თავადების ოჯახში დაბადებულ გოგონას, ალბათ, ძალიან ბედნიერი და ლაღი ბავშვობა ჰქონდა, ყველა თავს ევლებოდა და მის ნებას აღასრულებდა… ვინ იცის, რამდენი ეტრფოდა და ოცნებოდა მასზე… იქნებ, თავადაც სწორედ ის უყვარდა, ვინც მას ეტრფოდან ან… შეიძლება ფარულად უყვარდა და ვერ უმჟღავნებდა, ან, სულაც, უპასუხო იყო გულში დამარხული მისი სიყვარული… იმ ერთი ფოტოს დაკვირვებაც კი ათას რამეს წარმოგადგენინებს და საუკუნეს შემოგატარებს… ოღონდ ეს მოგზაურობა ძალიან სევდიანი იქნება, რადგან არსთა გამრიგემ მას დიდი მისია დააკისრა – იგი გმირი უნდა გამხდარიყო… 24 წლის ასაკში და ამით უკვდავებაც მოეპოვებინა.
გოგონას ანა ერქვა, მაგრამ ფოტოსთან ამ სახელს ფრჩხილებში მეორე სახელიც უწერია, ალბათ. ახლობლები ასეც უწოდებდნენ – ანეტა!
ანა-ანეტა ანდრონიკაშვილი 1891 წელს დაბადებულა სოლომონ ანდრონიკაშვილისა და ნადეჟდა ერისთავის ოჯახში. და, სავარაუდოდ, ცხოვრების გზაც თავად აირჩია ან, ვინ იცის, იქნებ, აურჩიეს კიდეც… როდესაც დედამიწაზე იმ პერიოდისთვის კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტი, “ყველა ომის დასრულების ომის” სახელით ცნობილი ომი დაიწყო, ომი, რომელსაც 9 მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ეს მოხდა 1914 წელს და ომის დაწყებისთანავე, მომავალი გმირი გოგონა – ანეტა ანდრონიკაშვილი მოწყალების დების კურსებზე შევიდა და წმინდა ნინოს ლაზარეთში დაიწყო მუშაობა. ალბათ დაამთავრა კიდეც ის კურსები და მას შემდეგ, როგორც ამბობენ, საკუთარი სურვილით, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე გახდა – მან მცურავ ჰოსპიტალში – გემ “პორტუგალზე” მოწყალების დად დაიწყო მუშაობა.
ანეტა და მერაბ ანდრონიკაშვილები ფოტო: ანეტა და მერაბ ანდრონიკაშვილები
ტრაგედია კი ორი წლის შემდეგ მოხდა და ჩვენი ქვეყნის პრესის არქივში იმ ლამაზი მედდის დაღუპვის ცნობაც არსებობს, უფრო ზუსტად, მისი სულის მოსახსენებელი საეკლესიო პანაშვიდის შესახებაა მოთხრობილი… ანა-ანეტა ანდრონიკაშვილის ხანმოკლე ცხოვრების ამბავში შეიძლება რაღაც დეტალები დაუზუსტებელია, რაღაც გამონაგონიცაა, მაგრამ შეიძლება – სრულ სიმართლესაც ჰყვებიან, რადგან ფაქტია, მისმა სახელმა ჩვენამდეც მოაღწია და ამაზე სწორედ ანეტას ნათესავებმა და მეგობრებმა იზრუნეს.
ანეტას ახლობელი იხსენებდა, თურმე, მასთან განშორების წუთებს: “ვგრძნობდი, რომ მემშვიდობებოდა, ვუცქერდი ესოდენ ნატიფს და ვურჩევდი, ყველაფერი კიდევ აეწონ-დაეწონა, მოეფიქრებინა, არ აჩქარებულიყო, მან კი გადამწყვეტი ჟესტით, უსიტყვოდ მაჩვენა, რომ ყველაფერი დიდი ხნის ნაფიქრი აქვს და არაფერს და არავის შეუძლია, შეუშალოს ხელი მისი ნების ასრულებას”.
იმ საბედისწერო დღეს კი, 1916 წლის 30 მარტს (ძველი სტილით – 17 მარტს) “პორტუგალს” ბუქსირით მიჰყავდა რამდენიმე ბრტყელძირიანი ნავი, რადგან სანაპიროდან დაჭრილები უნდა აეყვანა ხომალდზე. იმ მომენტისთვის გემზე მხოლოდ ექიმები, მედდები და გემის მომსახურე პერსონალი იმყოფებოდა. ცხადია, მედდებს შორის გახლად ქართველი გოგონაც – 24 წლის ანეტა ანდრონიკაშვილიც. ქალაქ რიზესთან, შავი ზღვის თურქეთის სანაპიროსთან, ხომალდი შეჩერდა, რადგან პატარა ნავი იძირებოდა და მასზე მყოფებს ნავის შეკეთებაში დაეხმარნენ. გემმა შენიშნა, რომ მას წყალქვეშა ნავიდან სათვალთვალო ოპტიკური ხელსაწყო – პერისკოპი მიუახლოვდა, თუმცა, წესით, იგი სახიფათო არ უნდა ყოფილიყო, რადგან “პორტუგალი” მცურავი ჰოსპიტალი იყო და მას ჰააგის კონვენცია იცავდა. სწორედ ამიტომ არ მიიღო გემის ეკიპაჟმა არავითარი თავდაცვითი ზომა, გერმანულმა წყალქვეშა ნავმა კი მისკენ გაუფრთხილებლად გაუშვა ტორპედო, რომელიც ხომალდს ასცდა. გარკვეული ხნის შემდეგ წყალქვეშა ნავი, რომელსაც კაპიტან-ლეიტენანტი კონრად განსერი მეთაურობდა, კვლავ დაბრუნდა და ისევ გაუშვა ტორპედო, რომელიც ამჯერად გემ-ჰოსპიტალს სამანქანო განყოფილების მახლობლად მოხვდა და იგი შუაზე გახლიჩა. გემი ჩაიძირა. ანეტას უკანასკნელ წუთებს ასე აღწერს თვითმხილველი: “ტალღებმა რამდენჯერმე გადაუარეს გემს, ყველანი სასოწარკვეთილნი დარბოდნენ, ეს დიდი ხომალდი ფსკერისკენ წავიდა”. ანეტამ თავისი მაშველი რგოლი უცნობ ბავშვიან ქალს მისცა, თითქოს ქარიშხალი ამოვარდნილიყო…” მამაცი ქართველი გოგონა – ანეტა ანდრონიკაშვილი უკანასკნელად შემაღლებულზე, გემის ანძასთან დაუნახავთ, თურმე, ორივე ხელით მოუხსნია მოწყალების დის თავსაბურავი და ცისკენ აუხედავს… სველი ქარი უწეწავდა მშვენიერ თმებსო… ანეტას სხეული დიდხანს ვერ უპოვიათ და მხოლოდ 20 დღის შემდეგ გამოურიყავს ზღვას სამშობლოსგან შორს, სანაპიროზე. მისი სხეული ბერძენ ბერებს უპოვიათ, წესიც აუგიათ და დაუკრძალავთ. fb 1916 წელს ქართული გაზეთი “სახალხო ფურცელი” იუწყებოდა: “დღეს, 27 მარტს, ქაშვეთის ეკლესიაში გადახდილი იქნება პანაშვიდი გემ “პორტუგალზე” დაღუპულ ანეტა ანდრონიკაშვილის სულის მოსახსენიებლად, რასაც გულითადი მწუხარებით იუწყებიან ნათესავები და ნაცნობები, ბებია, დედა, ძმები განსვენებულისა. ნათესავები ამბობენ, რომ უიღბლო სიყვარულის გამო წავიდა ომში მშვენიერი და სევდიანი ანეტა. ომის დროს თბილისის მოწყალების დების კურსები დაამთავრა დაწმინდა ნინოს ლაზარეთში დაიწყო მსახური. მერე ფრონტის წინა ხაზზე გაემგზავრა, ნახევარი წელი ჭოროხის რაზმში, უმძიმეს პირობებში მუშაობდა და წერდნენ, უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ბოლოს რუსულ-ფრანგულ გემზე “პორტუგალზე ავიდა. მისი ძმები კი ოსმალეთის ფრონტზე იბრძოდნენ. ვინ, სად და რისთვის იბრძოდა, ეს კი არ არის მთავარი, როგორც რევაზ გაბაშვილი წერს, მთავარი მათი სულისკვეთებაა: თუნდაც ცუდად გაგებული სამშობლოს იდეისთვის თავგანწირვა”.
ასე დასრულდა ანა (ანეტა) ანდრონიკაშვილის ხანმოკლე სიცოცხლისა და სიყვარულის ისტორია, რომელმაც 24 წლის გოგონას სახელს უკვდავება მოუტანა.
წყარო, კვირის პალიტრა