დღეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ ქმედებებს, ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი, პროფესორი ზურაბ გურული აფასებს და საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:
”ნათელი და გასაგები გახდა უკვე ყველაფერი დღეს. საქართველოს მთავრობა წარმოადგენს გლდანის ციხის მენტალურ და იურიდიულ გაგრძელებას. ნუღარ შეწუხდებით საგულდაგულოდ დავარცხნილი ფსევდო-ფილოსოფიებით ტირანიაზე, დიქტატურაზე, ჰიტლერზე, სტალინზე და ა.შ. ნუ გიტყდებათ, ჩემს თაობას მივმართავ, თქვენც ხომ იმ სკოლებიდან მოდიხართ, სადაც ციხის “აბშიაკის” ფულს თქვენი ბუფეტის ფულიდან აგროვებდით; ბარემ აღიარეთ სად დავბრუნდით. ჰო, ვიცით რომ ციხე ქურდებისაა და სადაც ციხე გრძელდება, იქაც ყველაფერი მათია. ჩემს თაობას აწი არაფერი ეშველება, საფლავი თუ გაასწორებს; აი მოღლიცინე, მოფილოსოფოსო-მოცინიკოსო ახალგაზრდებს კი ერთს ვეტყოდი. რუსეთი მარტო პოლიტიკური არჩევანი არ გეგონოთ. ეს კრიმინალური წყვდიადია, თავისი მენტალიტეტითა და წესებით. პანდემია რომ ლამის ყველა ნორმალურ ქვეყანაში დასასრულს უახლოვდება და რუსეთსა და საქართველოში მკვდარი მკვდარზე გააქვთ ჯერ კიდევ, არაფერს გეუბნებათ, რატომ გაქვთ მსგავსი ანტივაქსერული სიბნელე? ჰო ვიცი, გკიდიათ. თქვენი და თქვენი შვილების მომავალია ის, რასაც რუსული კრიმინალიტეტი “გიშენებთ” საქართველოში; გემბლინგის, ნარკოტრაფიკის და პროსტიტუციის. დანარჩენი ყველაფერი ამ სამი მონსტრის დამხმარე სექტორია უკვე. გაიხედეთ ირგვლივ, ჰკითხეთ თანატოლებს, სად მუშაობენ და საიდან აქვთ შემოსავალი. მაგ ჭაობს ფსკერი არა აქვს, იცოდეთ და ვერავინ დაუსხლტებით; არ გქონდეთ მაგის იმედი. ჩემმა თაობამ უკვე იხილა კრიმინალების რევანში; თქვენ ისევ დააბრუნეთ თქვენი აგდებული გულგრილობით. გესმით ყიჟინა გლდანის ციხიდან? ქუჩებშიც გაიგებთ მაგას და არცერთს არ გისურვებთ რომ პირისპირ გადაეყაროთ. ცოტა ვინც აზროვნებთ და მსოფლიო პოლიტიკას თვალყურს ადევნებთ, მიხვდებოდით უკვე რა პოლიტიკა აირჩია განვითარებულმა დასავლეთმა ჩვენნაირი ქვეყნების მიმართ. აღარავინ აპირებს “თალიბანთა” გამოსწორებასა და დასჯას; პირიქით, “თალიბანებს” ჩააბარეს თავიანთი ქვეყნები სამართავად. თქვენი არჩევანი ეგ არის და კისერიც გიტეხიათო. იმედია ხვდებით, ავღანელებთან შედარებით ცოტათი უფრო მოდერნიზებული თალიბანი რომ მართავს თქვენს ქვეყანას. თუ პროტესტი გაგიჩნდებათ ამაზე, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ხალხი წყვეტს თქვენს ქვეყანაში ნებისმიერ საკითხს, თუ ერთი კაცი, ან მისი ლაქიები. ვისაც შეგვეძლო, ვიბრძოლეთ და გავაგრძელებთ ბრძოლას თქვენთვისაც, რომ განათლება, თავისუფლება და ჯანმრთელობა გქონდეთ წესიერ ქვეყანაში და არა ნარკოტიკებში, პროსტიტუციაში, გემბლინგში და სასოწარკვეთაში დაყვინთოთ. კარგად მოუსმინეთ ციხის ყიჟინს გლდანიდან და იქნებ ცოტათი მაინც დაფიქრდეთ. იფიქრეთ.”- წერს ზურაბ გურული.