დღეს არის ისპანახობა, რომელიც დაახლოებით MardiGras-ის თბილისური ვერსიაა. ძველი წარმართული დღესასწაული (იგივე ყეენობა), რომელიც ქრისტიანულ კალენდარში შევიდა, მაგრამ შინაარსით უფრო მულტი – ეთნიკური იყო, და არა რელიგიური.
საუკუნეების მანძილზე თბილისში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი აღნიშნავდა ამ დღეს, მაგრამ საბჭოთა კავშირის პერიოდში, მმართველ ელიტას სძულდა ეს დღესასწაული, რადგან ღონისძიებას არ ჰყავდა „ხელმძღვანელობა“, ვერ აკონტროლებდა პროცესს, რომელიც ყველა ეთნიკურ ჯგუფს დღესასწაულის და გართობის გარშემო აერთიანებდა (რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდიოდა საბჭოთა პოლიტიკასთან).
საბჭოთა კავშირის პერიოდში, დღესასწაულის აღნიშვნა და მისი ხსენებაც კი სერიოზული დანაშაული იყო. სამწუხაროდ, 70 წელი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ეს დღე წაშლილიყო თბილისელების კულტურული მეხსიერებიდან.
დღეს, ძალიან ცოტას თუ სმენია ამ დღის შესახებ, როდესაც 100 წლის წინ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული იყო.
როდესაც 1880 წელს მთავრობამ ყეენობა აკრძალა, ქართველი ხალხის მიერ ჩამოყალიბდა გართობა სახელად ისპანახობა. იგი სახეშეცვლილი ფორმაა, რომელსაც შემონახული ჰქონდა მხოლოდ ბოლო ნაწილი – ქეიფი. ამიტომაც მას სხვაგვარად ყეენობის კუდი ეწოდებოდა. სახელი ისპანახობა იმიტომ დაარქვეს, რომ საქეიფო სუფრაზე მხოლოდ სამარხვო საჭმელი იყო. ისპანახობის აუცილებელი წესი იყო ქაღალდის გვირგვინების, ჩაჩების ტარება და ტანზე პამპულას ტანისამოსო ჩაცმა. 1894 წელს ისპანახობაში მონაწილეობა მიუღია ილია ჭავჭავაძეს.