“ქართული ოცნების“ დღევანდელი პანიკა მეტყველებს იმ გარდაუვალ მარცხზე, რომელიც ელოდება „ქართულ ოცნებას“ ხვალ, 2 ოქტომბრის რეფერენდუმზე,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს.
„მინდა ვთხოვო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გახდეს ამ დამაჯერებელი გამარჯვების ნაწილი, ხვალინდელ არჩევნებზე აუცილებლად წავიდეს. ჩვენი რაიონული ორგანიზაციები, პრაქტიკულად, ყოველ საათში გვაწვდიან ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მასობრივად ტოვებენ „ქართული ოცნების“ შტაბებს. „ქართული ოცნება“ არის სრულიად დემორალიზებული, ჩამოშლილი და ამაზე მეტყველებს, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებები. სალომე ზურაბიშვილიც კი ემიჯნება ღარიბაშვილი -კობახიძის ისტერიას და აცხადებს, რომ სახელმწიფო უწყებებს სხვა ტიპის პასუხები უნდა ჰქონდეს. მაგრამ სახელმწიფო უწყებები ამ ქვეყანაში ვეღარ ფუნქციონირებენ, იმიტომ, რომ სახელმწიფო უწყებები ჩამოშალა ივანიშვილის რეჟიმმა. ახლა ერთადერთი, რასაც „ქართული ოცნება“ საზოგადოებას სთავაზობს არის ქაოსი და ისტერია. ხვალინდელ რეფერენდუმზე, ამაზე ყველაფერზე ჩვენ უნდა გვქონდეს ძალიან მშვიდი და მტკიცე პასუხი. დარწმუნებულებიც ვართ რომ ეს ასეც იქნება“,- განაცხადა ბოკუჩავამ.