მმართველი პარტიის თავმჯდომარე ევროპარლამენტარების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მარინა კალიურანდმა, სვენ მიკსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა გაავრცელეს:
„ევროპარლამენტარების განცხადება ზუსტად გამოხატავს იმ საუბრების შინაარსს, რომელიც მათთან გვქონდა. ვსაუბრობდით იმაზე, რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია სწორი აღსრულება ამ შეთანხმების. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სხვა პოლიტიკურმა პარტიებმა არ გააგრძელონ რაღაც პოლიტიკური თამაშები, რაც დღეს, სამწუხაროდ, არის სახეზე. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს იმას, რომ საქართველოს პოლიტიკური პროცესები სათანადო მიმართულებით განვითარდეს და ამას ემსახურება ევროპარლამენტარების განცხადებაც“, – აღნიშნა კობახიძემ.
მან დასძინა, რომ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა აქვს და მმართველი გუნდი ქვეყანას ევროკავშირში შეიყვანს.
ევროპარლამენტარებმა მარინა კალიურანდმა, სვენ მიკსერმა და ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოში შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადება გაავრცელეს და დარჩენილ პოლიტიკურ პარტიებსა და პარლამენტის წევრებს შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდეს.