საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მისმა თანამებრძოლებმა და თავდაცის სამინისტროს თანამშრომლებმა მიაგეს – დღეს ზაზა დამენიას გარდაცვალების დღეა
დაიაბადა 1972 წლის 22 ოქტომბერს ოზურგეთში. სწავლობდა ყაზანის სამშენებლო ინსტიტუტში 1990–1992 წლებში. 2003 წელს დაუსწრებლად დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალი სამრეწველო სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით.
1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში; 1993 წელს იბრძოდა აფხაზეთის ომში. 1995 წელს იყო გურიის სამხარეო შს სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი.
2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში. 2004 წლის აგვისტოში იბრძოდა ცხინვალის მისადგომებთან. 16 აგვისტოს იმ სანგარზე, სადაც ზაზა დამენია იმყოფებოდა, განხორციელდა მძლავრი შეტევა. მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარის ჩაგდება მოახერხა, მას ზაზა გადაეფარა და საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა. დაღუპვამდე ორი დღით ადრე, დამენიას ჭურვის აფეთქების შედეგად მხედველობა დაუქვეითდა. მიუხედავად ამისა, დამენიამ უარი განაცხადა პოზიციის დატოვებაზე და ბოლომდე დარჩა თანამებრძოლებთან ერთად.
დაკრძალულია ქალაქ ოზურგეთში, ომში დაღუპულთა სახელობის პარკში.
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით ზაზა დამენიას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა „სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისათვის“.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ოზურგეთის საჯარო სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სახელი მიენიჭა. აგრეთვე, ოზურგეთის ერთ-ერთი ქუჩა მის სახელს ატარებს.