“როგორც ჩანს, „ოცნებაში“ თალაკვაძის ბოლო ლექსი არ მოეწონათ”

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა, მმართველმა პარტიამ კი აღნიშნულ თანამდებობაზე  კახა კუჭავა წარადგინა.

 

რას ცვლის „ქართული ოცნების“ საკვანძო თანამდებობაზე სახეების გადაადგილება, ამ საკითხზე „პრაიმტაიმთან“ პოლიტიკის ექსპერტი გია ხუხაშვილი საუბრობს:

„ეს არის ერთი კაცის, არაკონსტიტუციური პიროვნების წარმოდგენებით მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც ვიღაცას შემოიყვანს პოლიტიკურ არენაზე და ვიღაცას – გაიყვანს.

როგორც ჩანს, თალაკვაძეს ბოლო ლექსი მაინცდამაინც კარგად არ გამოუვიდა და ვიღაცას მისი დაწერილი ბოლო ლექსი არ მოეწონა. თალაკვაძე ხომ ძირითადად პოეტი იყო, ის პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა.

ბუნებრივია, ამ გადაადგილებით არაფერი იცვლება, ვინმეს ახსოვს წინა პრემიერ-მინისტრი? ბუნებრივია, არა.

კითხვაზე, არის თუ არა ეს „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება? – ხუხაშვილი გვპასუხობს:

„მას შემდეგ რაც ღარიბაშვილი პრემიერი გახდა, ასეთი განცდა გაჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა, ღარიბაშვილს დამოუკიდებლად არაფრის გაკეთება შეუძლია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დღეს დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share