,,ბიძინა ივანიშვილმა შექმნა პოსტსაბჭოთა სივრცისთვის დამახასიათებელი მმართველობის ანომალიური, კორუფციული სისტემა, რომლის მძევალიც შემიძლია ვთქვა, რომ თავადაცაა. მეჩვენება, რომ საჭირო მომენტში შესაძლოა, ეს ისრები მისკენაც იყოს მიმართული,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი. მას სუსის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებაზე ვესაუბრეთ: ვინ არის დამნაშავე, როცა უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომლებსაც კორუფციის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ, მმართველი ძალის ვერსიით, თავად აღმოჩნდნენ კორუფციაში ჩართული?
,,ქართული ოცნება” ყელამდე კორუფციაშია და ყარს. ეს პოლიტიკური ნაგავი სასწრაფოდ გასატანი და გადასაყრელია. როდესაც სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები: პრემიერ-მინისტრი, სუს-ის უფროსი და სხვები არიან კორუფციაში ჩართულები, ისინი, ვინც კორუფციისგან უნდა იცავდნენ გარემოს, თავად არიან კორუფციის შემოქმედები, ეს ადასტურებს ერთადერთს: კორუფცია გახდა ამ რეჟიმის სახე, მისი სავიზიტო ბარათი, რაზეც ოპოზიციის არაერთი წარმომადგენელი, მეც მათ შორის, წლებია, ვსაუბრობთ.
თავად რეჟიმი წლების განმავლობაში მდიდრდება ამ ნაქურდალით და ამ გზით ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებასა და საზოგადოებრივი აზრის მანიპულირებას. ახლა, ფაქტობრივად, ფარდა ჩამოიხსნა და ყველაფერი, ვფიქრობ, „ოცნების” ყველაზე უფრო მწარე მომხრეებისთვისაც კი ცხადზე ცხადია: სისტემა ლპება კორუფციის ჭაობში.
ეს არის სისტემა, რომელიც არსით ანტიდემოკრატიულია, სისტემა, რომელმაც გააუქმა არჩევნები, როგორც ძალაუფლების შეცვლის ერთადერთი დემოკრატიული მექანიზმი; სისტემა, რომელმაც ფეხქვეშ გათელა კონსტიტუცია და საქართველოს ევროპული მისწრაფებები. ეს ყველაფერი იმდენად ურთიერთკავშირშია, რომ ამ სისტემის დაშლის, ამ მმართველობის ჩანაცვლების გარდა, გამოსავალი არ არსებობს.
ოდნავ ნორმალურ ვითარებაში ასეთი სკანდალის, მსგავსი ფაქტების შემდეგ, მმართველი ძალა მოიხდიდა ბოდიშს, გამოაცხადებდა და ჩაატარებდა სამართლიან, ვადამდელ არჩევნებს, რაც „ოცნების“ მმართველობის პირობებში შეუძლებელია.
„ახლა, ფაქტობრივად, ფარდა ჩამოიხსნა და ყველაფერი, ვფიქრობ, „ოცნების“ ყველაზე უფრო მწარე მომხრეებისთვისაც კი, ცხადზე ცხადია: სისტემა ლპება კორუფციის ჭაობში,“ – აცხადებს არმაზ ახვლედიანი ,, ბათუმელებთან”.








