გურიის მოამბე

კრემლის ბინადრის სტალინური ფორმულა: “არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა”

თუ კარგად დავაკვირდებით, რთული დასანახი არ არის, რომ ყველა ავტორიტარულ/ ტოტალიტარული სახელმწიფოს ხელისუფლება ერთ დანაშაულებრივ წრეზე მოძრაობს და მიუხედავად ათწლეულებისა, საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ დასჯა/დაშინების ერთსა და იმავე მეთოდებს იყენებს. 1989 წლის 9 აპრილს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ არა „პოლიციური“, არამედ – სამხედრო ქიმიური იარაღის გამოყენების კონკრეტული ფაქტი, საბჭოთა/რუსეთის იმპერიის უზარმაზარი „ტერორისტული მოზაიკური პანოს“ ერთ-ერთი შემადგენელი „პაზლია“.

სამწუხაროდ, ამ ტრაგედიამდე საბჭოთა კავშირში, ხოლო შემდეგ უკვე რუსეთში, საერთაშორისო კონვენციებით აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენება სისტემატურად ხდებოდა, როგორც მოქალაქეების დიდი ჯგუფის, ასევე – ცალკეული, ხელისუფლებისთვის არასასურველი პირების წინააღმდეგ. 1980-იანი წლების ბოლომდე ამ შემზარავი დანაშაულებრივი ქმედებების დამალვა „კრემლისთვის“ რთული არ იყო: ტელევიზიისა და ჟურნალ-გაზეთების სრული კონტროლის პირობებში თეთრზე შავის მტკიცება მაშინ ხომ ყოველდღიური მოვლენა გახლდათ.

1989 წლის 9 აპრილს ქიმიური იარაღის გამოყენებას, მიუხედავად უამრავი მტკიცებულებისა, საბჭოთა ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფდა. დღეს ამ პოლიტიკას რუსეთის ხელისუფლება იმეორებს: მშვიდობიან მომიტინგეებს „მოძალადე ნაციონალისტებს“ უწოდებს, ხოლო ქიმიური იარაღისა და მესანგრის ხელბარების გამოყენებას ქვიშაში თავჩარგული სირაქლემასავით „ვერ ხედავს“. დღეს „ცხრა აპრილის“ თემიდან ოდნავ უნდა გადავუხვიო და საბჭოთა/რუსეთის იმპერიის სპეცსამსახურების მიერ ქიმიური იარაღისა და ორგანული შხამების გამოყენების ძველ და ახალ ფაქტებზე ვისაუბრო იმიტომ, რომ ჩვენ გვერდს ვერ ავუვლით დიდი ბრიტანეთის, შვედეთის, საფრანგეთის, გერმანიისა და ნიდერლანდების მთავრობების იმ ოფიციალურ დასკვნას, რომელიც მათ ქიმიური იარაღის აკრძალვის საერთაშორისო ორგანიზაციას გაუგზავნეს.

„ენტონის შხამიანი ხის ბაყაყი“

ამის შესახებ მიმდინარე წლის 14 თებერვალს ბრიტანულმა გაზეთმა The Guardian-მა სენსაციური ინფორმაცია დაბეჭდა, საიდანაც ირკვევა, რომ ზემოჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის ხელისუფლება რუსეთს ბრალს სდებს ცნობილი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის განზრახ მკვლელობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არა რომელიმე პოლიტიკოსის ან ექსპერტის მოსაზრებაა, არამედ – ამ ხუთი სახელმწიფოს ოფიციალური პოზიცია გახლავთ. ამ ინფორმაციაში სენსაციური არა ნავალნის ლიკვიდაციის ფაქტი ( რაზედაც არავის ეპარებოდა ეჭვი), არამედ – მკვლელობის იარაღია, კერძოდ კი – სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში გავრცელებული ხის ბაყაყის შხამი.
ცნობილია, რომ ამ სახეობის ბაყაყის კანი გამოყოფს ეპიბატიდინს – უძლიერეს ბუნებრივ ტოქსინს, რომლის მოქმედება მრავალჯერ აღემატება მორფინის ზემოქმედებას. ეპიბატიდინი თრგუნავს ნერვული აქტივობის მოქმედებას ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემებში და იწვევს კუნთებისა და სასუნთქი სისტემის დამბლას. მისი ტოქსიკურობის გამო, ის კლინიკურ პრაქტიკაში არ გამოიყენება. ამიტომ ადამიანის სისხლში ტოქსინის არსებობა მის განზრახ გამოყენებაზე მიუთითებს.

ხუთი სახელმწიფოს ერთობლივი განცხადების თანახმად, ეპიბატიდინი ალექსეი ნავალნის მოსაწამლად გამოიყენეს კოლონიაში მისი პატიმრობის დროს. რამდენიმე დამოუკიდებელმა ლაბორატორიამ შხამი აღმოაჩინა იმ ბიომასალებში, რომლებიც პოლიტიკოსის ოჯახმა რუსეთიდან 2024 წლის 16 თებერვალს მისი გარდაცვალების შემდეგ გაიტანა. სანამ მკითხველს შევახსენებ, თუ ვინ იყო ალექსეი ნავალნი და რატომ „დაადგა თვალი“ მას რუსეთის მბრძანებელმა, ის ფაქტები გავიხსენოთ, თუ როგორ იყენებდა სტალინის ეპოქაში საბჭოთა უშიშროება ეგზოტიკურ შხამებს, არასასურველი პირების ლიკვიდაციისათვის.

საბჭოთა სპეცსამსახურების ერთ-ერთ ყველაზე და დღემდე გასაიდუმლოებული სპეცოპერაციები სპეცმედიკამენტების, ქიმიური შენაერთებისა და შხამების გამოყენებით პოლიტიკურ მკვლელობებს უკავშირდება. ლიკვიდაციის ამ მეთოდების, ხერხებისა და სპეციარაღის დამუშავებას და უშუალო შესრულებას 1930-1950-იან წლებში ახორციელებდა საბჭოთა უშიშროების ყველაზე საიდუმლო ოპერატიულ-ტექნიკური და სამეცნიერო-კვლევითი დანაყოფი – ლაბორატორია “X”. ოფიციალურ დოკუმენტებში სწორედ ამგვარად მოიხსენიებდნენ მოსკოვში, „ლუბიანკის ციხის“ მიდამოებში მდებარე პატარა, შეუმჩნეველ შენობაში განთავსებულ „სიკვდილის ლაბორატორიას“, რომლის თანამშრომლები აკადემიურ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას “კარგად” უთავსებდნენ პატიმრებზე ახალი ტოკსიკური ნივთიერებების და შხამების გამოცდას. 1937-1951 წლებში ლაბორატორია “X”-ის საქართველოში, კერძოდ ბათუმში დაბადებული პროფესორი, პოლკოვნიკი გრიგორი მაირანოვსკი ხელმძღვანელობდა.

ამ ლაბორატორიის შექმნის დღიდან მისმა თანამშრომლებმა მათ მიერვე დამზადებული ტოქსიკური ნივთიერებებითა და შხამებით მრავალი ადამიანი მოკლეს. მსხვერპლთა შესახებ ზუსტ ინფორმაციას ალბათ ვერასდროს გავიგებთ, მხოლოდ ყოფილი “ჩეკისტების” მოგონებები (უპირველესად „საბჭოთა ლიკვიდატორის“, პოლიტიკური მკვლელობების ჯერ შემრულებლების, ხოლო შემდეგ კი ხელმძღვანელის, გენერალ-ლეიტენანტ პავლე სუდოპლატოვის მემუარები) გვაძლევს მწირ, მაგრამ სანდო ინფორმაციას.

სამხედრო ინჟინერი, წარმოშობით პოლონელი ებრაელი, ნაუმ სამეტი, რომელიც 1939 წლიდან საბჭოთა კავშირში იყო ინტეგრირებული, წყალქვეშა ნავების აკუსტიკური მოწყობილობების შექმნაზე ლავრენტი ბერიას ქვეშევრდომების მეთვალყურეობით მუშაობდა. ომის შემდეგ სამეტმა მოინდომა ისტორიულ სამშობლოში – პალესტინაში დაბრუნება. ამის დაშვება კი საბჭოთა ბელადს არაფრით არ სურდა და როცა ყველა არგუმენტი ამოიწურა, მაგრამ სამეტი თავისას არ იშლიდა, სტალინმა მისი ლიკვიდაციის ბრძანება გასცა. ულიანოვსკის სამხედრო ქარხანაში მომუშავე სამეტთან უშიშროების აგენტი – ქარხნის პოლიკლინიკის ექიმი “ჩანერგეს”, რომელიც მალე დაუმეგობრდა ინჟინერს. სულ მალე ულიანოვსკში თავად მაირანოვსკი ჩავიდა და “ექიმ-აგენტთან” ერთად ქარხნის პერსონალის გეგმური პროფილაქტიკური შემოწმების დროს „ანტიინფექციური ინიექციები“ გააკეთა. რამდენიმე დღის შემდეგ სამეტი მოულოდნელად გარდაიცვალა. ოფიციალური დიაგნოზი – “ინფარქტი”. სუდოპლატოვის ინფორმაციით კი, სამეტი კურარეს შხამით მოკლეს.

ამ ლაბორატორიაში დამზადებული შხამების და ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენებით ლიკვიდაციის გადაწყვეტილება ყოველთვის სანქცირებული იყო “ინსტანციის” (ე.ი. პოლიტბიუროს) და მთავრობის მიერ. განსაკუთრებით აქტიურობდა ნიკიტა ხრუშჩოვი, რომელიც იმ პერიოდში უკრაინის კომპარტიას ხელმძღვანელობდა. მისი დაჟინებული მოთხოვნით, რომელსაც შემდეგ სტალინიც დაეთანხმა, 1947 წელს უშიშროების სამინისტროს დაევალა უკრაინის არქიეპისკოპოსის, რომჟას ლიკვიდაცია. საქმეში ჯერ უკრაინელი “ლიკვიდატორები” ჩაერთვნენ, ადგილობრივი უშიშროების მინისტრის, სავჩენკოს ხელმძღვანელობით, მაგრამ სპეციალურად მოწყობილ ავტოკატასტროფაში რომჟა მხოლოდ მსუბუქად დაშავდა და უჟგოროდის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ ხრუშჩოვმა დახმარებისათვის სტალინს მიმართა, რომლის პირადი მითითებით უჟგოროდში, ადამიანთა ლიკვიდაციის პროფესიონალები: გენერალი სუდოპლატოვი და პროფ. მაირანოვსკი გაემგზავრნენ. ისინი პირადად ხრუშჩოვმა მიიღო და ოპერაციის სასწრაფო შესრულება მოსთხოვა. მეორე დღეს მაირანოვსკიმ კურარეს შხამიანი ამპულა გადასცა აგენტ-შემსრულებელს. ორი დღის შემდეგ საავადმყოფოს პალატაში მყოფ არქიეპისკოპოსს ჩვეულებრივ დილის შემოვლაზე მისული ახალგაზრდა მომხიბლავი მედდა მიუახლოვდა, მდგომარეობა გამოჰკითხა და “ჩვეულებრივი” ინიექცია გაუკეთა. მეორე დღეს არქიეპისკოპოსი რომჟა “გულის უკმარისობის გამო” გარდაიცვალა.

ახლა კი 21-ე საუკუნის „მთავარ ლიკვიდატორს“ დავუბრუნდეთ.

კორუფციასთან მებრძოლი, ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის გვარს ვლადიმერ პუტინი არც ერთ ოფიციალურ შეხვედრაზე თუ ბრიფინგზე არ ახსენებდა და მას დამცინავად ნათლავდა: – “რუს ბლოგერად”, “ამ ფიგურანტად”, “ერთ-ერთ მოქალაქედ”, “ბერლინელ პაციენტად” და ა.შ. რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ კი ალექსეი ნავალნი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში შეიყვანა, ხოლო მის მიერ შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია („კორუფციასთან ბრძოლის ფონდი“), – შეიტანა „უცხოური აგენტების რეესტრში“, აღიარა ექსტრემისტულ და არასასურველ ორგანიზაციად და რუსეთში მისი საქმიანობა აკრძალა. მორჩა და გათავდა: იყო ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და უცბად გახდა „ ტერორისტი“. ალექსეი ნავალნი მას შემდეგ გახდა „ტერორისტი და ექსტრემისტი“, რაც პუტინმა მისი პოლიტიკური ძალა და პერსპექტივა დაინახა. ეს კი 2013 წლის სექტემბერში მოხდა, როდესაც მოსკოვის მერის არჩევნებში ნავალნიმ მეორე ადგილი დაიკავა და ამომრჩეველთა ხმების თითქმის 30% მიიღო. ეს უკვე საგანგაშო იყო პუტინისთვის და სწორედ მაშინ დაიწყო მან ნავალნის ჯერ „დემოკრატიული მეთოდებით“ განეიტრალების, შემდეგ კი – ფიზიკური ლიკვიდაციის „უმტკივნეულო“ მეთოდებზე ფიქრი. 2013-2020 წლებში ალექსეი ნავალნი სასამართლოების დარბაზებიდან ფაქტობრივად არ გამოსულა: იყო ბრალდებული, მოპასუხე, მოწმე. ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის „შეკერილმა“ საქმეებმა, როდესაც შედეგი ვერ გამოიღო, პუტინი აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა.

2020 წლის 20 აგვისტოს ალექსეი ნავალნი მოსკოვში მიფრინავდა, რა დროსაც ცუდად გახდა და უგონოდ მყოფი თვითფრინავიდან პირდაპირ რუსეთის ქალაქ ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს… მისი პრესმდივანი კირა იარმიში თავიდანვე აცხადებდა, რომ ნავალნი მოწამლეს: “ჩაის გარდა არაფერი დაულევია. მანამდე არანაირი სიმპტომი არ ჰქონდა. თვითმფრინავში თავი ცუდად იგრძნო. მთხოვდა, რომ მასთან მელაპარაკა, რადგან კონცენტრაცია უჭირდა. მერე… გონება დაკარგა” , – ამბობდა მაშინ იარმიში. გერმანიაში სამკურნალოდ გადაყვანილი ნავალნის მოწამვლა მალევე დადასტურდა. 2020 წლის 3 სექტემბერს გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი საბრძოლო-ქიმიური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოწამლეს. მათივე ინფორმაციით, სამხედრო ლაბორატორიაში ჩატარებულმა ტოქსიკოლოგიურმა კვლევამ „ნოვიჩოკის“ ნერვული აგენტების კვალი აჩვენა. გერმანიის მაშინდელმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ერთი ვაი-ვიში ატეხა: ვოვა, ეს რას შვები, არ გრცხვენიაო? თან სანქციებით დაემუქრა პუტინს. თუმცა „კედელი და ცერცვი“ ხომ გახსოვთ? პუტინისთვის ეს „თამაში“ უკვე სახალისოც გახდა.

2018 წელს მამა-შვილი სკრიპალების, ხოლო 2020 წელს – ალექსეი ნავალნის მოწამვლა პუტინს შერჩა. დასავლეთის წაყრუება რუსეთის ხელისუფლების ახალი დანაშაულების წაქეზებად იქცა. თითქმის სამი ათწლეულია, რაც პუტინის ხელისუფლებისთვის პოლიტიკური ოპონენტების და მისთვის არასასურველი პირების თავიდან მოცილების ყველა ხერხი მისაღებია, რასაც “წარმატებით” ასრულებენ. თუმცა ისიც უნდა ითქვას: დასავლეთის პრობლემები და სისუსტე დემოკრატიის სპეციფიკითაცაა განპირობებული, რაც ხელს აძლევდა და ამჟამადაც ახალისებს მარგინალურ პოლიტიკურ რეჟიმებს.

2020 წლის დეკემბრის ბოლოს, ყოველწლიურ ბრიფინგზე, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მისთვის ჩვეული ორაზროვნებით განაცხადა: “ბერლინელი პაციენტის” მოკვლა რომ გვდომოდა, საქმეს ბოლომდე მივიყვანდითო. პუტინი ამ ოპოზიციონერ პოლიტიკოსში ეგზისტენციალურ საფრთხეს ხედავდა: თავად მისთვისაც და მისი რეჟიმისთვისაც. პუტინი ვერ დაუშვებდა, ნავალნი ცოცხალი რომ ყოფილიყო და თუნდაც დასავლეთში ეცხოვრა. პუტინი სტალინის „ფორმულით“ მოქმედებს: „არ არის ადამიანი, არ არის პრობლემა“. სწორედ ამიტომ ჩანდა თავიდანვე ნავალნის გარდაცვალება საეჭვო და არაბუნებრივი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ ევროპის ხუთი ქვეყნის ხელისუფლების ბრალდებებს „ინფორმაციის შემოგდება“ უწოდა, რომელიც მიზნად ისახავს დასავლეთის აქტუალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანას.

ასეთივე „მყარი არგუმენტები“ ჰქონდა საბჭოთა ხელისუფლებას 1989 წლის 9 აპრილს ჩადენილი დანაშაულის დასამალად. კიდევ ერთი საინტერსო გარემოება: საბჭოთა, შემდეგ კი რუსეთის სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფი „ალფა“ ახლაც პავლე სუდოპლატოვის „ გმირული მემკვიდრეობით“ და „ეროვნული საქმის“ გაგრძელებით ამაყობს.

კვირის პალიტრა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights