ამერიკა ღარიბი ქვეყნებისთვის Pfizer-ის 500 მილიონ დოზას შეისყიდის

თეთრი სახლის განცხადება დიდი შვიდეულის ბრიტანეთში დაგეგმილი შეხვედრის წინ გაკეთდა. ვაშინგტონი ანალოგიური ნაბიჯის გადადგმისკენ შვიდეულის სხვა ქვეყნებსაც მოუწოდებს.

ფაიზერის 500 მილიონი დოზა მსოფლიოს 100 ღარიბ ქვეყანაზე გადანაწილდება. ამასთან, ვაშინგტონი მათგან სანაცვლოდ არაფერს მოითხოვს. თეთრი სახლის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს ნაბიჯი მხოლოდ ინფექციის გავრცელების შეჩერებას და ადამიანთა სიცოცხლის ხსნას ემსახურება. 2020-21 წლებში პანდემიამ თითქმის 4 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

შეერთებულ შტატებში კოვიდ-19-ის ვაქცინის ერთი დოზით, ზრდასრული მოსახლეობის უკვე 64 პროცენტია აცრილი. ამერიკაში ამჟამად სამი კომპანიის ვაქცინით ცრიან: ფაიზერ-ბიონტექი (2 დოზა), მოდერნა (2 დოზა), ჯონსონი და ჯონსონი (1 დოზა).

ფაიზერ-ბიონტექი

ფაიზერის ვაქცინა კოვიდ-19-ის ფრონტზე ჯერჯერობით ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ვაქცინად ითვლება. ის ამერიკულმა კომპანიამ გერმანულ ბიონტექთან ერთად შეიმუშავა. კომპანიების ერთობლივი განცხადებით, ისინი ვაშინგტონს წლის განმავლობაში 200 მილიონი დოზით უზრუნველყოფენ, 300 მილიონი დოზის გამოშვება კი 2022 წლის პირველ ნახევარში მოხდება.

ფაიზერის უფროსი აღმასრულებელი ოფიცერი ალბერტ ბურლა ამბობს, რომ ამ დოზებს ისინი ვაშინგტონს არაკომერციულ ფასში მიაწვდიან.

“ჩვენი პარტნიორობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობასთან, ვაქცინის ასობით მილიონი დოზით რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველყოფს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებს”, — აღნიშნავს ის.

ზღვაში წვეთი

სიღარიბესთან მებრძოლი ჯგუფი ოქსფამი მიესალმება ამგვარ ქველმოქმედებას. თუმცა, მისი ხელმძღვანელი ამბობს, რომ ეს არსებულ საჭიროებასთან შედარებით, ზღვაში წვეთია.

“რა თქმა უნდა, ძალიან კარგია ვაქცინის ეს 500 მილიონი დოზა, რადგან ის 250 მილიონზე მეტ ადამიანს დაეხმარება, მაგრამ მსოფლიოში არსებული მოთხოვნის ფონზე, მაინც ზღვაში წვეთია”, — ამბობს ოქსფამის ამერიკული წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ნიკო ლუსიანი. ორგანიზაცია ფარმაცევტულ კომპანიებს ვაქცინების წარმოების გაზრდისკენ მოუწოდებს.

ლუსიანი გამოსავალს ლიცენზირების რეგულაციების შემსუბუქების შედეგად, კვალიფიციური წარმოების გაზრდაში ხედავს. მისი თქმით, ეს ქვეყნებს მილიარდობით იაფი ვაქცინის ადმინისტრირების საშუალებას მისცემს.

ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების გაუქმებას ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც ემხრობა. თუმცა, ჯერჯერობით ამ საკითხზე საერთაშორისო დონეზე კონსენსუსის მიღწევა ვერ ხერხდება.

500 მილიონი დამატებითი ქველმოქმედებაა

თეთრი სახლის მიერ ფაიზერის ვაქცინის 500 მილიონი დოზის შესყიდვა, უკვე აღთქმულ 80 მილიონ დოზას დაემატება. 2 მილიარდი დოლარის ღირებულების 80 მილიონ ვაქცინას ამერიკა კოვაქსის პროგრამას გადასცემს.

კოვაქსი მთელ მსოფლიოში კოვიდ-19-ის ვაქცინების სამართლიან გადანაწილებას უზრუნველყოფს. მას კოორდინაციას უწევენ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გავი — ვაქცინაციის და იმუნიზაციის გლობალური ალიანსი. თეთრი სახლის ინიციატივას ორივე საერთაშორისო ორგანიზაცია მიესალმა.

ამას გარდა, ვაშინგტონი კოვიდ-19-ის წარმოებას სხვა ქვეყნებშიც შეუწყობს ხელს. მათ შორის სახელდება ქუადის ინიციატივა იაპონიაში, ინდოეთში და ავსტრალიაში.

https://on.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share