საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ვაქცინაციის დამადასტურებელი ყალბი პასპორტების და ტესტირების უარყოფითი პასუხის ამსახველი ყალბი დოკუმენტების დამზადებისა და გამოყენებისთვის პასუხისგებაში მისცა 9 პირი, მათგან ერთი დაკავებულია. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი დოკუმენტების დამზადების და გამოყენების ფაქტები თბილისსა და იმერეთის რეგიონში მოხდა.
უწყების თანახმად, „ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში, კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისათვის გათვალისწინებული სავალდებულო კარანტინისაგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა ორი ერთეული ყალბი ე.წ. კოვიდ-პასპორტი, თითოეული 70 ევროს სანაცვლოდ, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგაც დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით“.
საგამოძიებო სამსახურის ცნობითვე, „მეორე შემთხვევაში, იმერეთის რეგიონში მხილებულ იქნა რვა პირი, რომლებმაც სახელმწიფო საზღვრის კვეთისას, კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის რეგულაციებისათვის თავის არიდების მიზნით, შეიძინეს და გამოიყენეს თითქოსდა სამედიცინო დაწესებულებების სახელით გაცემული კორონავირუსის PCR ლაბორატორიული კვლევის უარყოფითი შედეგების ამსახველი ყალბი დოკუმენტები“.
ყალბი დოკუმენტების დამზადებასა და გამოყენებაში ბრალდებულებს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.