ბავშვი მხოლოდ უზნეობის გამო არ ჯიუტობს

ბავშვის ფსიქიკური სიჯანსაღე ძალიან დიდ როლს თამაშობს მის შემდგომ განვითარებაზე. სად არის ოქროს შუალედი, რომ მან თავი არც უსუსურად იგრძნოს და არც ზედმეტად განებივრდეს, თემაზე ფსიქოლოგი რამაზ საყვარელიძე “აზროვნების აკადემიაში” საუბრობს, საიდანაც ნაწყვეტს გთავაზობთ: “ჩინურ-ინდური კულტურიდან ასეთი ფორმულაა: 6 წლამდე ბავშვს უნდა მოექცე, როგორც მეფეს, 6-იდან 11-მდე, როგორც მოსამსახურეს, 11-ის მერე, როგორც მეგობარს. ზუსტადაა გაწერილი. 5 წლამდე ბავშვში “მე” ყალიბდება. პირველი სიჯიუტის ხანაა. მშობელს ხშირად ჰგონია, რომ სიჯიუტის მიზეზი უზნეობაა და რეპრესიას უკეთებს. მაგრამ ბავშვი უზნეობის გამო არ ჯიუტობს. მან აღმოაჩინა, რომ მშობლები იტყვიან “მე მინდა” და ის სრულდება. უჩნდება განცდა, რომ “მე” რაღაცაა. სინჯავს, თავად როცა იტყვის “მე მინდა” ან “მე არ მინდა” შეუსრულდება თუ არა. ფაქტობრივად, “მე”, რასაც მერე პიროვნებას ვეძახით, 5 წლამდე ასაკში ყალიბდება. თუ 5-6 წლამდე “მეს” რეპრესირებას მოახდენ, მერე მთელი ცხოვრება მას განცდა აქვს, რომ უსუსურია. თუ უსუსურია სტრესი უნდა ჰქონდეს. თუ სტრესი არ ექნება, ჰიტლერის მაგვარ ფენომენს მიიღებ, სულ ეცდება ამ უსუსურობის კომპენსირებას და იმის შიში ექნება, რომ ისევ უსუსური არ გახდეს. ძალადობასა და აგრესიაზე ექნება აქცენტი. მრავალი ტიპის დეფორმაციას იწვევს “მეს” დასუსტება. რაც მთავარია, ამ პერიოდში როგორც “მოიხარშება”, ისე რჩება. თითქმის აღარ იცვლება. ხესავითაა, გაზრდის მიუხედავად, მთავარი ღერძი ხომ მაინც რჩება. უცვლელ “მეს” ლოგიკური შტოები მოჰყვება. მე თუ მეფე ვარ, მაშინ ეს ყველაფერი წვრილმანია და ყურადღება არ უნდა მივაქციო. როდესაც პატარა ბავშვის აზრს არ ვითვალისწინებთ, ცუდად რომ გვითხრას რამე, ყურადღებას არ ვაქცევთ, მნიშვნელობას არ ვანიჭებთ იმიტომ, რომ ის ღირებული აზრი არაა. დაახლოებით ასეთი განცდა უჩნება ადამიანს სხვების მიმართ, როდესაც თვითონ მეფეა. რაც მთავარია, გასაჭირი ამას არ ცვლის იმიტომ, რომ მეფე შეიძლება ციხეში ჩასვა, მაგრამ საკუთარ თავს კვლავ მეფედ გრძნობდეს. როგორ იგრძნობს თავის თავს, ამაზეა აწყობილი მისი გარემოსთან ურთიერთობა. ძალიან ხშირად იმაზე გვაქვს აქცენტი, თუ რას ვფიქრობთ ჩვენს თავზე. ხოლო, როგორ ვგრძნობ თავს, ეს მომენტი ხშირად გვრჩება ყურადღების მიღმა. მთავარია, როგორ იგრძნობ. ტვინი გრძნობაზე იძლევა რეაქციას. მე შეიძლება ვფიქრობდე, რომ ღია კარი სახიფათოა იმიტომ, რომ ლომი შემოვარდება. მაგრამ, თუ ლომი დავინახე, სხვა რეაქცია მექნება, ვიდრე მხოლოდ აკვიატებული იდეა იმისა, რომ შეიძლება ლომი შემოვარდეს. იდეაზე სხვა რეაქცია მაქვს, გაცილებით სუსტი, შეგრძნებაზე უკვე ვიძლევი რექაციას, როგორც რეალობაზე. ასე, რომ თუ ჩემს თავს მეფედ ვგრძნობ, მერე უკვე ეს რეალობაა და ამაზე, როგორც რეალობაზე, აგებს ჩემი ტვინი გარემოსთან ურთიერთობას. ყველაზე ხშირად კითხულობენ, ხომ არ გათამამდება ბავშვი ასე. ამისთვისაა ის მეორე პერიოდი, 6-დან 11 წლამდე. მაშინ უნდა ათხრევინო, ახნევინო, დაალაგებინო, ყველაფერი უნდა გააკეთებინო. ხალისით ასრულებს. ეს ის პერიოდია, როდესაც ბაღში მიდის და იძახის, სამსახურში მივდივარო. რატომ? – იმიტომ, რომ შენ გბაძავს. შენ თუ შრომობ, თავადაც ეხალისება შრომა. რამდენადაც არ უნდა აშრომო, კმაყოფილია იმიტომ, რომ შენნაირია. ბავშვისთვის ერთი ეტაპიდან მეორე ეტაპზე გადასვლა რამდენად მტკივნეული იქნება, ჩვენზეა დამოკიდებული. თუ მაშინ, როდესაც, წესით, მკაცრი უნდა ვიყოთ, გავანებივრებთ, მერე უკვე ძალიან მტკივნეული იქნება თანატოლებთან ურთიერთობა. სულ კონფლიქტი ექნება. იმიტომ, რომ წინააღმდეგობას შეუჩვეველი იქნება. თუ სულ მეფედ გვეყოლა, განწირულია კონფლიქტური ცხოვრებისთვის. თუ თავიდანვე თავში ჩავარტყით, მაშინაც განწირული გვყავს იმისთვის, რომ საკუთარი თავით უკმაყოფილო იყოს. ამიტომ, ჩვენ უნდა შევიცვალოთ. პრობლემა ბავშვის ცვლილებაში არ არის. პრობლემა, ჩვენს ცვლილებაშია. ჩვენ ვერ ვიცვლებით. როგორც შევეჩვევით ბავშვთან ურთიერთობას, ისე ვაგრძელებთ იქამდე, სანამ რაიმე უბედურება არ მოხდება.”

წყარო: მშობლები.ჯი

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share