საქართველოს 16 მოქალაქე ისევ ავღანეთის დედაქალაქში რჩება. ისინი კერძო კონტრაქტორები არიან, რომლებიც თალიბანის მიერ ძალაუფლების ხელში ჩაგდების დროს ავღანეთში იმყოფებოდნენ, მას მერე კი 5 დღეა აეროპორტამდე მისვლას და საქართველოში დაბრუნებას ელიან.
ქვეყანა უკვე დატოვა და თბილისში დაბრუნდა საქართველოს 6 მოქალაქე. რადიო თავისუფლების ინფორმაციით ქაბული უკვე დატოვა საქართველოს კიდევ ორმა მოქალაქემ, რომლებიც ამჟამად გერმანიაში იმყოფებიან და სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან. მათ ევაკუაციაზე ბრიტანულმა კომპანიამ იზრუნა, სადაც ისინი მუშაობდნენ. დანარჩენები კი ამ დრომდე ვერ ახერხებენ უსაფრთხოდ მისვლას ჰამიდ ყარზაის აეროპორტამდე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ მათი ევაკუაციისთვის პირველივე უსაფრთხო შესაძლებლობა იქნება გამოყენებული.
ამასობაში კი ვითარება ქაბულში სულ უფრო რთულდება. აეროპორტისკენ მიმავალ გზებს თალიბანი აკონტროლებს. ადგილობრივებისა და თვითმხილველების ცნობით ქუჩებში განლაგებულ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე, თალიბები საათობით ჩხრეკენ ავტომობილებს – იარაღს ეძებენ. ისინი განსაკუთრებით ინტერესდებიან მობილური ტელეფონებით – იმის გასარკვევად, ჰქონდათ თუ არა მათ მფლობელებს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.
გზა აეროპორტამდე
ბაზა, რომელშიც საქართველოს მოქალაქეების ჯგუფი იმყოფება, სხვადასხვა წყაროს ცნობით, აეროპორტიდან 10-15 კილომეტრით არის დაშორებული. თუმცა ეს ის შემთხვევაა, როცა ამ მანძილის დასაფარად საჭირო დროს მშვიდობიანი ქალაქების პარამეტრებით ვერავინ გამოთვლის.
radiotavisupleba.ge