“ქალის მიმართ ძალადობაზე, განსაკუთრებულად მგრძნობიარე ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ქალიშვილის მამა ვარ და ერთი წამითაც ვერ დავუშვებ, მის თვალებზე ტკივილით სავსე ცრემლებს.
ბავშვობაში მამას ვკითხე, რატომ აკეთებდა ქალის ხელსაქმეს, როცა ის კაცი იყო?
მოკლედ მიპასუხა: იმიტომ რომ დედაშენის ღირსებას ვიცავო.
მაშინ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა ამ სიტყვებში (???)
ერთხელ სტუმრად წამიყვანა მეგობრის ოჯახში. ზედ გადამყვა მასპინძელი, რომ რაიმე შემეჭამა. პირი ვერაფერს დავაკარე, რადგან იქაურობა ქაოსურად მოუწესრიგებელი იყო.
უკან რომ ვბრუნდებოდით, მისაყვედურა, ასე აღარასოდეს მოიქცეო. ვერ დავმალე და ვუთხარი, შენს მეგობარს ძალიან ცუდი ცოლი ჰყოლია მეთქი. გაუკვირდა, შენ რა იცი, მისი ცოლი სახლში ხომ არ დაგვხვდა-ო?
მერე რა, დაელაგებინა სახლი და ისე წასულიყო მეთქი.
ამიხსნა, რომ ქალბატონი ავადმყოფობდა და დროებით მშობლების ოჯახში იყო. ხოლო ის რაც მე არ მომეწონა, მისი ცუდი ცოლობის მიზეზი კი არა, ცუდი ქმრობის მაგალითი იყო.
მაშინ მივხვდი რას ნიშნავდა სიტყვები “დედაშენის ღირსებას ვიცავ-ო”.
დედას, სულ ოდნავ შეუძლოდაც რომ ეგრძნო თავი, მამა დაუფიქრებლად მის ადგილს იკავებდა.
პ.ს. ეს ისე უბრალოდ, მაყაშვილის დაგვიანებულ თეფშის გარეცხვაზე გამახსენდა…”-წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი სულა სულაშვილი სოციალურ ქსელში.