შესაძლოა, ბევრმა არც იცოდეს, რომ თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მასაჟისტი ანზორ გაბიტაშვილი 1981 წლის ტრიუმფალური მატჩის ბურთის გარდა კიდევ ერთ ისტორიულ ბურთს ფლობს… 1989 წლის ნოემბერში, ლანჩხუთის „გურიამ“ ტაშკენტის „ფახთაგორს“ 4:2 მოუგო და მეორედ მოიპოვა უმაღლესი ლიგის საგზური. მაშინ უკვე „გურიას“ ექიმი-მასაჟისტი გაცილებით იოლად გახდა გადამწყვეტი მატჩის ბურთის მფლობელი, ვიდრე 8 წლის წინ, როცა იტალიელ რეფერის რიკარდო ლატანცის ხელიდან გამოსტაცა. „სანამ 13 მაისის ფინალში მონაწილეობისთვის გავფრინდებოდით, „დინამოს“ ბაზაზე შევიკრიბეთ, მთავრობის წარმომადგენლებიც იყვნენ. იქ გამოვედი სიტყვით და ვთქვი, რომ ჩვენ ამ თასს ავიღებთ და ბურთი უნდა მოვიტაცო-მეთქი. მოკვდნენ სიცილით. როცა ვიტალი დარასელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა, ნოდარ ახალკაცმა იდაყვი მომარტყა _ შენი დრო მოვიდაო. ასეთი თამაში იყო და ჩემი ნათქვამი ახსოვდა! მსაჯისთვის ბურთის წართმევა ხიზანიშვილსა და თავაძეს სურდათ, მაგრამ მე მოვასწარი, წავართვი, ჩამოვაგდებინე და გავიქეცი. გასახდელში წავედი და იქ დავმალე. ღმერთმა ქნას და ჩვენმა რომელიმე გუნდმა ასეთ გამარჯვებას მიაღწიოს. შეიძლება ბურთი ვერ წამოიღონ, მაგრამ ხომ გაიმარჯვებენ. ეს მინდა, ესაა ჩემი ოცნება“ – ასე იხსენებდა ანზორ გაბიტაშვილი იმ ბურთის „ქურდობას“, რომელმაც ქართულ ფეხბურთს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა. რაც შეეხება „გურიას“, მან კლუბში 5 წელი (1987-92) წელი იმუშავა. ეს ის წლებია, რომელიც „გურიას“ ისტორიაში საუკეთესოდ ითვლება: სსრკ-ის უმაღლესი ლიგა, ზემონახსენები უმაღლესი ლიგის საგზურის (და ბურთის) მოპოვება, პირველი ეროვნული თასი და ორჯერ ვიცე-ჩემპიონის ტიტული. 1990 წლიდან იგი საქართველოს ეროვნულ ნაკრებშიც მუშაობდა…
წყარო: გურია თუდეი