გურიის მოამბე

ირაკლი ღარიბაშვილი ქვეყანაში მომრავლებულ “თვითმკვლელობებზე” ალაპარაკდა

ქვეყნის ორგზის პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი, ციხიდან გამოგზავნილ წერილში, საქართველოში მომრავლებულ, საეჭვო თვითმკვლელობებზე ალაპარაკდა; თემა იმდენად რეზონანსულია, რომ მას ხელისუფლებაც და ოპოზიციაც გამოეხმაურა:

“პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი? – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილშია ნათქვამია, რომელიც მის პირად „ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მმართველობის დროს.

“12 თებერვალს, კობახიძისა და მდინარაძის დავალებით შემომიგზავნეს 2026 წლის 2 თებერვლის გაზეთ „ასავალ-დასავალის“ სტატია. აღნიშნულ სტატიაში ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე ინტერვიუს ართმევს ყოფილ უფლებადამცველ ლაზარე ჯორბენაძეს. სტატია ძირითადად კობახიძის კრიტიკას და მის მიმართ გამოთქმულ მძიმე ბრალდებებს ეძღვნებოდა.

გადმომცეს პრეტენზიული გზავნილი, რომელშიც გამოთქმული იყო აბსოლუტურად ცრუ აღქმაზე დაფუძნებული ეჭვი — ხომ არ ვიდექი მე ხსენებული სტატიის უკან. სხვა დეტალებს შეგნებულად არ ვწერ, თუმცა ძირითადი ბრალი და პრეტენზია სწორედ ის იყო, რომ მსგავსი კრიტიკული სტატიების უკან ჩემს კვალს ხედავდნენ.

ჩემი რეაქცია, რა თქმა უნდა, უკიდურესად ნეგატიური იყო და შევუთვალე, მსგავსი კითხვებითა და პრეტენზიებით ჩემთან მეორედ აღარ მოსულიყვნენ, რომ ასეთი შეკვეთილი სტატიები ჩემი ხელწერა არ არის და მათთვის არის დამახასიათებელი. მოგვიანებით ეს კრიტიკული ბრალდებები ხშირად მეორდებოდა ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერშიც. ახლა უკვე ჩემთვის სურათი ნათელია და პასუხი ყველა საკითხზე არის გაცემული, თუ რატომ ჩამიწერეს წერილის პირველ პუნქტად, რომ „დიტო ჩუბინიძისნაირმა და ირმა ინაშვილისნაირმა მხარდამჭერებმა“ სერიოზული ეჭვები გააჩინეს და ძალიან დააზიანეს კობახიძე-მდინარაძის გუნდის ინტერესები.

მთელი ეს ისტორია, ალბათ, საჯაროდ მოსაყოლი არც იქნებოდა, სრულიად შემთხვევით რომ არ გამეგო, რომ დიტო ჩუბინიძის ხსენებული სტატიის რესპონდენტმა, სტატიის გამოქვეყნებიდან გარკვეული ხნის შემდეგ, თავი მოიკლა…

ასევე ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის, თვითმკვლელობასთან დაკავშირებით თავად გაზეთი „ასავალ-დასავალი“ ღიად სვამდა კითხვებს და ეჭვქვეშ აყენებდა მისი თვითმკვლელობის ვერსიას.

პასუხი უნდა გაეცეს შემდეგ კითხვას: რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?

ამ კითხვას საჯაროდ ვსვამ, რადგან საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“,-წერს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში ამხელს კობახიძეს და მდინარაძეს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია წერს, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წერილს ეხმაურება.

ნიკა გვარამიას თქმით, საზოგადოებისთვის ცნობილი თვითმკვლელობები და თვითმკვლელობის მცდელობები ლეგიტიმურ შეკითხვებს ბადებს და ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, ამ შეკითხვებს მეტ სიმწვავესა და აქტუალურობას სძენს.

„ღარიბაშვილი თავის წერილში თვითმკვლელობით შენიღბულ მკვლელობებში რომ ამხელს კობახიძეს და მდინარაძეს, უინტერესო და დასაიგნორირებელი ვერ იქნება.

თუ მაინცა და მაინც უნდა გავიხსენოთ ამ პერიოდების თვითმკვლელობები ან თვითმკვლელობის მცდელობები (აქამდე საზოგადოებისთვის ასეა ცნობილი), ესენია:

თორნიკე რიჟვაძე, 2025 წლის ივლისი (მცდელობა);

დავით გოგობერიშვილი, გლდანის ციხის დირექტორი, 2025 წლის ოქტომბერი (ფიგურირებდა ბაჩიაშვილის საქმეში);

სუსის თანამშრომელი, ჩაქვის ტურბაზის ტერიტორიაზე, სახელი სუსს არ გაუმჟღავნებია, 2025 წლის ოქტომბერი;

სიმონ წაქაძე, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი, 2026 წლის იანვარი;

როგორც თავად ღარიბაშვილი წერს, მათ რიგში უნდა განვიხილოთ უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძე (წარსულში კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილე), 2026 წლის აპრილი;

ხაშურში, საკუთარ მანქანაში, სუსის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი, სახელი და გვარი არ გაუმჟღავნებია სუსს, 2026 წლის მაისი;

ბაქარ ბექაური, გორის პოლიციის განყოფილების დეტექტივი, 2026 წლის 7 ივნისი (მონაწილეობდა გორის პოლიციის თანამშრომლების მიერ მოქალაქის ცემის სკანდალში, რისი ვიდეოკადრებიც საჯაროდ გავრცელდა);

ფართოდ გავრცელებული, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაციით, ასევე, სუსის და პროკურატურის ზეწოლის შედეგად თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე დავით ნანავამ, ღარიბაშვილის ცოლის ძმის სიმამრმა, 2026 წლის აგვისტო;

ჩამონათვალში არის სახელები და გვარები, ვისთან დაკავშირებითაც საზოგადოებაში არსებობს ლეგიტიმური შეკითხვები. ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება, ბუნებრივია, ამ შეკითხვებს მეტ სიმწვავესა და აქტუალურობას სძენს“, – წერს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილში ნათქვამია, რომ საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის მმართველობის დროს.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი ბოლო განცხადებაში არსებული ფორმულირებები “საგანგაშოა”.

დეკანოიძის თქმით, ყოფილი პრემიერი “ხელს ადებს” პრემიერ-მინისტრ კობახიძეს და “ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს, რომელმაც პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განაცხადა, რომ ისინი “კლავდნენ ან თვითმკვლელობამდე” მიჰყავდათ ადამიანები.

“ღარიბაშვილის ეს წერილი ამყარებს იმ ეჭვებს, რომელიც საზოგადოებას დიდი ხანი ჰქონდა:

განსაკუთრებით რიჟვაძისა და ციხის უფროსი დავით გოგობერიშვილის შემთხვევებში.

“არაერთი თვითმკვლელობა” – ეს არის ფორმულირება მის წერილში და საკმაოდ საგანგაშო.

მსგავსი ფორმულირება ეხება ადამიანების სიცოცხლეს და უმძიმეს დანაშაულს, რომელზეც მიანიშნებს ღარიბაშვილი.

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ივანიშვილის ყველაზე დიდი ხნის მსახური ხელს ადებს კობახიძე/მდინარაძეს, რომ კლავდნენ ან თვითმკვლელობამდე მიჰყავდათ”, – წერს დეკანოიძე.

“მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მის მიერვე აღიარებული კორუფციული დანაშაულის შემდეგ საპატიმროდან “ქართული ოცნების” და პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიმართ შეურაცხმყოფელი, ბინძური კამპანია დაიწყო – მე, როგორც პარტიის რეგიონალურ მდივანს, საჯარო პოზიცია აქამდე არ დამიფიქსირებია.
მაინტერესებდა და ველოდებოდი, რა გზას გაივლიდა თვითაღიარებული კრიმინალი, დეგრადაციის რა დონეს მიაღწევდა ადამიანი, რომელიც სამწუხაროდ, ერთ დროს ჩვენი გუნდის ლიდერი იყო და რომელმაც, ასევე სამწუხაროდ, ჯერ კორუფციაში გაისვარა ხელი, შემდეგ დანაშაული აღიარა და სასჯელს თავად დასთანხმდა. სამწუხაროდ – ღარიბაშვილი მის მიერვე უკანონოდ მოხვეჭილი ფულით მის მიერვე დაფინანსებული საპირფარეშოს მაკულატურის – “ასავალ – დასავალის” დონეზე დაეშვა..
ცხადია, მე არ ვაპირებ ამ ადამიანის ბოდვების შინაარსობრივ განხილვას, რადგან არც ერთი მისი სიტყვა რაციონალურ მსჯელობას არ ექვემდებარება. მისი პიროვნული, პოლიტიკური და ადამიანური ტრაგედიაა, რაც მის თავს ხდება. მე უბრალოდ მინდა ვუთხრა ჩვენი პოლიტიკური გუნდის დიდ ოჯახს – ეს არის მორიგი გაკვეთილი, თუ რა მძიმედ, ამავე დროს რა ტრაგიკულად ამთავრებს ადამიანი კარიერას, რომელიც უღალატებს ჩვენს იდეალებს, პირად მატერიალურ კეთილდღეობას გაცვლის სამშობლოზე, პრინციპებსა და გუნდურ ერთიანობაზე.
დაბოლოს, “ქართული ოცნების” ერთგულ ჯარისკაცებს, ნამდვილებს მივმართავ – სამშობლოს დაბრუნებისთვის, აგენტურის მოშორებისთვის და ქვეყნის გათავისუფლებისთვის ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა 2011 წელს დაიწყო ერისკაცის ხელმძღვანელობით, მას შემდეგ ჩვენი თითოეული დღე არის ხალხის დიდი გამარჯვების შენარჩუნების, ამ ძვირფასი მონაპოვარის გაფრთხილების პროცესი, ხოლო ამ რთულ გზაზე ნანახი არაერთი ღალატის საპირწონეა ის ერთიანობა, რასაც ჩვენ, “ქართული ოცნების” ნამდვილი ჯარისკაცები ვაჩვენებთ ერთმანეთს და ამ მტკიცე ერთობით ვამაგრებთ ჩვენს სამშობლოს.“ – წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.
Verified by MonsterInsights