(ეს ინტერვიუ ჩაწერილია მიმდინარე წლის დასაწყისში, თუმცა რესპოდენტის უსაფრთხოების მიზნით იბეჭდება მისი დაცულ ადგილზე გადაყვანის შემდგომ)
საქართველოში „რუსული კანონის“ (საგარეო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის) შემდგომი სიტუაცია (2024–2026 წლები) მოიცავს მასობრივ პროტესტებს, პოლიციის ძალადობას, აქტივისტებისა და მოქალაქეების რეპრესიებს, დაშინებასა და სისტემურ შეზღუდვებს. 2024 წლის აპრილ-მაისში საქართველოს მთავრობამ მიიღო „უცხოეთის აგენტების კანონი“ (Law on Transparency of Foreign Influence) რომელიც რუსეთის ანალოგია. კანონი ავალდებულებს NGO-ებსა და მედიას (20%-ზე მეტი უცხოური დაფინანსებით), დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოეთის ინტერესების მატარებლები“. ეს გახდა ტრიგერი მასობრივი პროტესტებისთვის (ტენდენცია გაგრძელდა 2024–2026 წლებში). პროტესტები გააძლიერა 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა (გაყალბების ბრალდებები) და მთავრობის გადაწყვეტილებამ შეაჩეროს EU-ს ინტეგრაცია 2028 წლამდე. პროტესტები გრძელდება (2026 წლის მდგომარეობით), მოიცავს როგორც მშვიდობიან აქციებს, ასევე სამოქალაქო დაუმორჩილებლობას (გზების ბლოკირება და ა.შ.)მოგვიანებით, საქართველოში მოქმედმა პარლამენტმა, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა არალეგიტიმურს უწოდებს, რომელშიც გამარჯვებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ბოიკოტის ნიშნად არ შევიდნენ და აბსოლუტური უმრავლესობა მასში, მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” წარმომადგენელია, კიდევ უფრო დრაკონული კანონები მიიღო, რაც უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და მოქმედი რეჟიმი კიდევ უფრო დაუნდობელი და სასტიკი გახადა უკვე – ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქეების მიმართაც;
აქედან დასკვნა: არსებული სისტემური იმუნიტეტი ადასტურებს, რომ საქართველოს სახელმწიფო არ ასრულებს ვალდებულებას — ეფექტურად გამოიძიოს და დასაჯოს უფლებების დამრღვევები. ეს ქმნის განმეორებითი დარღვევების რისკს და ზრდის საფრთხეს აქტივისტებისა და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეებისთვის.
არ ხდება დამნაშავეების იდენტიფიცირება და დასჯა. არ გაიცემა კომპენსაცია ან რეაბილიტაცია. მსხვერპლები თავად, ხშირად, იღებენ დამატებით სანქციებს (ჯარიმები, განმეორებითი დაკავება). მაგალითად: ალექსანდრე ტირკია (2024 წლის დეკემბერი) — ცრემლსადენი გაზის კასეტა თავში მოხვდა, განიცადა მრავლობითი მოტეხილობები და თვალის დაზიანება. საქმე არ გამოძიებულა ეფექტურად.
ჩვენ მოვიყვანეთ საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასება: Amnesty International (2026 წლის ივნისის ანგარიში): „პოლიცია და იუსტიციის სისტემა იარაღად იქცა მშვიდობიანი დისიდენტების დასაშინებლად და დასაკავებლად… მსხვერპლები სისტემატურად რჩებიან უსამართლოდ.“ Human Rights Watch: აღნიშნავს სისტემურ იმუნიტეტს, როგორც რეპრესიული პოლიტიკის განუყოფელ ნაწილს. სახალხო დამცველი და OSCE/UN: მოუწოდებენ დამოუკიდებელ გამოძიებას, რომელიც არ ხორციელდება.
ერთერთი ასეთია სამოქალაქო აქტივისტის, ლელა ცინცაძის ისტორია; ჩვენი ჟურნალისტი დაუკავშირდა, ქალბატონ ლელას, რომელმაც გვიამბო წლების მანძილზე იმ სისტემატური დევნის, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ, რომლის გადატანაც მას არსებული ხელისუფლების რეჟიმის პირობებში უწევს და რომელიც მკაფიო მაგალითია იმისა, თუ რა ტიპის სისტემური წნეხის ქვეშ ცხოვრობენ განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე რიგითი მოქალაქეები დღევანდელ საქართველოში:“ყველაფერი 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ამ დროს პოლიტიკური ვითარება ქვეყანაში უკიდურესად დაძაბული იყო, რადგან მიხეილ სააკაშვილი, რომელიც 2013 წლის შემდეგ იძულებით ემიგრაციაში იმყოფებოდა, საქართველოში დაბრუნდა და ხელისუფლებამ ის დააკავა. სამოქალაქო აქტივისტები, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად ვცდილობდით ინფორმაციის გავრცელებას სააკაშვილის უკანონო პატიმრობის შესახებ. 2021 წლის დეკემბერში, ჩემს სახლში მოვიდნენ პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, რომლებმაც დეტალურად ამიხსნეს არსებული ვითარება. გადავწყვიტე ხელი მომეწერა პეტიციაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდა. დავეხმარე ახალგაზრდებს ინფორმაციის გავრცელებაშიც – ჩემს სახლში შევკრიბე დაახლოებით 5 ადამიანი, რომლებმაც ასევე ხელი მოაწერეს პეტიციას.
ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს ქმედება ჩემი უსასრულო დევნის დასაწყისი გახდებოდა., ჩემი დაბადების დღის აღნიშვნისას, როდესაც მეგობრებთან ერთად ჩემს სახლში ვიყავი, კარზე კაკუნის ხმა გაისმა. კარი გავაღე და დავინახე, რომ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიცია იდგა, ერთერთმა საბუთები წარმოადგინა და განმიცხადა, რომ ჩემს სახლში ოპოზიციური შეხვედრის ორგანიზების გამო შეიძლებოდა პასუხისმგებლობა დამკისრებოდა. მან პირდაპირ მითხრა, რომ ,,ნაცების” (იგულისხმება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია “ნაციონალური მოძრაობა”) “პეტიციაზე” ხელმოწერები, რომელიც ჩემი სახლიდან გავიდა, რეაგირების გარეშე არ ჩაივლიდა და შეეძლოთ ბრალი წაეყენებინათ ,,უკანონო ორგანიზებისთვის”. ვიცოდი ჩემი უფლებები და ისიც ვიცოდი, რომ იმ მომენტში კანონის ფარგლებში მას არაფრის გაკეთება არ შეეძლო. ამიტომ, პასუხი არ გამიცია, კარი დავკეტე და შიგნიდან ჩავრაზე, მალევე კი საცხოვრებელი მისამართი შევიცვალე. მაშინ როდესაც უამრავი დანაშაული გაუხსნელია და ქვეყანაში უკონტროლო კრიმინალია, პოლიცია მსგავსი ფაქტების დევნით არის დაკავებული, ხოლო კრიმინალი დღითი დღე იზრდება.
უკვე ვხედავთ და ვიცით, თუ რამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერ აქტივობას. ის ამ საკითხს განსაკუთრებული პოლიტიკური მნიშვნელობით ეკიდება. ამ მოვლენებმა რადიკალურად კრიტიკული განწყობა შემიქმნა მმართველი ხელისუფლების მიმართ. 2023 წლის 7-8 მარტს კვლავ დავდექი ხელისუფლების ძალადობრივი მანქანის პირისპირ. ამჯერად, როდესაც „რუსული კანონის” წინააღმდეგ გამართულ აქციას შევუერთდი, სპეცრაზმმა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიწყო აქციის დარბევა. მე და ჩემი ბავშვები სხვა აქციის მონაწილეებთან ერთად მოვყევით ხალხის მასაში, სადაც უცებ დაიწყეს ცრემლსადენი გაზის კაფსულების სროლა. ერთ-ერთი კაფსულა პირდაპირ ჩვენს ფეხებთან დაეცა, რის შემდეგაც ჩავიკეცეთ და სუნთქვა გაგვიჭირდა. დავინახე , როგორ დააწვა ჩემს გვერდზე მდგომს პოლიციელი ფეხით მხარზე. როდესაც მასთან მიახლოება ვცადე, სამი პოლიციელი მომვარდა, ჯერ გაზის სპრეი შემასხა ერთ-ერთმა მათგანმა ახლო მანძილიდან დამიზნებით თვალებში, ხოლო ამის შემდეგ შეეცადნენ, იძულებით გავეთრიე აქციიდან
მოშორებით მდებარე პოლიციის მანქანისკენ, მაგრამ პროტესტანტების ახალმა ტალღამ გადამარჩინა, რომელიც შემოგვიერთდნენ ,,გმირთა მოედნიდან” და ხელდახელ წაართვეს ჩემი თავი პოლიციას. რომ არა აქციის მონაწილეთა ახალი ტალღა, შექმნილი იყო რეალური საფრთხე , რომ სხვა დემონსტრანტების მსგავსად პოლიციას მეც დავეკავებინე. 2024 წლის 29 აპრილს, მას შემდეგ, რაც უკან გაწვეული ,,რუსული კანონი” ისევ ,,შემოატრიალეს” და პარლამენტმა ხალხის ნების და საქართველოს კონსტიტუციის წინააღმდეგ მაინც დაამტკიცა … ჩვენ ისევ გავედით საპროტესტო აქციაზე, მოხდა ღია დაპირისპირება ჩემსა და პოლიციას შორის, რომელიც კამერების და ტელევიზიის მიერ დაფიქსირდა და კიდევ ერთხელ ვიდენტიფიცირდი, ამის შემდეგ შევნიშნე ისეთი მოვლენების სერია, რომლებიც მე და ჩემმა ოჯახმა მიზანმიმართულ თვალთვალად და დაშინებად აღვიქვით: მუდმივად ვაფიქსირებდით ადევნებას იმ ავტომობილზე, რომლითაც მე გადავაადგილდებოდი ხოლმე.
რამდენჯერმე ხელოვნურად შეგვიქმნეს ავარიული მდგომარეობა. მანქანაში ხშირად ბავშვებიც იჯდა ხოლმე და ეს ძალიან დიდი რისკის იყო ყველა ჩვენგანისათვის. ამას დაემატა ის ფაქტი, რომ აგვისტო-სექტემბერში, ორი კვირის განმავლობაში ჩემს საცხოვრებელ კორპუსთან ყოველდღიურად იმყოფებოდა პოლიციის ეკიპაჟი. ხშირ შემთხვევაში ადგილზე სამი პოლიციელი იყო. ამ ყოფნას არ ახლდა ჩემთვის ცნობილი ოფიციალური პროცედურა, უწყებრივი შეტყობინება ან საგამოძიებო მოქმედება. ამან ჩემში და ჩემი ოჯახის წევრებში მუდმივი მეთვალყურეობისა და დაშინების განცდა გააჩინა. მოგვიანებით, სხვა პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეებისგან, რომლებთანაც მუდმივი კომუნიკაცია მქონდა და ერთმანეთს ინფორმაციას ვუზიარებდით, შევიტყვე, რომ მათგან რამდენიმე მსგავს გამოცდილებაზე საუბრობდა — მათ საცხოვრებელ ადგილებთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, რასაც ისინიც ზეწოლის ფორმად აღიქვამდნენ.იგივე დროის მონაკვეთში ჩემი ოჯახის წევრის (ჩემი დის) სამსახურის მისამართზე იყო ანალოგიური თვალთვალის შემთხვევა, რის გამოც ის პირადი დაცვის ქვეშ (რომელსაც მეგობრები უზრუნველყოფდნენ) გადაადგილდებოდა ხოლმე და საბოლოოდ, ამის გამო მან სამსახურის დატოვება გადაწყვიტა, რადგან თავს უსაფრთხოდ აღარ გრძნობდა. ბოლო თვეებში რამდენჯერმე შეუქმნეს ჩემს ოჯახის წევრებს სიცოცხლისა და თავისუფლების მოსპობის საფრთხე . ჩემთვის ეს შემთხვევები არ ყოფილა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინციდენტები. ხელისუფლების მიმართ ჩვენი საჯარო კრიტიკა, საპროტესტო აქციებში მონაწილეობა და პოლიტიკური პოზიციის ღიად გამოხატვა წლების განმავლობაში ქმნიდა ჩემსა და ყველა სამოქალაქო აქტივისტის მიმართ მტრულ დამოკიდებულებას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე საჯაროდ მესაუბრა ჩემსა და ჩემი ოჯახის წევრების გამოცდილებაზე და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა ინფორმაცია , რა ხდება იმ ადამიანების ცხოვრებაში, ვინც ბედავს და ღიად უპირისპირდება რეჟიმს.
ჩვენ ვართ ზეწოლის, თვალთვალის, თვითნებური სამართლებრივი დევნის ან ძალადობის სამიზნე. რაც შემეხება პირადად მე, ჩემი პოლიტიკური შეხედულებები უცვლელია და სადაც არ უნდა ვიყო, მათ საჯაროდ გამოხატვაზე არასოდეს ვიტყვი უარს! უამრავი ადამიანი ვართ რეჟიმული რეპრესიების მსხვერპლნი, მაგრამ სამართალს ჯერჯერობით ვერსად ვპოულობთ”
ლელა ცინცაძის ისტორია არ არის გამონაკლისი. მსგავსი პრაქტიკა საქართველოში მრავალი პოლიტიკური აქტივისტის მიმართ გამოიყენება. ამის შესახებ ინფორმაციები პერიოდულად ვრცელდება როგორც კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიებისა და სხვა მედიასაშუალებების მიერ, ისე თავად დაზარალებულების საჯარო განცხადებებით. საზოგადოებისთვის ცნობილია პოლიტიკური ნიშნით თვალთვალის, დაშინების, ძალადობისა და თვითნებური სამართლებრივი დევნის მრავალი შემთხვევა. ქალბატონ ცინცაძის გამოცდილება ამავე სისტემური პრაქტიკის ნაწილია. საქართველოში 2024–2026 წლების პროტესტების ფონზე არსებობს სისტემური იმუნიტეტი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ჩადენილი უფლებების დარღვევების მიმართ. მიუხედავად მასობრივი საჩივრებისა, დამოუკიდებელი და ეფექტური გამოძიება პრაქტიკულად არ ხორციელდება, რაც არღვევს საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს (ევროპული კონვენცია ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ — მუხლები 2, 3 და 13).2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში და შემდგომ პერიოდში ათასობით ადამიანის დაკავება მოხდა. საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის თანახმად, დაკავებულების 78–88% იუწყებოდა არასათანადო მოპყრობას, ფიზიკურ ძალადობას, ტორტურას ან სხვა სახის არაადამიანურ მოპყრობას. ტიპური დარღვევები არის : ცემა დაკავებისას და პოლიციის მანქანებში, „ცემის კორიდორები“, ცრემლსადენი გაზის კასეტების თავის არეში სროლა, ქიმიური ირიტანტების გამოყენება, გენდერული ძალადობა (განსაკუთრებით ქალების წინააღმდეგ). მოძალადეებისათვის იმუნიტეტის გამოვლინების ფორმაა გამოძიების არარსებობა ან ფორმალურობა: პროკურატურა (რომელიც დე-ფაქტო მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშაა) უმეტეს შემთხვევაში არ იწყებს სრულფასოვან გამოძიებას ან საქმეებს „შეწყვეტს“ მტკიცებულებების „არ დადასტურების“ ან “არარსებობის” საბაბით. სასამართლოები რეგულარულად აიგნორებენ მსხვერპლების წარდგენილ მტკიცებულებებს (ვიდეო-ჩანაწერები, სამედიცინო დასკვნები, მოწმეების ჩვენებები) და ეყრდნობიან მხოლოდ პოლიციის ანგარიშებს”.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოება და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები ყურადღებით შეისწავლიან მსგავს შემთხვევებს და არ დაუშვებენ, რომ დემოკრატიული ღირებულებებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის შესახებ არსებული ცნობები სათანადო რეაგირების გარეშე დარჩეს.








