მსახიობმა ნატა მურვანიძემ “ოცნების” ქმედება – როდესაც შეწყალების აქტის მოლოდინში პატიმრების ოჯახის წევრებს გუშინდელი დღე თოვასა და სიცივეში გაატარებინა, მარკიზ დე სადის რომანებს შეადარა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა, რომ მე-18 – მე-19 საუკუნეში მოღვაწე ფრანგი მწერალი სწორედ ადამიანის ყველაზე ბნელს ნაწილს იკვლევდა.
“სიკეთით სავსე ქალაქში, გუშინ სადიზმის ჯგუფური გამოვლინება ვნახეთ” – წერს ნატა მურვანიძე.
“სადიზმი – სხვისი ტანჯვით სიამოვნების მიღება.”
მეტი არაფერი იმ კაცს არ დაუწერია თავის რომანებში და მეტს არც არაფერს აკეთებდა რის გამოც ნახევარი ცხოვრება ციხეში გაატარა და ბოლოს შერანტონით (ფსიქიატრიული საადავდმყოფო) დაამთავრა.
მარკიზ დე სადმა ადამიანის ყველაზე ბნელი ნაწილი იკვლია. დღეს გვაქვს გზამკვლევი, რაზეა ადამიანი წამსვლელი.
გუშინ, 19 იანვარს, სიკეთით სავსე ქალაქში, სადიზმის ჯგუფური გამოვლინება ვნახეთ.
გაამოთ ადამიანების წამებით, (მხოლოდ მსხვერპლისთვის მიყენებული ტკივილით არა) დედების, მამების, ძმების და დების, მეგობრების წამებით მიღებული სიამოვნება.
შეგერგოთ ის, რაც მარკიზ დე სადსაც კი არ უკადრებია.
თქვენს მიერ ინტერპრეტირებული ქრისტიანობაც არსად დაგეკარგოთ!”- წერს ნატა მურვანიძე.
შეწყალების აქტს სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები და მსჯავრდებულები გუშინ დილიდან ციხეებთან თოვასა და სიცივეში ელოდებოდნენ, თუმცა “ოცნების” პრეზიდენტმა აქტი ღამის დაახლოებით 22:30 წუთზე გამოსცა.








