მე ვარ ანანო მჟავანაძე, 26 წლის, გურიიდან, ოზურგეთიდან.
პარადოქსულია, მაგრამ ღრმა ბავშვობაში მიღებული შთაბეჭდილებები და შექმნილი პროექციები განგსაზღვრავენ მერე, დიდობაში. ემოციური ადამიანი ვარ და ბავშვობიდანვე განსაკუთრებულად განვიცდიდი უსამართლობას, უბრალო ბავშვურ თამაშებშიც კი. ბაღში არ დავდიოდი, ჩემი მშობლები სულ სამსახურში იყვნენ და სახლში მარტო მე და ბებო ვიყავით, მამაჩემის დედა. მახსოვს ჩვენი დიალოგები, რომელიც არასდროს ყოფილა უბრალო ჭორაობა, ყოველთვის ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა. მათემატიკის მასწავლებელი იყო და მასწავლიდა ჭადრაკის თამაშს, მათემატიკურ აზროვნებას… მეუბნებოდა, რა მნიშვნელოვანი იყო, განათლება მიმეღო – ეს რომ განსაზღვრავდა ჩემს მომავალს. გარდა ამისა, ვხედავდი, თვითონ როგორი იყო და ამან დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე, ვცდილობდი, კარგად მესწავლა. სამწუხაროდ, ამას ვერ მოესწრო, მე-2 კლასში ვიყავი, რომ გარდაიცვალა. თუმცა ეგ გზა დამანახა და ვცდილობდი, ამ გზით მევლო.
არაფორმალური განათლების ცენტრებში დავდიოდი და ვცდილობდი, გამომეყენებინა ის შესაძლებლობები, რაც მაშინ ოზურგეთში იყო. იქ გველაპარაკებოდნენ ადამიანის უფლებებზე, ლიბერალურ ღირებულებებზე; გვიხსნიდნენ, რა იყო გენდერული თანასწორობა, რა პრობლემები ჰქონდათ შშმ პირებს და სხვა უმცირესობებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ჩემს განვითარებაში და ხან ვფიქრობ, ეს შესაძლებლობა რომ არ მქონოდა და ოზურგეთის უბრალო საჯარო სკოლის მოსწავლე ვყოფილიყავი, არ მექნებოდა ის ღირებულებები, რაც ახლა მაქვს, და ძალიან აშკარაა, რომ ადამიანები, რომლებიც დღემდე დარჩნენ ჩემ გვერდით, როგორც მეგობრები, ყველა მაგ სივრციდან მომყვება. პატარ-პატარა ქუჩის აქტივობები გვქონდა ოზურგეთში. მაგალითად, 8 მარტს დავდიოდით ქუჩაში, ვაჩერებდით ადამიანებს და ვუყვებოდით ამ დღის ისტორიაზე, იმაზე, რომ ეს პეპლების და ბუშტების დღე კი არა, ქალთა უფლებების დაცვისა და თანასწორობის დღე იყო; ზებრა გადასასვლელები სადაც უნდა ყოფილიყო და არ იყო, პულვერიზატორით ვაწერდით ასფალტზე – ,,ზებრა’’…
კარგად მახსოვს ის პროცესები, რაც ქვეყანაში ხდებოდა და პირველი ამბავი, რაზეც ძალიან გავბრაზდი და ბევრი კითხვა დავსვი, 2013 წლის 17 მაისი იყო, როდესაც ადამიანები ,,ტაბურეტკებით’’ ძალადობრივად დაარბიეს. მახსოვს, რამხელა ზიზღი დავინახე მაშინ საზოგადოებაში. არაფორმალური განათლების ცენტრში რომ მივედი, მერე უკვე იქ განვიხილეთ ეს ამბავი და საერთოდ სხვა დამოკიდებულება დავინახე, მივხვდი, რომ ვიღაცები არასწორად იჩაგრებიან ამ ქვეყანაში. ეს იყო ჩემი, როგორც მოქალაქის, პირველი პროტესტი. მაშინ 14 წლის ვიყავი.
დიდ პროტესტში მონაწილეობა პირველად ,,ბასიანის’’ აქციების დროს მივიღე, უკვე სტუდენტი ვიყავი და თბილისში ვცხოვრობდი. მაშინ უკვე მქონდა ჩემი აზრი ნარკოპოლიტიკაზე, ვიცოდი, რომ ნარკომანია და ნარკოტიკების შავი ბაზარი პრობლემაა, მაგრამ პროტესტი გამიჩნდა ბრძოლის იმ ფორმატზე, რაც მაშინ ვნახეთ: შევარდნა, დარბევა, ყველას დატერორება… იმ ძალადობრივ პერფორმანსზე.
პროტესტი გამიჩნდა იმ შიშსა და ტერორზე, რასაც ჯერ კიდევ მაშინ თესავდნენ.
ამის შემდეგ იყო ,,გავრილოვის ღამე’’, 5 ივლისი… მაგრამ ჩემს თავს აქტივისტად არ ვთვლი, მე უბრალოდ უსამართლობის წინააღმდეგ ვდგავარ. მე და ჩემი მეგობარი ვამბობთ ხოლმე, ჩვენ ისეთი ადამიანები აღმოვჩნდით, ვინც დღეს პროტესტში ვართ, სულ განწირულები ვართ იმისთვის, რომ ოპოზიციაში ვიყოთ. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება მთავრობაში, თუ რაღაცას გააფუჭებს და ცუდად მოიქცევა, იმასაც გამოვუცხადებთ პროტესტს.
დღეს იმ ისტორიულ კურსს, რომელიც საქართველოს ჰქონდა, ვგულისხმობ, ჩვენს სწრაფვას ევროპისკენ და დასავლეთისკენ, ცვლიან. ჩვენი მდებარეობიდან გამომდინარე, ყოველთვის მტრულ გარემოში ვიყავით მოქცეულები, საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეზობლები იმპერიები იყვნენ და თავი ბრძოლით, თავისუფლებისკენ და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვით გადავირჩინეთ. დღეს ეს ყველაფერი ირღვევა და ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც კარგი აღარაფერი ხდება: ფეხქვეშ გათელილია ადამიანის უფლებები, ღარიბ ადამიანებს არ აქვთ შანსი, რომ გამდიდრდნენ, არ ფასდება განათლება, სახელმწიფოს ფეხებზე ჰკიდია სოციალური პრობლემების მქონე ხალხი, პროპაგანდით წამლავენ ადამიანებს…
როგორც რუსეთში მუშაობს პროპაგანდის მანქანა, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, ძალიან ჰგავს ეს მოდელი იმას. საერთოდ სხვანაირად შეკერილი ინფორმაცია აქვთ ადამიანებს, განსაკუთრებით სოფლებში, და ამისთვის იყენებენ ძალიან კარგ ინსტრუმენტს, ტელევიზიას. ეს ფეიქ ნიუსები საერთოდ სხვანაირად აჩვენებს რეალობას. ორუელის 1984 მახსენდება სულ – ოკეანეა, სახელმწიფო, რომელიც ყოველთვის ბრძოლაშია, სულ ვიღაცას ებრძვის, ფრონტის ხაზიდან მოდის ამბები, ჩვენმა ბიჭებმა მოიგესო და სინამდვილეში ეს ომი არ არსებობს. თუ ამ წიგნს წაიკითხავ, გაგეცინება, გაგახსენდება ყველაფერი, რასაც ჩვენი მთავრობა იყენებს ჩვენი დატერორებისთვის – ომი იქნება, ხალხო, მადლობა თქვით იმისთვის, რაც გაქვთ.
ეს არის ტერორის ინსტრუმენტი ავტორიტარულ რეჟიმებში.
წიგნიც ამაზეა დაწერილი, რომ ვიღაც ყოველთვის ომით გაშინებს და ბედნიერი უნდა იყო იმით, რაც გაქვს; ამ დროს კი ყველაფერი ძალიან ცუდად გაქვს: გისმენენ, გითვალთვალებენ, ყველანაირი სტანდარტი დარღვეულია, ცხოვრების ხარისხი დაბალია, არ გიშვებენ სხვა ქვეყნებში, პროტესტი რომ არ გაგიჩნდეს და თვალსაწიერი არ გაიფართოო, თან, მადლიერი უნდა იყო ამის გამო.
პროპაგანდისტულ ტელევიზიებს უყურებენ ადამიანები, რომლებიც ვერ ფილტრავენ ფეიქ და რეალურ ნიუსს. ,,პურისა და სანახაობის’’ ანტიკურ მეთოდს იყენებენ, აჩვენებენ ტვინის გამოსარეცხ გადაცემებს, ,,ვინ ვინ არის’’ და მსგავს აბსურდებს, გადის იაფფასიანი სერიალები – ხალხს ეკრანებს ასე აჯაჭვავენ. მე მომისმენია ბებოებისგან, ბებო, რატომ გადავრთო სხვა არხზე, ყველგან უბედურება ხდება და აქ ანრი ჯოხაძე მღერის და ცეკვავსო. იმას ურჩევნია, ანრი ჯოხაძეს უყუროს, წკაპ, და ,,ცეკვავენ ვარსკვლავების’’ მერე ,,ქრონიკის’’ მიმოხილვა რომ დაიწყება, ეგეც შემოგეყურება და იმ ინფორმაციასაც იჯერებ. და მათთვის, ჩვენ, ადამიანები, რომლებიც რეალურად იმისთვის ვიბრძვით, რომ ამ ქვეყანაში ყველას ჰქონდეს მომავალი და, ზოგადად, ამ ქვეყანას ჰქონდეს მომავალი, გამოვდივართ ბოროტები, ცუდები, გარყვნილები და დაფინანსებულები.
ყოველდღე ახალი სიგიჟე ხდება, გრძელდება ადამიანების ტერორი, რეპრესიები, დაჭერა… ამ ყველაფრის ატანა ძალიან რთულია. ხანდახან მაქვს სისუსტის მომენტები, მაგრამ სანამდეც უსამართლობა გაგრძელდება, მანამდე გაგრძელდება პროტესტიც ჩემში. იმედი მაქვს, რომ ბრძოლას აზრი აქვს და არც დავუშვებ, რომ ნიჰილიზმში ვიყო.
ხანდახან ამბობენ, რომ ცოტანი ვართ. მე ძალიან მიყვარს ,,ვარსკვლავური ომები.’’იქ სამყაროში იმპერიული წყობილებაა, მაგრამ არსებობს მეამბოხეთა დაჯგუფება – პატარა ,,რებელები,’’ რომლებიც ბევრად უფრო ცოტანი არიან, ბევრად უფრო ცოტა რესურსი აქვთ იმპერიასთან შედარებით, მაგრამ ამბოხებულები მაინც იბრძვიან და საკუთარ თავს აჩვენებენ. საბოლოოდ, ისე გაძლიერდებიან, რომ რესპუბლიკას შექმნიან. მგონია, რომ ჩვენც ასე ვართ; ახლა მეც ,,Star Wars’’-ის რებელი ვარ და მაინც უნდა გამოვჩნდე. იქაც უმეტესობას დაკარგული აქვს იმედი, რომ რაღაც შეიცვლება, მაგრამ სხვებს რომ უყურებენ, ბრძოლის ნაპერწკალი უჩნდებათ. შეიძლება, რუსთაველზე დგომა ბრძოლის ეფექტური მეთოდი აღარ არის, მაგრამ ჩემთვის ის დატვირთვა აქვს, რომ ეს ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, ვიღაცას არ მოსწონს და ამას ჯერ კიდევ ხმამაღლა იძახის.
ჩვენი ხმა ჯერ კიდევ ისმის და არ მინდა, ეს ხმა გაჩუმდეს. მინდა, რომ რებელებად დავრჩეთ.
სულ ვფიქრობ ამაზე, რა განაპირობებს ამ ქვეყნისადმი ჩემს სიყვარულს. ქვეყანა ხომ მართლა სალი კლდეები დაა ტყეები არაა, რაც, კაცმა რომ თქვას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მაგრამ ქვეყანას ადამიანები ქმნიან და ამ ადამიანების ცხოვრება მადარდებს. ჩემთვის მაინც ცალკეული ადამიანი, როგორც ღირებულება, უფრო მაღლა დგას. ვიცნობ ჭკვიან და პატივსაცემ ხალხს, რომლებიც საკუთარ თავს არცერთ ერს არ მიაკუთვნებენ, მაგრამ მე ასე არ ვარ და ჩემთვის ეროვნულობაც ბევრ რამეს განაპირობებს. ბანალურად ჟღერს, მაგრამ ბევრს ვფიქრობ, რას ნიშნავს ეს და რატომ მიჩქროლდება გული, როცა ილია ჭავჭავაძის ,,ბედნიერ ერს’’ ვკითხულობ; რატომ არის ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი საქართველოს ისტორია, ქართულ ლიტერატურაში ჩაბეჭდილი ღირებულებები…
ალბათ, უბრალო კაცთმოყვარეობაა მიზეზი, რაც ბრძოლის ძალას მაძლევს. მე მართლა მინდა, რომ ქართველ ბებოებსა და ბაბუებს ღირსეული სიბერე ჰქონდეთ. ამას რომ ვამბობ, ქართველი ბებიები მახსენდებიან, რომლებსაც საკუთარი ცხოვრება არასდროს ჰქონიათ და იმ პენსიასაც შვილიშვილებს აძლევენ… მინდა, რომ ეგ ბებოები კარგად იყვნენ. მინდა, რომ ახალგაზრდებს, რომლებიც სწავლობენ და რაღაცას აკეთებენ, ეს რაღაც გამოუვიდეთ და ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ რეალიზდნენ; ღირსეული ანაზღაურება გვქონდეს, რომლითაც ღირსეულ ცხოვრებას შევძლებთ; მინდა, უმცირესობების უფლებები იყოს დაცული; გვქონდეს ცხოვრების ისეთი სტანდარტები, როგორიც ჩვენგან ძალიან ახლოს არსებობს ევროპის რომელიმე ქვეყანაში…. იქ როგორი ღირსეული ცხოვრებაც აქვთ ადამიანებს, ეგეთი ცხოვრება მინდა მეც ჩემი ხალხისთვის.
———————————————————————
სამოქალაქო მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის” – მოამზადა ნინო ურუშაძემ








