იზოლაციის, კარანტინის, პირბადის ტარების წესისა და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დამრღვევ პირებს ამნისტია შეეხებათ. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტები, რომლებიც პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დამრღვევ პირებს შეეხება.
აღნიშნული ინიციატივით, 2021 წლის 23 ივნისამდე, ვინც იზოლაციის ან/და კარანტინის წესი, პირბადის ტარების წესი და საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი დაარღვია (იგულისხმება ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული პირები თუ და სისხლის სამართლის წესით უკვე აღძრული საქმეები), ყველას ამნისტია შეეხება.
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმის აღუსრულებელი ნაწილისგან გათავისუფლდებიან ის პირები, რომელთა მიმართაც ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება ამ კანონის ამოქმედებამდე არ აღსრულებულა.
„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი პირი თავისუფლდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან და ითვლება ნასამართლობის არმქონედ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტების პლენარულ სხდომაზე განხილვას.
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ამ ინიციატივის ფარგლებში, ამნისტია შეეხება დაახლოებით 245 ათას მოქალაქესა და 344 იურიდიულ პირს.