ღმერთო ჩემო, საიდან დავიწყო დღევანდელი პროვოკაციის წერა, ვერ გამიგია, რადგან “ასარჩევად” მაქვს საქმე. დაღუპული ავსტრალიელი ქალის მოკვლის გამო მოვიქოთქოთეთ – დავწყევლეთ საკუთარი ეთნიკურობა, შევაჩვენეთ ჩვენივე თავი, ვუწოდეთ ნაძირალა, მკვლელი, ზარმაცი, დონდლო და ყველა ის ეპითეტი გამოვიყენეთ “საჩვენოდ”, თავმოყვარე ადამიანი არავის რომ არ შეჰკადრებს!
ამ მიცვალებულს, ტრადიციისამებრ, სწრაფად მივივიწყებთ (მე თქვენ გეტყვით და, ცოტა დაგვივიწყებია!..), მაგრამ რუსთავის მერობის ქოც კანდიდატზე არ გვავიწყდება, რომ მამამისი თავის დროზე “ნაციონალურ მოძრაობას” აფინანსებდა, ზოგან სულაც
წმინდა წყლის ენმ-ელი წარმოადგინა კანდიდატებად მმართველმა პარტიამ და ამ დროს ღარიბაშვილის მთავრობას დიდი სასოებით ვუყურებთ, რომ მიშისტებს დაასრულებს საქართველოში (ისე, თავის დროზე გახარია დაგვპირდა, “ნაცებს” დავასრულებო და ნაცქოცობამ იქით შეუტია!). ასე იოლად “ნაციონალური მოძრაობა” არსად წავა. ეგ კი არა, მეორედ მოსვლასაც აპირებენ, მაგათი სინდისიერების ამბავი
რომ ვიცი, მესამე “კრუგზეც” მობრძანდებიან, მეოთხეზეც და უკუნითი უკუნისამდე დარჩენაზეც არ იტყვიან უარს!
წინა “პროვოკაციაში” დავწერე, “ქოცების” მომდევნო ადგილზე “ნაცები” იქნებიან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე-მეთქი და ვიღაცებს ეჭვი შეეპარათ, რატომ, რა დამსახურებითო? იმ დამსახურებით, ჩემო კარგებო, რომ კობახიძე გააფთრებით საუბრობს გახარიაზე, მაგას შიდაპარტიულად “ბოლს” ვეძახდითო, მანამდე კიდევ, იმას გაიძახოდა, ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო, და ამ ლოგიკით, ვინ არის ბზუილა ბუზი? პასუხი არ გვინდა, არა… რადგან ჯერ ისევ კობახიძე რომ იმუქრებოდა, რიონის მცველების ანგარიშებს გამოვაქვეყნებთო, სადაა? ჯერ მაგას ველოდები და მერე – სხვას! იმას კი დავამატებ აქვე, რომ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ახალი კვლევის თანახმად, მომავალ კვირას არჩევნების შემთხვევისას გამოკითხულთა 26% ხმას “ქართულ ოცნებას” მისცემდა, 14% – “ნაციონალურ მოძრაობას”, 9% კი – გახარიას პარტიას. ეგეც მე ვარ? არ ვარ მე “აირაი”, ბუნებრივია!
საშემოდგომო არჩევნებისა ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ და მწერლებისას ვიკითხავ. “ლიტერად” წოდებული კონკურსი წელს ჩაიშალა. 110 წიგნიდან, გამომცემლობებისა და ავტორების პირადი განცხადებების საფუძველზე, კონკურსიდან 92 წიგნი მოიხსნა. ამასთან, მუშაობაზე უარი თქვა “მწერალთა სახლის” მიერ შერჩეულმა ჟიურის ოთხმა წევრმაც. შექმნილ სიტუაციაში “მწერალთა სახლი” კონკურსის ჩატარებას წელს შეუძლებლად მიიჩნევს და კიდევ ერთი კულტურული აქტის გარეშე დარჩება საქართველო. მწერლობა ამას როგორღაც მოითმენს, საკითხავი ისაა, ჩვენი ქვეყანა როგორ გადაიტანს ამდენს! თან, როგორი გააქტიურებულია სოცქსელში “ლიტერას” ჩავარდნის “გაპრავების” კამპანია, ნეტავ განახვათ! არც ლიტერატურული კონკურსი ყოფილა საჭირო, არც მხარდაჭერა მწერლობისა. ეგ კი არა, ისიც კი შეგვახსენეს, მსოფლიო ლიტერატურის ისტორია არ იცნობს ბედნიერებაში მკვდარ მწერალს, გარდა კრილოვისა, რომელიც ბლინების ჭამისას მოკვდა, ყველა დანარჩენს სიღატაკეში აღმოხდა სულიო. ჩვენც ასე მოვიქცეთ, მოვაგროვოთ მწერალნი (თუნდაც მწერლის “პროვოკაციები”), ვაშიმშილოთ, ვაჟასებრ ჩამოვკონკოთ, მავედრებელთვალიანი ფოტომასალები გავავრცელოთ და ბოლოს დავხვრიტოთ სადმე არათვალსაჩინო ადგილზე მხოლოდ იმისთვის, რომ ხასიათი არ გავუფუჭოთ ამ ცხოვრებით ბედნიერსა და კმაყოფილ ერთეულებს! რატომაც არა, მით უმეტეს, რომ თან რაღაც ფარულ ჩანაწერებზე ალაპარაკდნენ უკვე, “ნაციონალების” მსგავსად, “ქოცებსაც” აქვთო…
პ.ს. თუ “პოსტსკრიპტუმის” ზემოთა წინადადება სწორია, მაგაზე ერთმა ადამიანმა დაწერა და მეც სიტყვასიტყვით გავიმეორებ: “დაატოლეთ ახლა ორივე პარტიამ, ვის უკეთესი ჩანაწერები გაქვთ და ფესტივალიც მოაწყვეთ მერე კინოჩვენებით, სხვა არაფრის თავი მაინც აღარ გაქვთ! არც სამშობლო გიყვართ თქვენ, არც სახელმწიფოს დანიშნულება იცით, არც პოლიტიკის შინაარსი გესმით, არც საკუთარ ხალხს იცნობთ, მართლა გლახაკებო თქვენ.
პროვოკატორის ბლოგი (წყარო: კვირის პალიტრა).