Pfizer-ის ვაქცინა საქართველოში ჩამოიტანეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს, თუმცა კონკრეტულად რა რაოდენობის ვაქცინა ჩამოვიდა, უცნობია.
ამ ვაქცინით ასაცრელად რეგისტრაცია დღეს, 14 ივლისს 15:00 საათიდან დაიწყება, უშუალოდ აცრის პროცესი კი 16 ივლისიდან. ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, 21-28 დღის ინტერვალით კეთდება.
“უსაფრთხოებიდან გამომდინარე „ფაიზერითა” და “ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია მხოლოდ კლინიკებში იქნება შესაძლებელი. ხოლო ჩინური ვაქცინებით “სინოფარმით” და “სინოვაკით” იმუნიზაცია მოქალაქეებს დამატებით მოწყობილ ვაქცინაციის ცენტრებშიც შეეძლებათ”, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე – booking.moh.gov.ge-ზე, კონსულტაციის მიღება შესაძლებელია – 144-3-ზე.
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ხელშეკრულების ფარგლებში საქართველო ეტაპობრივად 1 000 350 დოზა ვაქცინას მიიღებს.