით იკვებებიან ბავშვები? მე გეტყვით, 11:00 საათზე თუ შეხვალთ სკოლაში, დაინახავთ რიგებს, სადაც ბავშვები ქრონიკულად დგანან დიდი ცომიანი ლობიანებით და ხაჭაპურებით. ეს არის კვება? ეს არის ბავშვის მოთხოვნების დაკმაყოფილება? ეს არის ბავშვის საუკეთესო ინტერესი?

გაგვცეს მინისტრმა პასუხები, რის საფუძველზე შეიმუშავა ის პრიორიტეტები, მათ შორის გნებავთ მე-12 კლასის გაუქმება, გნებავთ რაღაც სხვა, რასაც ახლა გვთავაზობენ. რის საფუძველზე დაადგინა, რომ ის ზომები რის მიღებასაც აპირებენ, მოაგვარებს ამ პრობლემებს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights