ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი დანიის ნაკრების კაპიტნის მოულოდნელად შეუძლოდ გახდომას გამოეხმაურა და იმ პირველადი დახმარების შესახებ განმარტა, რომელიც ნებისმიერმა ადამიანმა უნდა იცოდეს.
„ახლა, რაც საფეხბურთო მოედანზე ვნახეთ, ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას და ამ მდგომარეობიდან ადამიანის გამოყვანა პირდაპირ კავშირშია დახმარების დროსთან და დეფიბრილატორის ხელმისაწვდომობასთან.
დეფიბრილატორი უნდა იყოს ყველგან, სადაც ბევრი ადამიანი იყრის ერთდროულად თავს. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სამედიცინო პერსონალის ნებისმიერი წევრი ზედმიწევნით ზუსტად უნდა ფლობდეს პირველი დახმარების ტექნიკას. ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეიძლება ამ მარტივი წესების დაცვით.
გადარჩენილ სიცოცხლეებს შორის იქნებოდა მამაც, რესპუბლიკური საავადმყოფოს მორიგე ექიმს ოდნავი წარმოდგენა რომ ჰქონოდა ამ პროცესზე…“, – წერს გეგეჭკორი.
ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე დანიისა და ფინეთის ნაკრებების შეხვედრის მიწურულს დანიის ნაკრების კაპიტანი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გაზონზე უგონოდ დაეცა.
ფეხბურთელს მაშინვე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და რამდენიმე წუთის განმავლობაში ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ, საბოლოოდ ექიმებმა კრისტიან ერიქსენი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას სავარაუდოდ, გულის შეტევა დაემართა.