საქართველოს მესამე პრეზუიდენტის პატიმრობასა და თბილისში გამართულ მასშტაბურ საპროტესტო აქციას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმაც გამოეხმაურა. მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ არსებული ვითარებიდან გამოსავლის მოსაძებნად ყველა მხარისგან გაწონასწორებულობა და სიბრძნეა საჭირო.
მისივე თქმით, ძალიან სურს, საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილში დაინახოს არა პოლიტიკური ოპონენტი, არამედ მსოფლიოში აღიარებული რეფორმების არქიტექტორი.
“სააკაშვილი არის მრავალწახნაგოვანი, რთული პიროვნება. არ არის გასაკვირი, რომ მის ირგვლივ განვითარებული სიტუაციაში გამოსავალი არ არსებობს. გამოსავლის მოსაძებნად ყველა მხარისგან გაწონასწორებულობა და ნამდვილი სიბრძნეა საჭირო. იმედი მაქვს, უკრაინის ხელმძღვანელობა ამ ტესტს ჩააბარებს ისე, რომ არც საკუთარი მოქალაქის, არც სტრატეგიული პარტნიორის – საქართველოს ინტერესებს არ დააზარალებს. ძალიან მსურს, საქართველოს ხელისუფლებამ სააკაშვილში დაინახოს არა როგორც პოლიტიკური ოპონენტი, არამედ, მსოფლიოში აღიარებული რეფორმების არქიტექტორი. სწორედ სააკაშვილის წყალობით მიუახლოვდა საქართველო ევროპულ ღირებულებებს, რომელთა შორის უმთავრესი ფასეულობა ჰუმანიზმია.
ბოლოს, მოვუწოდებ სააკაშვილს, შეწყვიტოს შიმშილობა. მას ვიცნობ, როგორც გაბედულ და უკომპრომისო მებრძოლს და ქრისტიანს, მაგრამ შიმშილობა ნიშნავს, დაკარგო ძალა, რომლის გარეშეც შემდგომი ბრძოლა შეუძლებელი გახდება”, – აღნიშნა ლეონიდ კუჩმამ.