საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარის ეკა ლალიაშვილი:
“უსაფრთხოების ღვედები არის დაცვის მეორადი მექანიზმი, რომელიც საგზაო შემთხვევის დროს მძღოლს თუ მგზავრს იცავს 40-60%-მდე სხვადასხვა ხარისხის დაზიანების, ან ლეტალური შედეგისგან.
2010 წელს საქართველოში სავალდებულო გახდა მძღოლისთვის და წინ მჯდომი მგზავრისთვის ქალაქის გზებზე ღვედის გამოყენება და დადებითი შედეგი იმთავითვე აისახა: 2011 წელს წინა წელთან შედარებით, 12%-ით შეამცირა სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები, ხოლო 23%-ით ლეტალური შედეგები.
გასათვალისწინებელია, რომ საგზაო შემთხვევისას უკან მჯდომი უღვედო მგზავრი წინ მჯდომ მგზავრს/ მძღოლს გაზრდილი წონით ეჯახება, რასაც შესაძლოა მძიმე შედეგები მოყვეს. შესაბამისად, უკანა სავარძელზე ღვედის გამოყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია როგორც წინ და უკან მსხდომი მგზავრებისთვის, ასევე მძღოლისთვის.
ევროპულ ქვეყნებში უკვე ათწლეულებია უსაფრთხოების ღვედების გამოყენება კანონმდებლობით რეგულირდება როგორც წინა, ასევე უკანა სავარძელზე განთავსებული პირებისთვის.
ვფიქრობ, სატრანსპორტო საშუალებებში უკანა სავარძელზე ღვედების გამოყენების კანონპროექტის განხილვისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოში არსებული ავტოპარკის მდგომარეობა და დაშვებული იქნას გამონაკლისად ისეთი ტრანსპორტი, რომელსაც კონსტრუქციულად არ აქვს უსაფრთხოების ღვედები უკანა სავარძელზე დამონტაჟებული“, – განაცხადა ლალიაშვილმა.