გურიის მოამბე

პროდუქტების გაიაფება – პოპულისტური იარაღი ავტორიტარი მმართველების ხელში

ავტორიტარული რეჟიმები ხშირად მიმართავენ პოპულისტურ რიტორიკას ფასების ზრდასთან დაკავშირებით: ხელისუფლება საზოგადოებას აჩვენებს, რომ იცავს მათ ინტერესებს, ხოლო ფასების ზრდის მიზეზად ხშირად „ხარბ“ ბიზნესმენებს ასახელებს.

მაგალითები მოწმობს, რომ მსგავსი ინიციატივები საზოგადოებრივი უკმაყოფილების განმუხტვას ისახავს მიზნად და უფრო მოკლევადიან ეფექტზეა ორიენტირებული, ვიდრე რეალურ და სისტემურ ცვლილებებზე.

პროდუქტების მაღალი ფასები საქართველოში დიდი ხნის გამოწვევაა, თუმცა პოლიტიკოსების დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ თემად, სულ ახლახან იქცა.

პოსტსაბჭოთა სივრცეში არაერთი მაგალითი არსებობს, სადაც ხელისუფლებები წლების განმავლობაში სწორედ ასეთ პოპულისტურ რიტორიკას იყენებდნენ.

ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ბელარუსია და მისი პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელიც წლებია ბელარუსში „სამართლიანი“ ფასების ფორმულის შემუშავების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.

ლუკაშენკოს საჯარო განცხადებები ბელარუსში მაღალი ფასების პრობლემებზე, 2011 წლიდან იძებნება, მისი უახლესი განცხადება ამავე საკითხზე 2026 წლის 17 თებერვლით – ლუკაშენკომ ტრადიციული მკაცრი ტონით მიმართა მინისტრებს და თქვა, რომ გასულ წელს ძირითად პროდუქტებზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ეს იმ პირობებში, როცა ზოგიერთმა ფერმერმა, არ იცოდა ბოსტნეული სად წაეღო.

„ყველაზე საგანგაშო და აღმაშფოთებელი ის არის, რომ ფასების ეს ზრდა, მოგეხსენებათ, ვიღაცის ჯიბეში მიდის“, – მიანიშნა მან ბიზნესმენებზე.

ლუკაშენკომ ყველაზე მასშტაბური „ომი მაღალ ფასებთან“ 2022 წელს გამოაცხადა, როცა ლუკაშენკოს ინიციატივით, მაღაზიებსა და სავაჭრო ქსელებს აეკრძალათ პროდუქტებზე ფასების ზრდა. იმავე წელს, ინფლაციის შეკავების საბაბით, ბელარუსში გამოიცა მთავრობის ახალი დადგენილება, რომლითაც ამოქმედდა ფასების რეგულირების სისტემა.

ლუკაშენკო: „რა მოხდა? ერთი მხრივ – სანქციები და ე.წ. იმპორტირებული ინფლაცია… მაშ, რატომ გაიზარდა ბელორუსული საქონლის ფასები? თავდაპირველად, სპეკულანტები ადვილად სარგებლობდნენ მყიდველებისგან მოგებით. ზოგიერთმა ვალუტის კურსის რყევების შემდეგ ფასები გაზარდა, მაგრამ როდესაც რუბლი გამყარდა, მათ დაავიწყდათ ფასის დაწევა. სხვები არ ყოყმანობდნენ საქონლის 300%-იანი ფასნამატით გაყიდვას“.

ამ დროს საცალო სავაჭრო ობიექტებს სამართალდამცავი ორგანოები ამოწმებდნენ და რეგულაციის დამრღვევებს აპატიმრებდნენ კიდეც.

2025 წლის არჩევნების შემდეგ, როცა ლუკაშენკო მეშვიდედ გახდა პრეზიდენტი, მან კვლავ მკაცრად გაკიცხა ჩინოვნიკები იმის გამო, რომ პროდუქტის ფასები ქვეყანაში ისევ მაღალია:

„ჩვენ გვიყურებს ხალხი, ჩვენ მხარს გვიჭერენ, ჩვენ აღფრთოვანებულები ვიყავით, რომ ჩვენ მოგვცეს ხმა ბოლო არჩევნებზე, ხალხმა დაგვიჯერა, ჩვენ კიდევ რა ვქენით? ჩვენ კიდევ როგორც საზიზღარი ტარაკნები – არჩევნებმა ჩაიარა და აბა მიდით! …გაფრთხილებთ, არავის ექნება უფლება ხალხი გაასულელოს. მე, პირადად, პირველი ავიღებ ამაზე პასუხისმგებლობას, შემდეგ მთავრობის წევრები და გუბერნატორები“, – თქვა მან.

ბელარუსში მაღაზიებში პროდუქტების ფასებს დღემდე პერიოდული რეიდებით კონტროლდება, დამრღვევებს კი ჯარიმებითა და ვაჭრობის უფლების აკრძალვით სჯიან.

ამავდროულად, საერთაშორისო კვლევები და საგამოძიებო მასალები მიუთითებს, რომ ბელარუსში ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი  სახელმწიფო აკონტროლებს და მსხვილი ბიზნესის ნაწილი პირდაპირ არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან. „კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის“ (OCCRP) ანგარიშის თანახმად, ლუკაშენკო ბიუჯეტის ფულს, საკუთარ ოჯახთან დაკავშირებული ოლიგარქების წრისკენ მიმართავს.

„ჩვენ დავიჭერთ და მკაცრად დავსჯით მათ, ვინც საკვებ პროდუქტებზე ფასებს ზრდის“ – ეს ყაზახეთის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის სიტყვებია, რომელიც 1991 წლიდან 2019 წლამდე, ანუ 28 წელი იკავებდა პრეზიდენტის თანამდებობას.

„ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა, ფასები არ უნდა გაიზარდოს, განსაკუთრებით სოციალურად მნიშვნელოვან საქონელზე, ყაზახეთში წარმოებულ საკვებ პროდუქტებზე. მოგების მიზნით ფასები არ უნდა გაიზარდოს. ჩვენ დავიჭერთ და მკაცრად დავსჯით ასეთ ადამიანებს. მთავრობა ამას გააკონტროლებს“, – თქვა მან 2016 წელს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.

ამავდროულად ცნობილი იყო, რომ ყაზახეთი ეკონომიკას, პრეზიდენტ ნაზარბაევთან დაკავშირებული კლანების ქსელი აკონტროლებდა, მთავრობასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის ენერგეტიკის სფეროში, ქრთამს მოითხოვდათავად ნაზარბაევის აქტივების ღირებულება კი მინიმუმ 8 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ყაზახეთში დღემდე გრძელდება მკაცრი რიტორიკა „ოლიგოპოლიების“ წინააღმდეგ.  პრეზიდენტი ყასიმ-ჟომართ თოყაევი, რომელიც 2022 წელს ვადამდელი არჩევნების შედეგად მეორედ გახდა პრეზიდენტი 7 წლის ვადით,  საკვებ პროდუქტებზე ფასების ზრდის ერთ-ერთ მიზეზად ამ სექტორში არსებულ კორუფციას მიიჩნევს.

წლებია „ხელოვნურად მომატებულ ფასებზე“ ლაპარაკობს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევიც. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკას თითქმის სრულად აკონტროლებენ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები, რიტორიკა მუდამ „ხარბი ბიზნესმენების“ დასჯაზეა ორიენტირებული. ალიევი შესაძლო კარტელურ გარიგებებზეც საუბრობს.

„მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ინფლაციის მაჩვენებელი დაბალია, ზოგიერთ შემთხვევაში, ფასების ხელოვნური ზრდა შეინიშნება. შესაბამისმა ორგანოებმა სერიოზულად უნდა მიხედონ ამ საკითხს“, – აცხადებდა ალიევი 2019 წელს, მთავრობის ერთ-ერთ მორიგ შეხვედრაზე. 

ალიევი: „მუდმივი ზედამხედველობა უნდა იყოს სამომხმარებლო ბაზარზე, რადგან არ არის გამორიცხული კარტელური გარიგებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ დავუშვებთ ფასების ხელოვნურად აწევას. უნდა არსებობდეს ძალიან სერიოზული ზედამხედველობის მექანიზმი. ეს სფერო მუდმივად უნდა იყოს ყურადღების ცენტრში“.

ალიევი, 2016 წელს: „აზერბაიჯანში წარმოებული საქონლის ფასების ზრდა შეუძლებელია და არ უნდა მოხდეს… ვიცი, რომ ზოგიერთ უსინდისო ადამიანს, მოვაჭრეს სურს [მანათის] კურსის საკითხის ბოროტად გამოყენება. ეს უნდა დასრულდეს. ფასების ხელოვნური ზრდა უნდა შეწყდეს… პროკურატურა სერიოზულად უნდა ჩაერთოს ამ საქმეში. ძალიან მკაცრი სასჯელები უნდა იქნას გამოყენებული მათთვის, ვისაც სურს სიტუაციის საკუთარი სარგებლისთვის გამოყენება“.

სანამ ალიევი კარტელურ გარიგებებზე საუბრობს, საერთაშორისო საგამოძიებო მასალები მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის დიდი ნაწილი სწორედ მმართველ ელიტასთან არის გადაჯაჭვული. მაგალითად, Panama Papers-ის დოკუმენტები აღწერს ალიევის ოჯახის ოფშორულ აქტივებსა და კომპანიებს, „კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის კვლევის ცენტრის“ (OCCRP) ერთ-ერთი გამოძიება აჩვენებს, რომ მსხვილი კონგლომერატები, მათ შორის AtaHolding და Pasha Holding, მჭიდროდ არიან დაკავშირებული პრეზიდენტის ოჯახის წევრებთან და ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან.

ბათუმელები

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share
Verified by MonsterInsights