მოქალაქე ბახვის პოლიციას განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნაში ადანაშაულებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში მცხოვრები ვასილ სადრაძე შინაგან სქმეთა სამინისტროს გურიის დეპარტამენტის ბახვის ქვეგანყოფილების თანამშრომელს განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნა-შევიწროებაში ადანაშაულებს.

როგორც ვასილ სადრაძემ  “გურიის მოამბეს” განუცხადა, ის მეგობართან ერთად ავტომობილით მიემგზავრებოდა, როცა საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა. საპატრულო ეკიპაჟმა დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ, სადრაძეს გზის გაგრძელების უფლება მისცა, თუმცა ის რამდენიმე წუთში , ბახვის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს. ერთ-ერთი თანამშრომლის თქმით, სადრაძის დაკავება  “ზემოდან”  იყო ნაბრძანები და ჯარიმა აუცილებლად უნდა დაეწერათ.

ვასილ სადრაძე აცხადებს, რომ ის მძღოლის  გვერდით იჯდა. მიუხედავად ამისა,  პოლიციამ შეადგინა ოქმი, რომ ის იჯდა საჭესთან  და მართვის უფლების არ ქონის გამო, მასზე 500 ლარიანი ჯარიმა გამოწერა.

ვასილ სადრაძის აზრით, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ მათ მანქანაზე სხვა პარტიის მხარდამჭერი ბანერები ჰქონდათ გაკრული და ვინაიდან  “ქართულ ოცნებას” მხარს არ უჭერს, მასზე სადამსჯელო ოპერაცია განხორციელდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share