მათ სამოქალაქო ომი გამოუცხადეს საზოგადოებას – ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი იმ მოვლენებს, რომელიც დედაქალაქში 2 დღის წინ, ნიკა მელიას დაკავების დროს განვითარდა. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ნიკა გვარამიას “მთავარ აქცენტებში” საუბრისას გამოეხმაურა. ჯერ მოიპარეს არჩევნები, მთავარი ოპოზიციური ძალის ოფისს შევარდნენ…ეს ნიშნავს ომის გამოცხადებას ქართული საზოგადოებისადმი. მათ უნდათ არეულობა, ქაოსი, ეს არის რუსული მეთოდი ხელისუფლების შენარჩუნების ” ამბობს მიხეილ სააკაშვილი. მისი შეფასებით, ის სპეცოპერაცია, რაც “ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა, ხალხის დაშინებას ისახავდა მიზნად. მისივე თქმით, ხელისუფლება უკვე დიდი ხანია სათავისოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს პანდემიას, არ ხსნის შეზღუდვებს და არ შემოაქვს ვაქცინა.