ლაიქები და ამდაგვარი რამეები სუ ფეხებზე მკიდია, უბრალოდ დავაკვირდი – როცა გურულებზე ან ზოგადად ქართველებზე ნეგატიურს ვაქვეყნებ რეაქცია ისეთივეა როგორც ცნობილ ფილმში -“Тьфу на Вас… Тьфу на Вас ещё раз”, თუ კარგს, გასხივოსნებულს და დადებითს იცოცხლე, ბალი ათი შაური. ერთია ვერ გაიგეთ ტო, ეს ყველაფერი ჩვენ ვართ, ასეთები ვართ და არა მითიური ვინცხა ტიპები, სადღეგრძელოებსა და მითოსებში რომ გამოვჭენდებით და ყველას, ჩვენიანს ვგულისხმობ, თავ-ტვინს რომ გამოულაყებთ, თან გულმკერდზე მუშტს რომ ვირტყამთ. მოკლედ რა, იმ ანეგდოტისა არ იყოს – ქვეყანა, სადაც თქვენ დარეკეთ დაზიანებულია… დავამატებდი ასევე, აბონენტების უმრავლესობაც დაზიანებულია და შეკეთებას ვერ/არ ექვემდებარება. მარა მთლა ვარესი რუმ არ გამევიდეს ამას ქი გავიმეორებ: გურული ხალხი ქართველ ყველა ტომზე მაღლა სდგას თავისი სიკოჩაღით: იგი ბევრად ცოცხალია მათზედ, არის ცქვიტი, მხნე, მარდი, მოხერხებული, ზრდილი და თავ-მოყვარე; არის ეგრეთვე მჭერ-მეტყველი, ჭკუა- მახვილი, სიტყვა მოსწრებულ-მოწონებული და შესახედათაც ლამაზი. მისდევს სწავლა-განათლებას. როგორც კარგის, ისთე ავის თვისების მიმდევარიც არის, მარა ყველა ეს, წარმომდგარი მისი მხნემარდობით (ყოჩაღობით) და არა სიძაბუნით, როგორც, მაგალითად, ქართლელს შესისხლხორცებული აქვს ეს. გურული მოძრავია, გამქანვარე, როგორც მჩქეფარე წყალი. ამისთვის ცხოვრება გურიაში უფრო ცოცხალია, ვიდრე სხვაგან საქართველოში. ამ სიცოცხლით აიხსნება, რომ გურიაში ასეა სწავლა-განათლება მოფენილი. აქ გახნილია ბევრი სკოლები, როგორც ერთკლასიანი, ისე ორ-კლასიანი, სამკითხველოები, სოფლის ბანკები, საკომერციო ამხანაგობები, ქარხნები ადგილობრივ ნაწარმოების დასამუშავებლათ. იმართება ხშირათ აქ წარმოდგენები და სხვა გასართობი საღამოები, მართავენ მეჯლისებს და მისთანა საზოგადო კრებებს სხვა და სხვა საჭირო დაწესებულებათა დასაარსებლად, სადაც დედანიც კი იღებენ მონაწილეობას სჯა-კამათში… გავრცელებულია აგრეთვე მოდებზედ ჭრა-კერვა, როგორც პარიზის, ისე ნაციონალურ გემოვნებაზე; გემოზედვე იცია სმა-ჭამა, წვეულობა, სტუმარ-მაინძლობა და სხვა. ერთი სიტყვით, აქ ეტყობა ხალხს ცხოვრება ევროპიულ ჰანგზედ. ჟურნალი მოგზაური, 1901
Irakli Makharadze