ჩხოროწყუს პოლიციის ყოფილი უფროსი და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ნიკა მიქაია ამბობს, რომ გდდ-ს თანამშრომლების ნაწილი გორიდან, დასავლეთ საქართველოში კვლავ რჩება.
ამის შესახებ მიქაიამ “მთავარი არხის” გადაცემაში, “მთავარ დებატებში” ისაუბრა და თქვა, რომ მათი გადაადგილება რამდენიმე წუთის წინ ფოთშიც შენიშნეს. ნიკა მიქაია ამბობს, რომ შესაძლოა მათ ისევ მიიღონ ბრძანება, რომ სამეგრელოში გადავიდნენ.
“დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მედიის წარმომადგენლებს, პირველ რიგში თქვენს არხს, ასევე სხვა არხებსაც, რომელმაც პრევენცია მოახდინა იმ დანაშაულის, რასაც ქართული ოცნება აქ აპირებდა.
[გეგმა] მოხსნილი არ არის, ჩვენ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, ჩვენ ყოველწუთიერად ვიღებთ ინფორმაციას შსს-ს მაღალჩინოსნებისგან, სისტემა უკვე რღვევას იწყებს და დაწყებულია ეს რღვევა, გორის გდდ-ს თანამშრომლების ნაწილი ბაზირებილია დასავლეთ საქართველოში, დღეს დილიდან მათ დაატარებენ სამეგრელოს მასშტაბით. ზუსტად ვიცით, მათი გადაადგილების მარშრუტი როგორი იყო, თავიდან ზესტაფონში იყვნენ გაჩერებული, შემდეგ ქუთაისის შესასვლელში, ხონში, მარტვილში, ბოლოს ბათუმის შესასვლელში იყვნენ, რამდენიმე წუთის წინ ისინი შენიშნეს ფოთში. გაუგონარ სიტუაციასთან გვაქვს საქმე. დაატარებენ ამ ადამიანებს აქეთ-იქით და საბოლოო ჯამში ამათ თავში რა მოიხარშება არ ვიცი, შეიძლება მიიღონ ბრძანება, რომ წამოვიდნენ ისევ სამეგრელოსკენ.
ეს ხდება იმიტომ, რომ აქ მყოფმა ადამიანებმა, ყოფილმა ძალოვნებმა და არა მარტო ძალოვნებმა, პირველ რიგში ქართველმა ხალხმა ამ რეჟიმს განაჩენი გამოუტანა და ახლა ცდილობენ კუნთები გვაჩვენონ და კიდევ ერთხელ წაგვართვან არჩევანი”,-თქვა ნიკო მიქაიამ.
გუშინ შიდა ქართლში მთელი ღამის განმავლობაში ყაზარმული რეჟიმი მოქმედებდა და სამართალდამცველების მობილიზება ხდებოდა. გარდა ამისა, “მთავარი არხს” აქვს მასალები, რომელიც ადასტურებს, რომ შიდა ქართლის სამმართველოდან საპოლიციო ძალები დასავლეთ საქართველოსკენ გადაისროლეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს.