ჩემი გუნდი თქვენს ხმებს სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავს – ასე მიმართა ზუგდიდის ცენტრში შეკრებილებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატმა ანზორ მელიამ.
მისი თქმით, გამარჯვების შემდეგ, ის ყველას მერი იქნება განურჩევლად მათი პოლიტიკური შეხედულებისა:
“ბედნიერი ვარ, რომ ზუგდიდელი ვარ. ზუგდიდის მერად არჩევის დროს, მე ვიქნები ყველას მერი. აბსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა, პოლიტიკურად რომელ მხარეს არის, მთავარია, მას უყვარდეს საქართველო და სამშობლო. მე ვიქნები მათი მერიც, ვინც ხმა არ მომცა პირველ ტურში, მაგრამ ვისაც უყვარს სამშობლო და ფიქრობს, თავისი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე. გვეყოფა სიძულვილის ენით ლაპარაკი, პოლიტიკური ნიშნით განსხვავება, ეს წარსულს უნდა ჩავაბაროთ”- განაცხადა მელიამ.
მერობის კანდიდატი ამბობს, რომ მისი ტელეფონი არასდროს იქნება გამორთული:
“სკოლაში 14 000-მდე ბავშვს უფასო კვება უნდა ჰქონდეს, პენსიონერებს უნდა გავუზარდოთ პენსია და რაც მთავარია, გაზრდასთან ერთად ჩავუსახოთ იმედი ხვალინდელი ბედნიერი დღის. ხმა მომეცით, 30-ში მოდით, ნუ შეგეშინდებათ ამათი, ზეწოლა სულ არის, ყველა ერთად დავდგეთ, ჩემი გუნდი თქვენს ხმებს სიცოცხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავს. მე მინდა საქართველო გამარჯვებული, გაბრწყინებული ვნახო. მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი მერი, ჩემი ტელეფონი, როგორც ექიმი ანზორ მელიას ტელეფონი მუდმივად ჩართულია, ისე იქნება მერის ტელეფონი ჩართული”- განმარტა ანზორ მელიამ.
სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატმა საჯარო სექტორში დასამებულებს მიმართა და უთხრა, რომ “ბაბა იაგა” არ არის:”მინდა, მერიის თანამშრომლებს მივმართო, მე “ბაბა იაგა” არა ვარ. ვინც ღირსეულია, ვინც კვალიფიციური თანამშრომელია, ვინც პატიოსანია, ვისაც უყვარს ზუგდიდი და არაა გადასული ფულის შოვნაზე, ისინი ყველანი დარჩებიან, მაგრამ შეივსება ახალგაზრდა ნიჭიერი კადრებით, რომლებიც საქმის მცოდნენი იქნებიან. ჩვენ უნდა გავათავისუფლოთ კორუფციისგან მერია”- აღნიშნა ანზორ მელიამ.