გურიის მოამბე

,,ირიბად აღიარებენ, რომ არალეგიტიმურები არიან” – პეტრე ცისკარიშვილი “ოცნებაზე”

,,ირიბად აღიარებენ, რომ არალეგიტიმურები არიან” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა და “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდება.

მისი თქმით, ისეთი დიქტატურის პირობებშიც კი, როგორიც საქართველოში ჩამოყალიბდა, ზოგიერთი კანონი “უბრალოდ მკვდრადშობილია”. 

პეტრე ცისკარიშვილი აღნიშნავს, რომ აღნიშნული კანონი ვერ იმუშავებს ისე, როგორც ჯერ-ჯერობით ვერ იმუშავა პარტიების გაუქმების ინიციატივამ.

,,ზოგიერთი კანონები, ასეთი დიქტატურის პირობებშიც კი, როგორიც, სამწუხაროდ, საქართველოში ჩამოყალიბდა უბრალოდ მკვდრადშობილია. ასეთი კანონები ვერ იმუშავებს, ისე როგორც მათი დაანონსებული პარტიების გაუქმების ინიციატივამ ჯერ-ჯერობით ვერ იმუშავა, სულ რაღაც 4-5 თვე დარჩათ, ნახევარი ვადა გავიდა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ განმწესრიგებელი სხდომაც კი არ ჩატარებულა საკონსტიტუციო სასამართლოში იმიტომ, რომ არის რაღაცები, რასაც, ადამიანების გადასაწყვეტი როდესაც არის, ამ შემთხვევაში კონკრეტულად იმ მოსამართლეების, რომლებიც ბათუმში სხედან, ვერ აიძულებენ, იქამდე ვერ მიჰყავთ, რომ პარტია არაფრის გამო აიღოს და უბრალოდ დახუროს, გააუქმოს და არა მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაზეა” საუბარი, სხვა პარტიების გაუქმებაც უნდოდათ.

არ არის [მოხსნილი დღის წესრიგიდან], მაგრამ ვერც დაძრეს. როცა უნდა მაშინ დაძრავს, ჩვენც გვაქვს იქ შემაგებებელი სარჩელები, არც ჩვენ გვძინავს, 2 სარჩელი ჩვენც შევიტანეთ იმ კომისიის წინააღმდეგ და ის კანონებიც გავასაჩივრეთ, რაც წინმსწრებად მიიღეს იმისათვის, რომ ეს მათი განზრახვა სისრულეში მოეყვანათ. 

ასე, რომ აქედანაც ვმუშაობთ და ყოველთვის მათ ქმედებას აქედან წინააღმდეგობა უნდა დავახვედროთ…

ასევე იქნება ეს კანონიც, რომ გამოვა 10 000 ადამიანი პირველივე აქციაზე და ხმამაღლა დაიძახებს, რომ არ გაღიარებთ, არ ხართ ლეგიტიმურები, რას იზამენ? ყველას შეყრიან ციხეებში? უბრალოდ ვერ გააკეთებენ, ასეთი მკვდრადშობილი კანონებით ისინი ერთგვარად აღიარებენ, ირიბად გამოსდით აღიარება, რომ მართლა არალეგიტიმურები არიან და კანონის ძალით უნდათ მოიპოვონ ლეგიტიმაცია. 

მორიგი არჩევნები რომ ჩატარდეს, შეიძლება იმ არჩევნების წინ კანონი მიიღონ, რომ ვინც 41-ს არ შემოხაზავს ყველას ციხეში გაგიშვებთ. დაახლოებით ასეთი ტიპის ინიციატივაა, რაც მათ თავებში მოიხარშა,” – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights