“ევროკავშირს რუსეთის Sputnik V ვაქცინა არ სჭირდება და კოვიდ 19-ის იმუნიტეტის მიღწევა მთელ კონტინენტზე ევროპული წარმოების ვაქცინის გამოყენებით არის შესაძლებელი” – ამის შესახებ ევროკომისარმა შიდა ბაზრის საკითხებში ტიერი ბრეტონმა განაცხადა, რომელიც ევროკავშირის ვაქცინებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო ჯგუფს ხელმძღვანელობს.
”Sputnik V საერთოდ არ გვჭირდება. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ივნისის ბოლომდე 300-350 მილიონამდე დოზის მიწოდება და შესაბამისად, 14 ივლისისთვის იმუნიტეტის მიღწევა მთელი კონტინენტის მასშტაბით შევძლოთ” – აღნიშნა ბრეტონმა.
ევროკომისარის ამ კომენტარს რუსული ვაქცინის მწარმოებელი გამოეხმაურა და ბრეტონი სუბიექტურობაში დაადანაშაულა.