„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სამზადისი უკვე დაიწყო. პარტიის ლიდერებმა რეგიონებშიც შეხვედრებიც დააორგანიზეს და როგორც მმართველი გუნდიდან ჩვენი წყარო ამბობს, ბევრ მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატებზეც შეთანხმდნენ. მათ შორის არის ოზურგეთი, სადაც როგორც გვითხრეს, საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე და ბიძინა ივანიშვილის თანაკურსელი დავით დარჩია გადაწყდა. რაც შეეხება ჩოხატაურსა და ლანჩხუთს, ჩვენი წყარო ამბობს, რომ ლანჩხუთში დიდი ალბათობით მოქმედი მერის, ალექსანდრე სარიშვილის კანდიდატურა გადაწყდება.
აი, ჩოხატაურში კი დიდი არეულობაა. ჩვენი წყარო ამბობს, რომ შიდა პარტიული დაპირისპირების გამო მმართველ გუნდს მერის კანდიდატურის შერჩევა ძალიან უჭირს. წყაროსვე თქმით, მოქმედმა მერმა, ირაკლი კუჭავამ ხელახლა კენჭისყრაზე უარი თქვა, ახალი კადრის მოძებნა და „ოცნებაში“ ძალიან გაუჭირდათ. მით უმეტეს იმ ფონზე, რომ ამის ამბიცია ბევრს აქვს და სხვადასხვა კავშირებით „ოცნების“ მაღალჩინოსნების კაბინეტების შესასვლელები უკვე “აატალახეს”.
წყაროსვე თქმით, ჩოხატაურის მერობაზე ყველა დიდი ამბიცია საკრებულოს ‘ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბექა გამდლიშვილს აქვს, თუმცა, ამ უკანასკნელს მუნიციპალიტეტში არც ნაცნობობა აქვს, არც გავლენა და მისი კანდიდატურა, რომელსაც არსებული ინფორმაციით სუს-ი ლობირებს, მმართველმა გუნდა მალევე დაბლოკა.
_ ამის შემდეგ გამდლიშვილმა სხვა გეგმა დასახა. თავად საკრებულოს თავმჯდომარედ, მისი მოადგილე, დავით შარაშიძე კი _ მერად. ასეთია ჩოხატაურელ „მეოცნებეთა“ ნაწილის მიზნები, რის გამოც ოცნების ცენტრალურ ოფისში თავადაც ბევრჯერ იყო და „დესპანებსაც“ ხშირად აგზავნის, _ ამბობს ჩვენი წყარო და იმასაც აღნიშნავს, რომ გამდლიშვილს და მის ე.წ. ფრთას მოქმედ მერთან დიდი დაპირისპირება აქვს:
_ გამდლიშვილს პირველი პირობის ამბიცია დიდი ხანია გააჩნია, თუმცა, ვერა და ვერ მოახერხა ჩოხატაურში თავის დამკვიდრება. არ ვიცი, ეს ამბიცია რატომ გაუჩნდა, რადგან 2014 წლამდე ის არავის უნახავს, მისი ჩოხატაურისთვის ნაბრძოლი არც არავის ახსოვს, მაგრამ ფაქტია, რომ აქვს. არსებული ინფორმაციით, გამდლიშვილი სუს-ის კადრია და სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოავლინა ჩოხატაურში. მიუხედავად ძალოვნების მფარველობისა, მან მაინც ვერ შეძლო მიზნებისთვის მიღწევა და პოპულარობის მიღწევა მერთან, ირაკლი კუჭავასთან დაპირისპირებით სცადა. 2 წლის წინ, პარაგრაფში, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე კუჭავას საჯაროდაც კი დასდო ბრალი უმოქმედობაში და ლამის კორუმპირებული უწოდა. თუმცა, პოზიციები ამითაც ვერ გაიმაგრა. თუმცა, მას შემდეგ რაც ოფიციალურად გაცხადდა, რომ მოქმედი მერი ხელახალ კენჭისყრას არ აპირებს, ამუშავდა და ყველაფერს აკეთებს, რომ ჩოხატაურში სიის პირველი ნომერი გახდეს, მერობის კანდიდატად კი შარაშიძე დააყენოს, _ ამბობს წყარო „ქარული ოცნებიდან“.
ჩვენ ამ დეტალების გადამოწმება უშუალოდ გამდლიშვილთან ვეცადეთ, თუმცა, მან „გურიის მოამბის“ სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. იგივე პოზიცია აირჩია ირაკლი კუჭავამაც. ერთადერთი, ვინც კონტაქტზე გამოვიდა დავით შარაშიძე იყო, რომელმაც აღნიშნა, ყველაფერი ისე იქნება, როგორც პარტია გადაწყვეტს:
_ ვერ დაგიდასტურებთ, რომ პარტია ჩემს კანდიდატურას განიხილავს, არ შეესაბამება სიმართლეს, _ აღნიშნა შარაშიძემ.
_ ბატონო დავით, თქვენ პირადად გაქვთ სურვილი?
_ მთავარი ის არის, რასაც პარტია გადაწყვეტს.
_ ეგ გასაგებია, მაგრამ მე თქვენს სურვილზე გეკითხებით. თქვენ გაქვთ სურვილი რომ ჩოხატაურის მერი გახდეთ?
_ ეგ მეორეხარისხოვანი მთავარი ის არის რომ მმართველი პარტია რას გადაწყვეტს.
_ ანუ, სურვილი გაქვთ…
_ ეგ არ დამიდასტურებია.
_ როგორც ვიცით, პარტიამ რომ თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს, უკვე სთხოვეთ ადამიანებს დახმარება და მათ შორის ვასილ ჩიგოგიძესაც. ამაზე რას გვეტყვით?
_ ვერც აღნიშნულს ვერ დაგიდასტურებთ. მსგავსი საუბარი არ მქონია.
_ თქვენი და ბექა გამდლიშვილის ალიანსზე რას იტყვით? ჩვენ გვეუბნებიან რომ თქვენ ორი, კავშირების მოძიებით ხართ დაკავებულები, რომელთა დახმარებითაც გსურთ ჩოხატაურის ხელისუფლებაში მოხვიდეთ….
_ ბექა ფრაქციის თავმჯდომარეა, მე მოადგილე მუნიციპალიტეტის საკრებულოში და თქვენ როგორ ფიქრობთ, არ ვართ ხელისუფლებაში ?!
_ ხართ, მაგრამ პირველობა ხომ სხვა რამეა… როგორც ვიცით, ორივეს გაქვთ ამის ამბიცია… მით უმეტეს, რომ გამდლიშვილი საჯაროდ უპირისპირდება ჩოხატაურის მოქმედ მერს და კუჭავა თქვენც არ გეხატებათ გულზე…
_ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ როგორც მმართველი პარტია გადაწყვეტს და სადაც ჩათვლის საჭიროდ ჩემს ყოფნას, იქ ვიქნები.
_ კუჭავასთან დაპირისპირების თემა გამოვტოვეთ?
_ არავისთან დაპირისპირებული არ ვარ…
_ და თუკი პარტია გადაწყვეტს რომ კანდიდატად დაგაყენოთ, რატომ უნდა მოგცენ ჩოხატაურელებმა ხმა?
_ჯერ დაველოდოთ პარტია რას და როგორ გადაწყვეტს და დანარჩენზე შემდეგ ვისაუბროთ.
_ისე, გაქვთ რაიმე გაკეთებული რომ ხალხს ესაუბროთ და მხარდამჭერა მოსთხოვოთ?
_ რომ დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია ეგ შეკითხვები შემდეგ. მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ.
_ ხელისუფლებაში ვარო გვიმტკიცებთ და ახლა რა გაქვთ გაკეთებული არ შეგიძლია გვითხრათ?
_ 2012 წლიდან დღემდე გაკეთებული თვალსაჩინოა. ამას ყველა ჩოხატაურელი ხედავს.
_ და “დაუნახავებს” რომ უთხრათ არა? თუ არ იცით?
_ არ მგონია დაუნახავი იყოს ვინმე და გაკეთებულს ვერ ხედავდეს.
_ თქვენ მართლა არ იცით რა გაკეთდა, რით ამაყობთ? ხალხი რომ გაღარიბდა და ბევრი შიმშილით კვდება ეგ ვიცით, ეგ “გავატაროთ”…. აი, თქვენი “გაუმჯობესებული ეკონომიკის” და “აგუგუნებულ ქარხნების” მიღმა რა გაქვთ საამაყო ამას გეკითხებით, როგორც ქართული ოცნების ერთ-ერთ წარმომადგენელს, რომელიც, როგორც თქვენვე ამბობთ, წარმოადგენს ჩოხატაურის ხელისუფლებას…
_ყველა იმ პროექტით რაც დღემდე გაკეთდა და გაკეთდება მომავალშიც… მახსოვს ჩოხატაური 2012 წლამდე და მის შემდეგ. მახსოვს მიუვალი და გაუვალი სოფლები, მახსოვს ხალხი, რომლებიც იღუპებოდა ოპერაციის თანხის უქონლობით, წამლების ვერ ყიდვით. ახლა, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მუნიციპალიტეტში არცერთი ადამიანისთვის სოციალური პაკეტით სარგებლობისთვის უარი არ გვითქვამს _ ეს შეეხება ოპერაციებს, წამლებს, ფულად დახმარებას თუ სხვადასხვა რამეს. გზებით თითქმის ყველა სოფლებში შევედით_ ეს იქნება ასფალტი თუ ბეტონი. ინფრასტრუქტურული პროექტები უამრავი განხორციელდა და ხორციელდება კიდევ. ახლა არ ვიცი იცით თუ არა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთლიანი ცენტრი და ცენტრალური ქუჩის სრული რეაბილიტაცია იგეგმება, რაც სრულად შეუცვლის სახეს ჩოხატაურის ცენტრს. 3 მილიონზე მეტი იხარჯება ამ მიმართულებით.
_ რა იქნება მომავალში ეგ მომავალს დავუტოვოთ, სოციალურ პაკეტებსაც ნუ მიიწერთ _ ეს არც ახალია და არც განსაკუთრებული, რომ თქვენს დამსახურებად მიიწეროთ… დამსახურებაზე კიდევ ერთხელ უნდა გკითხოთ… ჩოხატაურს როგორი მერი ჰყავს? ვიცით, რომ გამდლიშვილმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე ღიად გააკრიტიკა… თქვენ გამდლიშვილის მოადგილე ხართ… თქვენც ფიქრობთ, რომ კუჭავას პოლიტიკა არასწორია და რომ ის კორიფციულ სქემებშია გარეული?
_ მუნიციპალიტეტის მერი არის ასევე პარტიის თავმჯდომარეც უკვე 8 წელია ის მოსახლეობის უმეტესობამ აირჩია და ხმა მისცა მეორე ვადით როგორ ფიქრობთ ეს ასე რომ ყოფილიყო მეორე ვადით ხალხი ხმას მისცემდა? მეტიც _ არც პარტია არ წარადგენდა მის კანდიდატურას.
_ ანუ, გამდლიშვილი იტყუება?
_ მას ეგ არ უთქვამს.
_ გამდლიშვილმა საჯაროდ გააკრიტიკა კუჭავა და ამის ბევრი მომწე არსებობს… საკრებულოზეც ხშირად აკრიტიკებს… და თუ თქვენ ამბობთ, რომ კორუმპირებული არ უწოდებია, მაშინ რა უთხრა?
_ არ ვიცი, ვერ გეტყვით. ბექას ეგ არ უთქვამს ნაღდად ვიცი.
_ და ის იცით რომ გამდლიშვილსაც ადანაშუალებენ უკანონო საქმიანობაში? ჩვენი წყარო ამბობს, რომ მერიამ მის მიერ, ბახმაროში უკანონოდ აშენებული სახლი აღმოაჩინა, დამონტაჟს აპირებს და სწორედ ამის გამო გადაეკიდა ფრაქციის თავმჯდომარე მერს…
_რა ტყუილია.
_ ტყული რომელია, უკანონო მშენებელკობების ბუმი რომაა თუ გამდლიშვილს რომ უკანონოდ აშენებული სახლი უპოვეს?
_ როგორც მე ვიცი ვინც უკანონოდ აშენებს ზედამხედველობის სამსახური შესაბამის ღონისძიებებს ატარებს. რაც შეეხება ბექაზე შეკითხვას ტყუილია.
_ და თქვენი კრიტიკული პოზიცია უკანონო მშენებელობებზე არავის ახსოვს და ჩვენი წყაროს თქმით, ამის მიზეზი და ზოგადად ამ თემაზე საკრებულოს დუმილი, სწორედ იმით არის განპირობებული, რომ საკრებულოს ზოგიერთ წევრს, მათ შორის გამდლიშვილსაც, ბახმაროში უკანონო მშენებლობები დაუფიქსირდათ.
_ არასწორია ძალიან დიდი ტყუილია ის რომ საკრებულოს რომელიმე წევრს უკანონო მშენებლობა აქვს უდიდესი ტყუილია.
_ და მაშინ რატომ არ იღებთ ხმას?
_ გაგეცით მაგაზე პასუხი, _ გვითხრა შარაშიძემ, თუმცა, სიმართლე ვთქვათ, მის მიერ გაცემულ პასუხებიდან ნამდვილად ვერ გავიგეთ, თუ რატომ დუმს საკრებულო ბახმაროში მიმდინარე უკანონო მშენებლობების ბუმზე.