ქართველი ქალის საოცარი ამბავი

ისტორიამ რამდენიმე ქართველი ქალის შესახებ შემოინახა ლეგენდები. მათ შორის – მაია წყნეთელზე, ანა ბაჯისა და ყარაჩოხელ, ქამრიან სონაზე.

ძველ თბილისში „ქამრიანი სონა“ ერთადერთი ყარაჩოხელი ქალი იყო. მისი გვარი არ არის ცნობილი და მასზე მცირე რამ ვიცით. იოსებ გრიშაშვილის მიხედვით, „ქამრიან სონას“ თბილისში დიდი სახელი და ყველაზე კარგი არღანი ჰქონია. ვიღაც შურიანს მისთვის არღანი მოუპარავს და მტკვარში გადაუგდია. სასოწარკვეთილ სონას თბილისი დაუტოვებია და ფოთში გაუხსნია დუქანი.

სონას შესახებ არაერთი ქალაქური ლეგენდა არსებობს: სონა მოხდენილი ყოფილა, მაგრამ, მის მიხრა-მოხრას ცოტაოდენი კაცური თავდაჯერებულობა და ყარაჩოხლული ამპარტავნობა დაჰკრავდა. ბოხი ხმა ჰქონია, თუმცა, როგორც კი არღანზე დაკვრას დაიწყებდა, ხმა უნაზდებოდა.
სონას ყარაჩოხელის ქამარი შიშის ზარს სცემდა კაცებს. ყარაჩოხელთა კოდექსის პარალელურად, სონას საკუთარი კოდექსი ჰქონია, რომელსაც ყველა ყარაჩოხელი პატივს სცემდა.
ამბობენ, რომ სონას ახალგაზრდობაში ერთი ვაჟკაცი ყარაჩოხელი ჰყვარებია, რომელიც მძიმე სენის გამო უდროოდ გარდაცვლილა. სონას გარდაცვლილი სატრფოს ქამარი შემოურტყამს წელზე და გამოუცხადებია, ამიერიდან ჩემი ქალობა მოკვდა, ამ ქამრისა და შავი კაბის ქვეშ ვმარხავო. საყვარელი ადამიანის გარდაცვალების შემდეგ შეერთებია ყარაჩოხელთა ამქარს.
მისი ფოტო იოსებ გრიშაშვილის არქივშია შემონახული.

ანა ბაჯი სახელგანთქმული, ერეკლე II-ის თანამედროვე ქალი იყო. ის გამოირჩეოდა განსაკუთრებული ფიზიკური ძალით. ეხერხებოდა ცხენზე ჯდომა, ხმლის ხმარება,  ჭიდაობა და ამარცხებდა სახელოვან ფალავნებს. ანა ბაჯის სახელი ქართველ ხალხს ძველი თბილისის აშუღმა, პოეტმა საიათნოვამ შემოუნახა, რომელმაც ერეკლე მეფის დაკვეთით დაუწერია ლექსი.

ხალხის გადმოცემით, ანა უნდა დაბადებულიყო XVIII საუკუნის მეორე ნახევარში, ქალაქ თბილისში, სიონის უბანში, ქართველი ღარიბი ხელოსნის ოჯახში. ანამ სახელი გაითქვა გულადობითა და განსაკუთრებული ფიზიკური ძალით. ბავშვობა თბილისში გაატარა, 16 წლისა ცოლად გაჰყვა მუხათელ კაცს და მუხათშივე დასახლებულა. ანას და მისი ქმრის გვარი ცნობილი არ არის. ახალგაზრდა ქალს ოჯახში 7 რძალი დახვდა და მათთან ერთად მუყაით შრომას შეუდგა, რითაც უფროსების დიდი პატივისცემა დაიმსახურა. ჰყავდა სამი შვილი, – ორი ვაჟი და ერთი ქალი. „ბაჯი“ შერქმეული სახელია და „დას“ ნიშნავს. ამ ქალის შთამომავლები მისმიმართ პატივისცემის გამო  დღესაც ბაჯიაშვილებად იწოდებიან.

საიათნოვას ლექსიდან ჩანს, რომ პატარა კახი ანას პირადად იცნობდა, განსაკუთრებით აფასებდა და პატივს სცემდა. ისიც ცნობილია, რომ მეფეს სამშობლოს წინაშე თავდადებისათვის ანასთვის წარწერიანი ხმალი უჩუქებია. ძველი თბილისის აშუღს, იეთიმ გურჯს დაწერილი აქვს საკმაოდ ვრცელი პოემა „გმირი ქალი ანა ბაჯი“, რომელშიც მოთხრობილია ანას მამაცური თავგადასავალი. როგორც იოსებ გრიშაშვილი წერს, თათრებმა გულადობისათვის ქალს ძმობა აღუთქვეს და ანა ბაჯი დაარქვეს.

აღსანიშნავია, რომ მუხათში ერთ დილით რძლები კამეჩებს წველიდნენ, როდესაც უცებ მოვარდა ბუღა და პირუტყვს დაერია. ქალები წივილ-კივილით აქეთ-იქით გაიფანტნენ, ხოლო იქვე მდგომმა ანამ ბუღას ფეხებში ხელი დაავლო და შორს მოისროლა. ანა გათხოვებიდან ორი წლის თავზე სტუმრად იყო წყნეთში. საღამო ხანს მეზობელი ქალები და გოგონები ტყეში შინდის საკრეფად წავიდნენ და თან ანაც წაიყვანეს. იქ გადაჰყრიან ცნობილ წყნეთელ მონადირეს, თევდორეს, რომელმაც მათ თვალწინ დათვი დაჭრა. დათვი ქალებს გამოენთო, იმათ წივილ-კივილი ატეხეს. ანა არ დაიბნა, ნადირს წინ დახვდა და შეებრძოლა, ფეხებში ხელი დაავლო და მიწაზე დააგდო. თევდორეს ხმალი ამოაცალა და მხეცს ჩასცა. დათვის მოკვლის ამბავი მთელ სოფელს მოედო. ახალგაზრდა ქალს ყველა ულოცავდა სახელოვან გამარჯვებას.

ერთხელ ანა წასულა დღეობაში. ნახა, რო დამთვრალა ერთი სომეხი, რომელსაც მღვდელი გაუგდია და სახარება წაურთმევია. ანამ რომ დაინახა, არავის უშვებდა საყდარში, ისე აკრა სილა, რომ: „სამ საჟენზე გააგორა, როგორც სამი წლისა ბოშვი“.

ერთხელ ანა ბაჯი მეუღლისა და მამამთილის თანხლებით წავიდა კვირაცხოვლობის დღეობაზე, სადაც მამაკაცებმა ჭიდაობა გამართეს. თელეთელმა გიორგიმ წააქცია მუხათელი სიმონა. ამის შემდეგ მუხათიდან საჭიდაოდ აღარავინ გავიდა და მუხათი დამარცხებულად გამოაცხადეს. ანამ თავი დამცირებულად იგრძნო.

ქმრისა და მამამთილის დაუკითხავად საჭიდაოდ წრეში შევიდა და რამდენიმე კაცი ზედიზედ წააქცია. თბილისელმა მოჭიდავემ, გეო ტერტერაშვილმა გაიგო ანას ასეთი ძლევამოსილება და გიორგობა დღეს, დალი-ხაჩინში (ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტი) საჭიდაოდ გამოიწვია. ანა საჭიდაოდ მამამთილისა და მაზლის თანხლებით წავიდა. ბორჩალოელმა ყაჩაღმა, ბაირამმა 8 ამხანაგით მდინარე ხრამთან დაიწყო მგზავრების ძარცვა. მძარცველებმა ანას მამამთილი მოუკლეს, ხოლო მაზლი მკლავში დაჭრეს. ბაირამს ანა მოეწონა და საკოცნელად გაიწია. ანამ ყაჩაღს ხანჯალი ამოაცალა და თავი მოკვეთა, შემდეგ კი დანარჩენებიც დახოცა. ანამ მაზლს ხელი შეუხვია, ხოლო მკვდარი მამამთილი ცხენზე დასვა და მაზლს მუხათში გაატანა, თვითონ კი ბაირამის იარაღი აიღო, შეჯდა მისსავე ცხენზე და ბოლნისისკენ დაიძრა.

შემოდგომის სუსხიან დღეს ბოლნისის სიონის ეზოში შეკრებილი ხალხი მოუთმენლად ელოდებოდა ანას მოსვლას. ანამ იარაღი და ცხენი რომელიღაც მაყურებელს ჩააბარა, შევიდა საჭიდაოდ წრეში და მოწინააღმდეგე გეო ტერტერაშვილი გამოითხოვა. მოჭიდავეები ერთმანეთს დაეტაკნენ. ანამ ძლიერი მეტოქე ზურგზე წამოიკიდა და ძირს ისე დაახეთქა, რომ დაცემულს ცხვირ-პირიდან სისხლი წასკდა, ხოლო სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა. მუხათში დაბრუნებულ ანას გარდაცვლილი მამამთილი დიდი პატივით დაუსაფლევებია.

თურმე რძლის ასეთი საქმეებით შეშფოთებულ დედამთილს შვილისთვის ანაზე საყვედური უთქვამს, რის გამოც ქმარს ქალი უცემია. ანას მორჩილად აუტანია ცემა.

მარბიელ ლეკებშიც დიდი „ავტორიტეტი“ ჰქონია და მისი წყალობით მუხათელი და ვაშლოვნელი მოსახლეობა მოსვენებული ყოფილა. ამბობენ, მუხათში ანას მისვლის შემდეგ იქაურმა გლეხებმა გუთნის შორს გატანა გაბედესო. ერთხელ ანა ქორწილში ყოფილა წასული. ლეკებს უსარგებლიათ მისი არყოფნით და ერთი გლეხის ახლაგაზრდა ქალი გაუტაციათ. გამწარებული მეზობლები ანას ქორწილში მისდგომიან. ანა მტერს მარაბდის ბოლოს დასწევია, გაუჟუჟავს და ქალი მშობლებისთვის დაუბრუნებია.

ბაჯიც მაშინ შეურქმევიათ – თურმე, დამარცხებული ლეკები ევედრებოდნენ, – ბაჯი (დაო), ნუ დაგვხოცავ, შეგვიბრალეო.

არსებობს გადმოცემა, რომ ანას ოჯახში ჰყავდა სტუმრები, ერთ-ერთმა მას საჭმელში საწამლავი ჩაუყარა, რის გამოც ანა შეუძლოდ გახდა, ხოლო მეორე დღეს გარდაიცვალა. თბილისიდან და ახლომახლო მდებარე სოფლებიდან ბევრი პატივისმცემელი ჩავიდა გმირი ქალის ცხედრის გამოსამშვიდობებლად. გარდაცვალების მეოთხე დღეს, დაკრძალეს მუხათის ტაძრის ეზოში.

 

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: