,,ოცნების“ მთავრობა თანახმაა სუს-მა ხელფასებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობა, წლის ბოლომდე, კიდევ 5 მილიონი ლარით გაიზარდოს.
2025 წლის ბიუჯეტის კონსოლიდირებული ვერსიით, სუს-ში მომუშავეთა ხელფასებისთვის, ჯამში, 138 მილიონ 690 ათასი ლარია გამოყოფილი. მთლიანად სუსის დაფინანსებისთვის კი – 271 მილიონ 500 ათასი ლარი.
მომავალ წელს, 2026 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სუს-ი მთლიანობაში 380 მილიონი ლარით დაფინანსდება, ხელფასებისთვის კი ჯამში 205 მილიონ 370 ათასი ლარია გათვალისწინებული.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიეცეს თანხმობა მისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების არაუმეტეს 5 000 000 ლარით გაზრდაზე, აღნიშნული კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში“, – წერია მთავრობის 2025 წლის 22 დეკემბრის განკარგულებაში, რომელსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.
მთავრობის განკარგულებაში სუს-ში ხელფასებისთვის საჭირო თანხის გაზრდის საფუძვლად 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-4 პუნქტია მითითებული.
ბიუჯეტის შესახებ კანონის აღნიშნულ პუნქტში კი წერია, რომ „2025 წლის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებების მიერ მათთვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის „შრომის ანაზღაურების“ მუხლით დამტკიცებული ასიგნებების გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით, არაუმეტეს იმავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა.“
„ოცნების“ მთავრობის 2025 წლის 10 ოქტომბრის დადგენილებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში [სუს] მთელ რიგ თანამდებობებზე ხელფასები პირველი ოქტომბრიდანაც გაიზარდა. გაიზარდა წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთებიც.
რაც შეეხება უშუალოდ სუს-ის უფროსის ხელფასს [თანამდებობრივ სარგოს], შარშანდელთან შედარებით 1 235 ლარით არის გაზრდილი და დღეს 13 580 ლარია წოდების მქონე მოსამსახურისთვის [წოდების არმქონე უფროსის ხელფასი კი 12 410 ლარითაა განსაზღვრული].
ირაკლი კობახიძემ, 2025 წლის 3 სექტემბრის ბრძანებით, სუს-ის მოქმედ უფროსს, „პოლიციის ლეიტენანტ, მამუკა მდინარაძეს „სახელმწიფო უსაფრთხოების ლეიტენანტის“ წოდება მიანიჭა. 23 ოქტომბრის განკარგულებით კი, მდინარაძე „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ლეიტენანტის“ წოდებიდან, „უფროსი ლეიტენანტის“ წოდებაზე დააწინაურა.








