სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ტემპერატურის მატებასთან ერთად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაერთი დაავადების გადამტანი ჰექტოპარაზიტები აქტიურდებიან. განსაკუთრებით საყურადღებოა ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება, რომელიც ადამიანისთვის ლეტალურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.
დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს:
გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის შესაბამისად, უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ;
მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ;
დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
სააგენტოს ცნობით, მიმდინარე წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ინსექტოაკარიციდული პრეპარატებით სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლის რეგიონებში, დაავადების გამოვლენის კერებში, 5 000-ზე მეტი სული მსხვილფეხა პირუტყვი დაამუშავეს.
ცნობისთვის, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.
http://www.resonancedaily.com/