დედის დღე, დედობრივი კავშირისა და საზოგადოებაში დედების გავლენის დღესასწაულია, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ნაწილში სხვადასხვა დღეს აღნიშნავენ, ძირითადად, მარტის ან მაისის თვეებში. დედის, როგორც ქალის კულტის პატივსაცემად ერთი კონკრეტული დღის აღნიშვნის ტრადიცია ისეთივე ძველია, როგორც თავად სამყაროს ისტორია და დედის ცნება. თანამედროვე სამყაროსთვის დედის დღე ამერიკელი ანა უარვისის ინიციატივით დაწესებულ დღესთან ასოცირდება, თუმცა ამ დღესასწაულს საკმაოდ დიდი ისტორია აქვს და ის სათავეს ძველი საბერძნეთიდან, ძველი რომიდან, “დასავლეთ ქრისტიანული საეკლესიო კალენდრიდან” იღებს.
ძველი საბერძნეთი
ქალღმერთი კიბელეწარმოშობით ძველი ფრიგიულიღვთაება, დიდი დედა, მიწიერ არსთა მშობელი, ბუნების ამყვავებელი, განმანაყოფიერებლი და ამაღორძინებელი. კიბელეს მითი ასეთია: იდუმალებით მოცული ძველი ფრიგიული ქალღმერთი მთის მწვერვალებზე ცხოვრობდა და დააქროლებდა ძვირფას ეტლს, რომელშიაც შებმული ჰყავდა ლომები და ჯიქები. მას შეუყვარდა ჭაბუკი ატისი, ატისმა კი მოკვდავი ქალი ამჯობინა. განრისხებული კიბელე ქორწილში გამოჩნდა და ყველა გააგიჟა. გადარეული ატისი მთაში გაიქცა და თავი მოიკლა. კიბელეს, როგორც დიდიდედის დღესასწაულს მცირე აზიაში გაზაფხულზე აღნიშნავნენ.
კიდევ ერთი ძველ ბერძნული ქალღმერთი, რომელსაც ძველი ბერძნები თაყვანისცემის ნიშნად დღესასწაულებს უძღვნიდნენ, რეა იყო. მას ღმერთების დედად მიიჩნევდნენ.
რეას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც მეტრი თეონი (“ღმერთების დედა”) და ძველი საბერძნეთის გარშემო რამდენიმე ტაძარი იყო რეასთვის მიძღვნილი. მას თავდაპირველად თაყვანს სცემდნენ კუნძულ კრეტაზე, რომელიც მითოლოგიაში ზევსის ახალშობილობისა და აღზრდის ადგილად აღიარეს. რეას რიტმულ, მკაცრ გალობას და ცეკვებს უძღვნიდნენ, რომელსაც ტიმპანონის (ფართო, ხელის დრამი) თანხლებით ასრულებდნენ.
ძველი რომაული დედების ფესტივალი “ჰილარია”
ჰილარია ძველ რომაულ რელიგიურ ფესტივალებს ერქვა,რომლებიც მარტის ბუნიობის დროს აღნიშნავდნენ.
რომაელები ჰილარიას ასევე, 25 მარტს ზეიმობდნენ. ცნობილია “დედის ფესტივალზე” შესრულებული თამაშები ღმერთების დედის საპატივცემულოდ. ასევე, იყო საზეიმო მსვლელობა, რომელშიც ატარებდნენ ქალღმერთის ქანდაკებას.
რაც შეეხება თანამედროვე დედის დღეს, რომელსაც არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს, ამერიკაში წარმოიშვა და ამ დღესასწაულმა გამოხმაურება საქართველოშიც ჰპოვა.
საქართველო
დედის დღე 3 მარტია. ის ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ის ცალკე მაინც აღინიშნება. 3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა. ტრადიციულად შვილები დედებს ყვავილებს, ღია ბარათებს ან სიმბოლურ საჩუქრებს ჩუქნიან.
აშშ
„დედის დღის” სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. ამ დღის აღნიშვნის პირველი მცდელობა 1972 წელს იყო. აქტივისტმა ჯულია უორდსმა გამოთქვა სურვილი, ყოფილიყო ისეთი დღესასწაული, რომელიც გააერთიანებდა ყველა დედას მშვიდობისთვის ბრძოლაში. მან საამისოდ არაერთი აქცია მოაწყო, მაგრამ უსაფუძვლოდ. მხოლოდ მოგვიანებით, 1907 წელს, მოქალაქე ანა ჯავისმა, რომელიც ითვლება ამ დღის ერთ-ერთ ფუძემდებლად, დაიწყო ოფიციალური წერილების მისწერა ჩინოვნიკებისთვის, რომ აუცილებელი იყო დედის დღის დაწესება.
მისი მცდელობები წარმატებით 1910 წელს დასრულდა და ვირჯინიის შტატში ოფიციალურად პირველად აღნიშნეს დედის დღე. ოთხ წელიწადში კი ის უკვე ოფიციალურად მიიღეს და მას მერე დღესასწაულს აღნიშნავენ ყოველი წლის მაისის მეორე კვირა დღეს. დედის დღეს ამერიკაში დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ.
ადამიანები განსაკუთრებით აფასებენ და ხაზს უსვამენ მათ ცხოვრებაში დედის აუცილებლობას და მადლობას უხდიან მათ უანგარო, უპირობო სიყვარულისა და მხარდაჭერისთვის. დედის დღე ამერიკაში შობისა და ვალენტინობის შემდეგ ყველაზე დიდ დღესასწაულად ითვლება. ამ დროს სატელეფონო ხაზები გადატვირთულია, საბარათე გაყიდვები პიკს აღწევს და რესტორნები სრული დატვირთვით მუშაობენ. დედის დღის ტრადიციები ძირითადად მოიცავს საუზმეს საწოლში, ყვავილების თაიგულს, ღია ბარათებს ან საჩუქარს, და ვახშამზე დაპატიჟებას.
დიდი ბრიტანეთი
დედის დღის ტრადიციას დიდი ისტორია აქვს და ის აღინიშნება მარხვის მეოთხე კვირას, გამომდინარე აქედან, მისი თარიღი მუდმივად ცვალებადია. მას 17-ე საუკუნიდან აღნიშნავენ და დედის კვირეულს უწოდებენ.
ინგლისიც ფაქტიურად ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც გამოყო წელიწადში ერთი დღე დედის დღის აღსანიშნავად. ბრიტანეთში შემორჩენილია ტრადიცია, რომლის მიხედვითაც დედებისთვის ნუშის ნამცვარს ამზადებენ და მას „mothering cake“ (დედის ნამცხვარს) უწოდებენ.
იაპონია
იაპონიაში დედის დღის დაწესებას პირველად 1931 წელს შეეცადნენ. მაშინ იყო სურვილი, რომ ეს დღე იმპერატორის იუბილეს დამთხვეოდა. თუმცა, ეს ტრადიცია არ გაგრძელდა.
ახლა იაპონიაში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების დიდ ნაწილში დედებს ყვავილებს და ღია ბარათებს ჩუქნიან მაისის თვის პირველკვირა დღეს.
გერმანია
ამ დღესასწაულს გერმანიაში საფუძველი 1923 წელს ჩაეყარა, ხოლო როგორც სახელმწიფო დღესასწაული, აღინიშნება 1933 წლიდან. საფუძველი ფლორისტების გაერთიანებამ ჩაუყარა.
მისი მიზანი იყო პატივი ეცათ პირველი მსოფლიო ომის მონაწილე დედებისთვის. მას შემდეგ წელიწადში ერთხელ, მაისის მეორე კვირას, გერმანელი დედები ე.წ. „Muttertag-ს“, დედის დღეს ზეიმობენ.
საფრანგეთი
დედის დღეს საფრანგეთში მაისის ბოლო კვირა დღეს აღნიშნავენ. ტრადიციულად, ამ დღეს ოჯახში ოჯახური სადილი იმართება, ხოლო დედები საჩუქრად ყვავილების თაიგულის ფორმის ნამცხვარს იღებენ.
დედის განსაკუთრებული როლის შესახებ საუბარი და პატივისცემა საფრანგეთში ჯერ კიდევ ნაპოლეონ ბონაპარტეს ეპოქიდან მოდის, ხოლო 1950 წლიდან დედის დღე- La Fete de Meres ოფიციალურად შეიქმნა.
ავტრალია
ავსტრალიაში დედის დღე მაისის მეორე კვირა დღეს აღინიშნება. არსებობს დედის დღის მილოცვის ტრადიცია ყვავილებით. გარდა საკუთარი დედებისა, ბავშვები პატივს სცემენ მათ ბებიებსა და სხვა ქალბატონებსაც, რომლებიც მათ დედებივით უვლიან და ზრუნავენ მათზე.
მიხაკებით (ისევე როგორც აშშ-ში), დედებს დღესასწაულს ფერადი მიხაკებით ულოცავენ, თეთრი მიხაკები კი გარდაცვლილი დედებისთვის პატივის მისაგებად გამოიყენება.
კანადა
სხვა ქვეყნების მსგავსად, კანადაშიც დედის დღის მისალოცად ყველაზე ხშირად ღია ბარათებს, ყვავილებს და საჩუქრებს იყენებენ. იგი შობისა და ვალენტინობის შემდეგ სიდიდით მესამე დღესასწაულად მიიჩნევა.
აღინიშნება მაისში ამერიკის და ავსტრალიის მსგავსად და საზოგადოებაში ძალიან დიდ ემოციურ დატვირთვას ატარებს.
ბრაზილია
ყოველწლიურად მაისში აღინიშნება დედათა დღე- Dia das Mães ბრაზილიაში. ამ ქვეყანაში ოჯახების დიდ ნაწილში სამზე მეტი ბავშვია, ამიტომაც მარტივი წარმოსადგენია, როგორ მასშტაბურად და მხიარულად აღნიშნავენ ამ დღეს.
ტრადიციულად ამ დღესასწაულზე ოჯახის წევრები ერთად იკრიბებიან, საგანგებოდ ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება.