“ყველაფერი რაც კი ოზურგეთში ბოლო წლებში გაკეთდა-ჩემი გაკეთებულია, არავინ სხვამ არ გაბედოს და ეს არ დაიბრალოს. აგერ ნასაკირალში ვიყავით და ხალხი კინაღამ ჯოხებით გამოგვეკიდა, ისიც კი არ იცოდნენ, რომ ის სკოლა ჩემი გაკეთებულია…გპირდებით, როგორც კი ამ არჩევნებში გავიმარჯვებთ, მოქმედ მერს დავაპატიმრებთ”-ეს განცხადება, მელექედურელების მტკიცებით, ავთანდილ თალაკვაძის ძმამ, არჩილ თალაკვაძემ, გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
არჩილ თალაკვაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, საკუთარი ძმის, ავთანდილ თალაკვაძის შტაბს ხელმძღვანელობს, რომელიც ოზურგეთის მერობისათვის სახელისუფლებო პარტიიდან იბრძვის.
მელექედურის შეხვედრას, მოქმედი პარლამენტარი, სოზარ სუბარიც ესწრებოდა.
ძირითადი კამათი მოსახლეობასა და ძმებ თალაკვაძეებს შორის სოფელში დაგებულ ასფალტოვან გზას მოყვა.
მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ეს მოქმედი მერის დამსახურებაა, თალაკვაძეები ცდილობენ, რომ დაარწმუნონ მოსახლეობის ნაწილი-თითქოს გზის მოასფალტება მათი კეთილი ნების გარეშე ვერ მოხდებოდა.
ამ დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებით თუ ვიმსჯელებთ, სახელისუფლებო პარტია მომხრეებს დღითიდღე კარგავს.
მმართველი პარტიისათვის განსაკუთრებით მძიმე ბოლო სკანდალი გამოდგა, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად გასაჯაროვებული ასიათასობით ფაილი, საიდანაც ირკვევა, რომ სუსი უსმენდა აბსოლუტურად ყველას, შემდეგ, მოპოვებული უკანონო მასალით მოსახლეობას აშანტაჟებდა და “ქართული ოცბების” მხარდაჭერას აიძულებდა.
მასალის ავთენტურობას ფაქტობრივად ყველა მხარე აღიარებს.
მოსმენებში ფიგურირებს გურიაც, განსაკუთრენული ყურადღების ქვეშ ჟურნალისტები და სასულიერო პირებია, გავრცელებული ინფორმაციით, სუსის მასალებში საუბარია ოზურგეთის საკათედრო ტაძარში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, რომლის კონკრეტიკისაგან რედაქცია თავისთავად თავს იკავებს, მისი მძიმე და დამთრგუნველი შინაარსიდან გამომდინარე.