,,ზუსტად მზია ამაღლობელი, როგორც სიმბოლო წინააღმდეგობის მოძრაობისა, მათ აშინებთ… ივანიშვილის რეჟიმი მილიონებს ხარჯავს, რომ მზია ამაღლობელით დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი სინდისის პატიმრით, ასევე, თქვენით და ჩემით დამთავრებული – არ იყოს არანაირი თანაგრძნობა. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენ მათთვის ვიყოთ საძულველები. ისინი ჩვენ არ მიგვიჩნევენ ადამიანებად. ეს არის დეჰუმანიზაცია,“ – მიიჩნევს მწერალი ლაშა ბუღაძე, რომელიც ნათლისღებასთან დაკავშირებულ შეწყალებაზე ,, ბათუმელებთან” საუბრობს:
“ალბათ ილუზია არავის ჰქონია, ან ყოველ შემთხვევაში, არ უნდა გვქონდეს ივანიშვილის მხრიდან გულმოწყალების, საერთოდ რაღაცნაირი ემპათიურობის თვისების ქონის. ივანიშვილის რეჟიმი ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს იმაში, რომ ჩვენ მათთვის ვიყოთ საძულველები. ისინი ჩვენ არ მიგვიჩნევენ ადამიანებად. ეს არის დეჰუმანიზაცია, ამ სიტყვის ძალიან გამოცდილი მეთოდით.
ვისაც შეიძლება კიდევ ჰქონდეს განცდა, რომ „ოცნებას“ იქნებ რაღაც შერჩა – თქვენი თქმისა არ იყოს, ქრისტიანული, ან ქართული, რაც ქართული ტრადიციებისა და ეთიკის გარკვეულ ლოგიკაში შეიძლება ჩაჯდეს [ისინი ხომ თავს ასეთად დეკლარირებენ], ცხადია, ეს გულუბრყვილობაა.
ვიმეორებ, ივანიშვილის რეჟიმი მილიონებს ხარჯავს, რომ მზია ამაღლობელით დაწყებული, გაგრძელებული ნებისმიერი სინდისის პატიმრით, ასევე, თქვენით და ჩემით დამთავრებული – არ იყოს არანაირი თანაგრძნობა.
ეს დიქტატორულ რეჟიმებს, ავტორიტარულ რეჟიმებს ახასიათებთ.
კვლევები, რაც მინახავს, რაც მსმენია, „ოცნების“ ამომრჩეველსაც, რომელიც მერყეობს სადღაც 35 %-მდე, აწუხებს სინდისის პატიმრების ციხეში ყოფნა, თუმცა მათ თანაგრძნობის განცდა არ აქვთ. ისინი მიიჩნევენ, რომ უმჯობესია, ეს ადამიანები პატიმრობაში არ იყვნენ.
თუკი ამას შევხედავთ ივანიშვილის პერსპექტივიდან, მდარე, მაკიაველური პერსპექტივიდან – რაში სჭირდება მას შეწყალება? ერთადერთი იმისთვის, რომ ქოცებს აი, ეს დისკომფორტი არ ჰქონდეთ? ეს ჩანდა, მაგალითად, საპატრიარქოს სიგნალებიდანაც, ხომ?! ცნობილია ეს განცხადებები.
მაგრამ „ოცნების“ თვალთახედვით, პროტესტი დღეს არ არის საფრთხის მომტანი – ტროტუარზეც კი აღარ გვაყენებენ, ისეთი დრაკონული კანონები მოქმედებს. პრინციპში აღიარება ვერ მიიღეს. ყაველაშვილმა თქვა კიდეც, მაღიარონ და კი ბატონოო.
რა გამოდის, რაში გაცვალონ მაშინ ეს შეწყალება? ამიტომაც, ვახსენე პრიმიტიული, მაკიაველისტური ლოგიკა.
ეს კაცი [ბიძინა ივანიშვილი] ვაჭარია. მისთვის მორალი მართლაც მგლის თავზე სახარების კითხვაა. რაში სჭირდება ეს? იმიტომ, რომ კეთილი იყოს? – არ არის კეთილი, ბოროტია, რუსულია მთელი თავისი ცნობიერებით. პირიქით, ღამესაც გაგათენებინებს, ღამეებსაც და კიდევ უფრო უარესს იზამს.
მოგეხსენებათ, როგორია ირანული რეჟიმი: მკვლელობებამდე ჯერ არ მისულან პირდაპირი მნიშვნელობით… ირანელებმა დახოცეს ახალგაზრდები და ახლა ავაჭრებენ მშობლებს გვამების გაცემაზე.
ბოლომდე გადაჯეგვაა მიზანი. სტალინური ტერორიც ეს იყო: ხის მორებზე აწერდნენ გამქრალი ხალხის სახელებს და გვარებს… ვიღაც გვეტყვის, რომ ეს პარალელები ძალიან შორია და ღმერთმა ნუ ქნას, რომ ეს პარალელები პირდაპირი გახდეს. მაგრამ ერთი სიტყვით იმის თქმა მინდა, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც მუშაობს დეჰუმანიზაციაზე, ჩვენ დეჰუმანიზაციაზე. ისინი ჩვენ მიგვიჩნევენ არარაობებად, არაფრად.
ჩვენ „ოცნებისთვის“ პრობლემა ვართ. მზია ამაღლობელი მათი რეჟიმისთვის ცალსახად პრობლემაა. საფრთხეა მზია ამაღლობელი და ეზიზღებათ, არც მეტი, არც ნაკლები. საერთოდ, ამ ტერმინის, „შეწყალების“ გამოყენებაც, არა მგონია, რელევანტური იყოს. აქ ტყვეობიდან გათავისუფლების მცდელობაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.
ზუსტად მზია ამაღლობელი, როგორც სიმბოლო წინააღმდეგობის მოძრაობისა – ევროკავშირის ჯილდო სწორედ ამაზე მეტყველებს – მათ აშინებთ. ნებისმიერი ჩვენი წელში გამართულობა, რასაც გამოიწვევს ნებისმიერი კარგი აქტი, ანუ ჩვენ ხომ გავბედნიერდებოდით დღეს მზია ან სხვა პატიმრები რომ გარეთ ყოფილიყვნენ, მათ აშინებთ.
ამიტომაც, ივანიშვილის შეკითხვაა: რატომ უნდა შეიწყალოს? არც აღიარება, არც პატივისცემა, არც ლეგიტიმაცია, არც მონანიება – არაფერი. გუშინდელი ღამე კიდევ ერთი შეხსენებაა: არანაირი, მინიმალური მოლოდინიც არ უნდა გვქონდეს, რომ მათში ვიღაც არის ადამიანი. არ არის.
ამ ბანდის ნებისმიერი წევრის უკან დგას ივანიშვილი, რომელსაც არანაირი ემპათია და თანაგრძნობის აუცილებლობა არ უდგას.
ყველაზე მძიმე არის ის, რომ ასეთ რეჟიმებს ეს გამოსდით. არსებობენ კონფორმისტები, აგრესიული ადამიანები, სეირის მაყურებლები ან ესკაპისტები, რომლებიც საერთოდ გაურბიან რეალობის დანახვას.
ვიცით არაერთი პროპაგანდისტული ფორმულა, რომელსაც ამეორებინებენ ხალხს. მაგალითად, ელენე ხოშტარია ქოცმა კი არ დაიჭირა, არამედ „თავი დააჭერინა“. ელენე ხოშტარიამ რაღაც ფლომასტერით მიახატა კალაძის ფოტოს – ამის გამო რომ ადამიანი ციხეში არ უნდა იჯდეს, ეს არგუმენტი ქრება და ანაცვლებს არგუმენტი: „თავი დააჭერინა“.
თუმცა წინააღმდეგობა არ არის გატეხილი. ეს წინააღმდეგობა ვერც გატყდება. ეს არის ჩემი განცდა და მოლოდინი.
მეორე მხრივ, ივანიშვილის ავტოკრატია არ არის ძლიერი. მათ არ აქვთ საკმარისი რესურსი იმისათვის, რომ ისეთი რაღაც გააკეთონ ჯერჯერობით, რაც გააკეთა ლუკაშენკომ, მით უმეტეს პუტინმა, ან თუნდაც ალიევმა. აქ სხვადასხვა ფაქტორია.
ივანიშვილის დღევანდელ წერილში [მას ერთ-ერთი პროპაგანდისტი ავრცელებს თავისი სახელით, ვგულისხმობ შათირიშვილის მორიგ წერილს], ჩანს ივანიშვილის წუხილები. ივანიშვილმა ვერ გაიგო თავისი ადგილი ამ სამყაროში ტრამპისა და პუტინის პირობებში, ეწუწუნება პუტინს: აგერ, შენს მოკავშირეებს არ იცავ და მე რა ვქნა ახლაო?!
„ოცნებას“ კრიზისი აქვს – გაღატაკებული ქვეყანა, კლანებს შორის დაპირისპირება, ღარიბაშვილი ციხეშია – ეს ნამდვილად არ სიამოვნებთ, ვინაიდან ღარიბაშვილი ბნელ საქოცეთში იყო პოპულარული, ხოლო კობახიძე რაღაც გაურკვევლობაა მათთვისაც. ბნელი საქოცეთისთვის ღარიბაშვილია ავტორიტეტი და არა კობახიძე.
ხშირად ჩვენ მათი კრიზისები გვავიწყდება, იმდენად მოცულები ვართ მორალური თვალსაზრისით, შოკით, გვიჭირს ამდენი ამბის გადახარშვა, მაგრამ კრიზისი აქვს ივანიშვილს: უპირველეს ყოვლისა, აქცენტს მაინც სწორედ მის უიდეობაზე გავაკეთებდი. ეს არის უმთავრესად მათი სისუსტის საფუძველი.
ივანიშვილმა გააკეთა ყველაფერი, რომ საქართველოს უსაფრთხოება კიდევ უფრო ფხვიერი გახდეს. პირიქით, დამოკლეს მახვილი თუ ვინმეზე კიდია, მასზე კიდია, როგორც ნებისმიერ ტირანზე, მით უმეტეს მისნაირ ტირანზე, რომელიც უბრალოდ ორიენტირებულია იმაზე, რომ თავისი კაპიტალი როგორმე არ დაკარგოს და მისი პირადი უსაფრთხოება იყოს შენარჩუნებული.
ამიტომაც, ჩვენ თუ არ ვართ მშვიდად, ქოციც არ არის მშვიდად და კიდევ უფრო მეტად არ არიან მშვიდად, ვიდრე ჩვენ, იმიტომ, რომ ჩვენ მართლები მაინც ვართ.
ცალკე თემაა, რატომაა საზოგადოების ნაწილი პასიური: ალტერნატივა არ ჩანს, აპათია იზრდება. მარცხის სინდრომის კულტივირებაში, ხელჩაქნეულობაში ძალიან დიდ რესურსს ხარჯავს ივანიშვილის რეჟიმი, იმაში, რომ აპათია გაჩნდეს.
ამ ყველაფრის პირისპირ წუხელაც იგრძნობდა სოლიდარობა, მაგალითად, სინდისის პატიმრის, თორნიკე სხვიტარიძის ძმა სოლიდარობის ნიშნად გლდანის ციხიდან რუსთავის ციხესთან გადავიდა, აქ ქალი პატიმარია და იქნებ ის მაინც შეიწყალონო…
უნდა გავძლოთ იმიტომ, რომ დადგება მომენტი, როდესაც ეს ყველაფერი დაემხობა. ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერად ამ დროს”-აცხადებს ბუღაძე.








