„გურიის ჩაის გზის პროექტი“, რეგიონის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერას ითვალისწინებს. გურიაში, ჩაის კულტურასთან დაკავშირებული ტრადიციების აღდგენა და ტურისტებისთვის გამოცდილების შეთავაზების შესაბამისი ფორმების ძიება-განვითარება, ასევე, გურული ჩაის ხარისხის სტანდარტიზაცია, გასაღების ბაზრების მოძიება, შეთავაზებების მომზადება და ბრენდინგისა და შეფუთვების შექმნა, იქნება ის საქმიანობა, რომლითაც უნდა დაკავდეს „ასოციაცია ჩაის გზა“, ეს კი შესაძლებელი გახდება USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროექტის და კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის, CCEH – ის (რომელიც ბახვი 1 ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განმახორციელებელია) დახმარებით.
„ასოციაცია ჩაის გზის“ პრეზენტაციას, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მელექედურში, ლანა ჟღენტის მამულში გაიმართა, ასოციაციის დამფუძნებელი ალეკო მამეშვილი, დონორი ორგანიზაციების, კომპანია CCEH-ისა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მენეჯმენტი და ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმოადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრა ღია ფორმატში ჩატარდა, მხარეებმა იმსჯელეს პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე, ასევე, განიხილეს განხორციელების ეტაპები, დონორი ორგანიზაციების ჩართულობის ხარისხი და დასახეს უახლოესი მომავლის გეგმები.
პრეზენტაციის მონაწილე მხარეების ინტერვიუები, იხილეთ, ჩვენს ვიდეო რელიზში.